in

დიზაინი, როგორც ცხოვრების თანამგზავრი – ინტერვიუ ლადო ბერიძესთან

პროდუქტის დიზაინი ის სფეროა, სადაც იდეები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ილექება და შეუმჩნევლად იქცევა გამოცდილებად. დიზაინი ჩვენს ცხოვრებაში იმდენად ორგანულად არის ჩართული, რომ ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ, როგორ განსაზღვრავს ის ჩვენს სივრცესთან ურთიერთობას. ყველაზე უბრალო ნივთებიც კი ქმნის ინდივიდუალურ რიტუალებს — ეს შეიძლება იყოს “ამოჩემებული” ყავის ჭიქა ყოველ დილით ან კითხვისთვის შერჩეული ერთიდაიგივე ადგილი სახლში. სწორედ ამ დაუნახავ, მაგრამ მნიშვნელოვან პროცესში ყალიბდება მეხსიერებისა და გამოცდილების ქსელი, რომლის ფორმირებაშიც დიზაინერს გადამწყვეტი როლი აქვს.

ლადო ბერიძე, არქიტექტორი და დიზაინერი, სწორედ ამ პროცესს ხედავს როგორც უწყვეტ, თითქმის გაუცნობიერებელ გზას, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ბავშვობიდან იწყება და დროთა განმავლობაში ყალიბდება დაკვირვების, შეგრძნებებისა და გარემოსთან მუდმივი დიალოგის შედეგად. მისთვის დიზაინი არ არის მხოლოდ ვიზუალური შედეგი – ეს არის ემოციების, მეხსიერებისა და იდეების თანხვედრა, სადაც თითოეული დეტალი საკუთარ ისტორიას ჰყვება.

ინტერვიუში იგი გვიამბობს დიზაინთან პირველ შეხებაზე, იმ განცდებსა და გავლენებზე, რომლებმაც მისი პროფესიული გზა განსაზღვრა, და გვიზიარებს საკუთარ ხედვას შთაგონების, მასალისა და ფორმის მნიშვნელობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ის საკუთარ ხელწერას ჯერ კიდევ ხანგრძლივ პროცესად მიიჩნევს, მისი ხედვა მკაფიოა: დიზაინი უნდა სცდებოდეს ფუნქციურობას და ის უნდა იქცეს გამოცდილებად, რომელიც ადამიანთან რჩება.

ლადო ბერიძე მისი დიზაინით შექმნილ სანათებთან სახელწოდებით “ბიჭი და გოგო”

ლადო, გვიამბეთ როდის და როგორ დაინტერესდით დიზაინით?

მე აღვნიშნავდი, რომ ეს პროცესი ჩვენს ცხოვრებაში გაუთვითცნობიერებლად იწყება. დიზაინს დაბადების პირველი დღიდანვე ვეზიარებით. იმ პერიოდში, ჩვენი ტვინის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ამას ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ პირველმა საწოვარამ, რომელიც ჩემთვის პირველი დიზაინ ობიექტი იყო, გარკვეულწილად იმოქმედა ჩემს მეხსიერებაზე და ასევე, ყოველი შემდგომი ნივთი უფრო მეტ ინფორმაციულ ველს ქმნიდა ჩემში იმ მომავლისთვის, რომელშიც გაცილებით ტექნოლოგიური და ესთეტიური დიზაინ ობიექტების შექმნისთვის ვიქნებოდი მზად. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ჩვენს მომავალ პროფესიას და მოქმედების სფეროს, დიზაინის გათვითცნობიერება ყველასთვის ბავშვობიდან იწყება.

მაგიდა “მოზაიკსი”

როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა – იყო თუ არა კონკრეტული ეტაპი ან პროექტი, რომელმაც განსაზღვრა თქვენი მიმართულება დიზაინში?

მე მახსოვს მხოლოდ სურვილის ძლიერი განცდა, რომელიც რაღაცის შექმნას უკავშირდებოდა. მე მახსოვს ადრეულ ასაკში მშობლების მიერ გაზიარებული სახვითი ხელოვნების შედევრებისა და კლასიკური მუსიკის გათავისებისგან მიღებული ძლიერი იმპულსები. მე მახსოვს ჩემი ბავშვური, გამძაფრებული ცნობისმოყვარეობა და ზედმიწევნით ყველაფერზე დაკვირვების სურვილი. ამ ყველაფერმა ერთად განსაზღვრა ალბათ ის, რაშიც მე დღეს ვმოღვაწეობ.

როგორ დაახასიათებდით საკუთარ ხელწერას? რით გამოირჩევა თქვენი დიზაინის სტილი?

უნდა ვაღიარო, რომ მე ჯერ არ მაქვს გამოკვეთილი ხელწერა – ეს დიდი ფუფუნებაა და ამისთვის კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ ჩემ მიერ შექმნილი დიზაინ ობიექტი, გარკვეულწილად, ცნობადი გახდეს.

რაც შეეხება სტილს, ვცდილობ, რომ ჩემ მიერ შექმნილი ნივთები ქმნიდეს მოულოდნელობის ეფექტს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ნივთებით გაჯერებულ სამყაროში, მე მჯერა, რომ შემწევს იმის უნარი, ჩემმა ნივთებმა გამოიწვიონ ღიმილი და სხვანაირად ყოფნის სურვილი ადამიანებში.

საათი “თქვენი დრო”

რა არის თქვენი შთაგონების წყარო დიზაინის შექმნის პროცესში?

შთაგონების წყაროა ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემო ხდება და არსებობს. ყოველი ურთიერთობა, ყოველი მოქმედება და ყოველი სიახლე, რომელიც ჩვენში ტრანსფორმირდება აზრებად და ფიქრებად, შემდეგ კი ისინი შემოქმედებითი პროცესების საშუალებით გენერირდებიან იდეად.

რა როლი აქვს თქვენს დიზაინში ისეთ დეტალებს, როგორიც არის, მაგალითად, მასალა ან  ფერი?

ეს მათი როლი არ არის, ისინი არიან დიზაინის მთავარი “რეჟისორები” და “სცენარისტები”, ისინი ქმნიან ჩვენში ემოციისა და ხანგრძლივი ხსოვნის დიდ ნაწილს.

ფორმა, მასალა, ფერი – ეს დიზაინის მთავარი ტრიუმვირატია.

დაბალი მაგიდა “გაფრენა”
დაბალი მაგიდა “ზიგზაგი”

როგორ პოულობთ ბალანსს ვიზუალურ გამომსახველობასა და ფუნქციურ საჭიროებებს შორის?

ესთეტიკას პლიუს რაციონალურობა – ამ ორი ცნების მიღმა უამრავი პროცესია, რომელიც პროდუქტის დიზაინზე საბოლოო ფორმირებას ახდენს. ანუ იდეიდან სამრეწველო პროცესამდე და შემდეგ რეალიზებამდე გასავლელი გზა მუდმივ ბალანსირებაში გამყოფებთ თქვენს სურვილებსა და რეალობას შორის.

ვისაუბროთ თქვენს ნამუშევრებზე. რომელ პროექტს ან ობიექტს გამოარჩევდით და რატომ?

არც ერთი ნივთი ან დიზაინ ობიექტი არ კეთდება ჩემ მიერ უბრალოდ “გაკეთებისთვის”. თითოეული მათგანი ბევრი ფიქრის, კვლევისა და სხვადასხვა გადაწყვეტილებებიდან ერთი საუკეთესო გადაწყვეტილების მიღების შედეგია. ამიტომ ყველა გამორჩეულია, რადგან თითოეული უკავშირდება იმ ემოციებს, რომლებიც მათი შექმნით იყო გამოწვეული.

სკამი “ფიჭა”
სკამი “შვიდი”

დიზაინი ხშირად რეაგირებს პრობლემებზე – შეგიძლიათ გაიხსენოთ კონკრეტული შემთხვევა, როდესაც პროექტის ფარგლებში სრულიად გადააფასეთ საწყისი იდეა და როგორ იმოქმედა ამ პროცესმა საბოლოო შედეგზე?

როგორი პრობლემის წინაშეც არ უნდა აღმოვჩნდეთ, საბოლოო მიზანი, რომელიც პროდუქტის ან ობიექტის რეალიზებას უკავშირდება, არ იცვლება. ამიტომ ამ მიზნისკენ იდეის ან მოქმედების გადაფასება ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ გადაფასების პროცესი შედეგზე დიდად არ მოქმედებს, თუნდაც იდეის შეცვლის წინაშე ვიდგეთ. როგორც აღვნიშნე, მთავარი პრიორიტეტი იმ მიზნის მიღწევაა, რომელიც ჩანაფიქრის განხორციელებაში მდგომარეობს.

თქვენი გამოცდილებით, პროდუქტის დიზაინის განვითარების რა პერსპექტივებს ხედავთ საქართველოში?

ეს პერსპექტივა ჯერ ბუნდოვანიც კი არ არის. დღევანდელი გადმოსახედიდან ის საერთოდ არ არსებობს. ამ პერსპექტივის განსავითარებლად არც ერთი საწარმო არ არის მზად და არც ერთ მათგანს არ გასჩენია იმის სურვილიც კი, რომ ლოკალური ბაზრისთვის, პროდუქტ დიზაინერთან ერთობლივ თანამშრომლობაში შეექმნა საინტერესო ნივთი ან ნივთები.

მაგრამ მე მაქვს იმედი, რომ აუცილებლად გამოჩნდება ამ სფეროში მოქმედი ისეთი მეწარმე, რომლისთვისაც მსგავსი თანამშრომლობა პრიორიტეტული გახდება და ის არ შემოიფარგლება მხოლოდ ლოკალური ბაზრით, არამედ ის გლობალური გახდება.

მაგიდა “სანიშნე”

წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც არ გაქვთ შეზღუდვები — არც ბიუჯეტი, არც ტექნოლოგიური ბარიერები — როგორი პროდუქტის შექმნას ისურვებდით ამ შემთხვევაში და რას იტყოდა ეს პროექტი თქვენი, როგორც დიზაინერის, ხედვაზე?

მე რეალისტი ვარ. მე ვიცი, რას ნიშნავს საწარმო პროცესი; ვიცი, რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეული ფაბრიკის ფილოსოფიას და როგორი დილემის წინაშე შეიძლება დადგე ტექნიკური საკითხების გადაწყვეტის დროს. ამიტომ მსგავსი მდგომარეობა – „რომელშიც რასაც მინდა იმას გავაკეთებდი“ – ჩემთვის უტოპიურია.

„ჯეოსთილმა” საქართველოში არმატურის გაყიდვების რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

“ლურჯი ყუთი” – ინტერიერი ერთი არქიტექტურული ჟესტის გარშემო