in

არქიტექტურა, როგორც ფერმწერის ტილო – ინტერვიუ ბექა დვალთან

არქიტექტურა ხშირად იკვეთება სხვა ხელოვნების დარგებთან, თუმცა იშვიათად ხდება ეს კავშირი იმდენად ორგანული, რომ ერთ შემოქმედებით პროცესად აღიქმებოდეს. სივრცის ფორმირება, სინათლისა და მასალის გამოყენება, კომპოზიცია – ეს ელემენტები ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც არქიტექტურაში, ისე ფერწერაში. სწორედ ამ გადაკვეთის წერტილში ჩნდება ექსპერიმენტის შესაძლებლობა, სადაც იდეა არ არის შეზღუდული ერთი მედიუმის წესებით და თავისუფლად ვითარდება სხვადასხვა ფორმაში – ფურცლიდან სივრცემდე, ჩანახატიდან რეალურ მოცულობამდე.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ გარდაიქმნება მხატვრული აზროვნება არქიტექტურულ ხედვად – რა გავლენას ახდენს თავისუფალი, ინტუიციური პროცესი უფრო სტრუქტურირებულ და ფუნქციურად განსაზღვრულ სფეროზე. დღევანდელ ინტერვიუში Architectonics-ის დამფუძნებელი, არქიტექტორი და ფერმწერი ბექა დვალი, სწორედ ამ ორ სამყაროს შორის ბალანსზე გვესაუბრება. მისთვის არქიტექტურა და ფერწერა ერთმანეთის პარალელური, თუმცა ურთიერთდამოკიდებული პრაქტიკებია, სადაც ექსპერიმენტი არა მხოლოდ დასაშვები, არამედ აუცილებელიცაა, განსაკუთრებით იდეის საწყის ეტაპზე. ბექა დვალი მიიჩნევს, რომ არქიტექტურა მხოლოდ ფუნქციური სივრცის შექმნა არ არის  ის შემოქმედებითი პროცესია, რომელიც ხშირად ქანდაკებასთან ან ნახატთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე ტექნიკურ ამოცანასთან. სხვა ხელოვნების დარგებთან მუდმივი კავშირი კი ამ პროცესს დამატებით სიღრმეს სძენს – ავითარებს ფორმის განცდას, ამძაფრებს სივრცის აღქმას და აძლიერებს არქიტექტურის უნარს, არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ ემოციური შთაბეჭდილება მოახდინოს ადამიანზე.

ბექა, გვიამბეთ როგორ გაჩნდა თქვენი ინტერესი არქიტექტურის მიმართ და რა იყო გარდამტეხი მომენტი, რომელმაც დაგარწმუნათ, რომ ეს პროფესია თქვენთვისაა?

ბავშვობიდანვე განვითარებული მქონდა წარმოსახვის უნარი, რომელსაც ძირითადად, ხატვაში ვიყენებდი, სანამ არქიტექტურის იდეა საერთოდ შემოვიდოდა ჩემს ცხოვრებაში. დროთა განმავლობაში გავაანალიზე, რომ არქიტექტორების ოჯახში ვიყავი დაბადებული და ამან ჩემზე დიდი გავლენა იქონია.

როდესაც წამოვიზარდე, მივხვდი, რომ ეს წარმოსახვის უნარი ერთ მიმართულებაზე არ იყო მორგებული – შემეძლო მისი გამოყენება სხვადასხვა სფეროში. თუ ამ უნარს არქიტექტურას მივმართავდი, შენობების სივრცეში წარმოდგენაც მნიშვნელოვნად მიმარტივდებოდა. ასევე მივხვდი, რომ ხატვა და არქიტექტურა ერთმანეთს ხელს არ უშლიდა, პირიქით – ავსებდნენ ერთმანეთს, რამაც კიდევ უფრო გაამარტივა ყველაფერი.

როდესაც დრო მოვიდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ არქიტექტურაზე უნდა ჩამებარებინა. ჩაბარების შემდეგ მალევე დავრწმუნდი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ის განსხვავებაც სწრაფად შევამჩნიე, რომ მაშინ, როცა სხვებს რაიმე ფორმის მოფიქრებაში რამდენიმე დღე სჭირდებოდათ, მე ამას რამდენიმე წუთში ვაკეთებდი. ამ გამოცდილებამ გარკვეული წარმოდგენა შემიქმნა იმის შესახებ, თუ როგორი იქნებოდა ჩემი და არქიტექტურის ურთიერთობა.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი

მოგვიყევით თქვენი კარიერის შესახებ – რით დაიწყო თქვენი შემოქმედებითი გზა და როგორ განსაზღვრა თქვენმა გამოცდილებამ დღევანდელი ხედვა და ხელწერა?

უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე უკვე გეგმაში მქონდა, რომ კომპანია დამეარსებინა. თავიდანვე მქონდა ხედვა, თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მომავალი, თუმცა ყველაფერი ისე ვერ წავიდა, როგორც ჩავიფიქრე. ჩემს ცხოვრებაში დადგა რთული პერიოდი, რომელიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. ამ პერიოდში პროფესიული კუთხით ჩემი ძმა მეხმარებოდა, რომელმაც ჩემზე წლებით ადრე დააარსა კომპანია – „Georgianhouse“ და გარკვეული დროის განმავლობაში მასთან ერთად ვმუშობდი.

გარკვეული დროის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ჩანაფიქრის განხორციელების დრო იყო და გადავწყვიტე საკუთარი კომპანიის დაარსება. 2016 წელს ჩემს პარტნიორებთან ერთად დავაარსე კომპანია „Architectonics“.

კომპანიის ხედვაზე დიდ გავლენას ახდენს ის ფაქტი, რომ ჩვენ, დამფუძნებლები, დაკავშირებულები ვართ სხვადასხვა ხელოვნების დარგებთან, როგორიცაა მინანქარი, ფერწერა და ქანდაკება – ეს ხშირად აისახება ჩვენს არქიტექტურულ ხედვაში.

ის შემოქმედებითი რესურსი, რაც გაქვს არქიტექტორს, რომ რეალურ სიტუაციაში წარმოაჩინო, ხშირად ბევრ დეტალზეა დამოკიდებული. ჩვენს ქვეყანაში არქიტექტურის მიმართ დამოკიდებულება ჯერ კიდევ არ არის სათანადო დონეზე, თუმცა, ერთი შეხედვით, საქმე უკეთესობისკენ მიდის. ხშირად იმ დონეზე ვართ, რომ მშენებელი უფრო მეტად ფასდება, ვიდრე არქიტექტორი და თუ ჩავუღრმავდებით ამ მოცემულობას, ეს ბევრის მანიშნებელია.

კულინარიული კოლეჯი “იკაროსი”

როგორ თანაარსებობს ფერმწერისა და არქიტექტორის იდენტობა თქვენს შემოქმედებაში? რა ურთიერთგავლენა ან კავშირი არსებობს ამ ორ სფეროს შორის?

ჩემს ცხოვრებას ბევრად უფრო საინტერესოს ხდის ეს ორი იდენტობა, რომლებიც საბოლოო ჯამში, ერთმანეთს ავსებს. ფაქტობრივად, გარკვეულ სიტუაციებში ორი ადამიანის ცხოვრებას ვცხოვრობ, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ორივე სფეროში ვიღებ საინტერესო გამოცდილებას.

რეალურად, ჩემი გამოჩენა სამხატვრო სივრცეში შედარებით მოგვიანებით მოხდა. პირველი სოლო გამოფენა 2024 წელს გავაკეთე. ეს იმით იყო განპირობებული, რომ მთელი რესურსი კომპანიას მიჰქონდა და პირველი რამდენიმე წელი საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარეთ, სანამ კომპანია “ფეხზე დადგებოდა”.

კომპანიის აღმშენებლობის პროცესში მივხვდი, რომ უკვე ვუახლოვდებოდი იმ მომენტს, როდესაც ჩემს სათქმელს სამხატვრო სივრცეშიც ვიტყოდი.

გაგვიზიარეთ, რა შეუცვლელი პრინციპების საფუძველზე ყალიბდება თქვენ მიერ შესრულებული პროექტების კონცეფცია?

იდეა ყოველთვის ფურცელზე იბადება. ვმუშაობთ თავისუფლად და ვცდილობთ, არ შევზღუდოთ და არ შევაფერხოთ ის იდეები, რომლებიც გონებაში მოდის. ამის შემდეგ ხდება შენობის პროგრამულად მორგება იმ გარემოზე, რომელიც მოცემულია და შემდეგ უკვე იწყება შენობის, ფაქტობრივად, „ძერწვა“ იმ სისრულემდე, რომლითაც კმაყოფილები ვიქნებით.

ყოველთვის ვცდილობთ, რომ შენობა ვიზუალურად მისაღები იყოს ყველა მხრიდან, როგორც ზედხედში, ისე 360 გრადუსით. შენობას ხშირად ვუყურებთ, როგორც ქანდაკებას.

”ალდაგის” სათაო ოფისი

რომელია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც ღირებული გაკვეთილი გასწავლათ?

ჩემი აზრით, ყველა პროექტს თავისი ადგილი აქვს როგორც ვიზუალურად, ისე შინაარსით. პროცესში ყოველთვის  სწავლობ ახალს. არქიტექტორი ექიმიც უნდა იყოს, სპორტსმენიც, პედაგოგიც და სხვა ბევრი პროფესიის წარმომადგენელიც, რადგან პროექტირებისას აუცილებლად გიწევს იმ მიმართულებაზე ფიქრი და შესწავლა, რა ფუნქციაც შენობას აქვს.

თუ ბოლომდე არ გააანალიზებ, რა საჭიროებები აქვთ სხვადასხვა დარგის ადამიანებს კონკრეტულ შემთხვევაში, პროექტი წარუმატებელი გამოვა, რადგან შენობა გამართულად ვერ იფუნქციონირებს.

რამდენად მნიშვნელოვანია ექსპერიმენტი თქვენს შემოქმედებით პროცესში და როგორ განსხვავდება მისი როლი არქიტექტურასა და ფერწერაში?

ექსპერიმენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ის არქიტექტურული იდეები, რომლებიც ადამიანს უჩნდება, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გადმოიტანოს რეალობაში, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, მათი განხორციელება ვერ მოხერხდეს. ასობით ჩანახატი მაქვს შექმნილი სწორედ ამ მიზნით, რომ ეს იდეები მხოლოდ ფიქრებში არ დაიკარგოს.

არქიტექტურა ხელოვნებაა… როგორც ნახატი იქმნება ტილოზე, ზუსტად იგივე უფლება აქვს არქიტექტურას და ხშირად უფრო მეტიც. ფურცელზე ექსპერიმენტების ჩატარება გაძლევს საშუალებას, რომ შენი გონება არ დაიხშოს და როდესაც რეალური პროექტირების დრო დგება, ბევრად მეტი შემოქმედებითი რესურსი გქონდეს.

ფერწერის მიმართულებით განსაკუთრებით თამამი უნდა იყო, მუდმივად უნდა ექსპერიმენტირებდე. რეალურად, სრული თავისუფლება გაქვს, ხატვას არ აქვს „წითელი ხაზები“. ამიტომ არ უნდა მისცე სხვა ადამიანების შეფასებებს საშუალება, რომ შენს გონებაში წარმოსახვითი „წითელი ხაზები“ გააჩინონ.

თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ არქიტექტორი იყოს კარგი ვიზუალური მთხრობელიც? და თქვენ როგორ ახერხებთ სივრცის მეშვეობით ამბის გადმოცემას?

არქიტექტორისთვის ეს დეტალი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ პროექტირებისას არქიტექტორს ეძლევა თავისუფლება, პროცესი მაქსიმალურად შემოქმედებითი ხდება, ხდება სივრცეების, განათებისა და მასალების გამოყენება და მანიპულაცია.

ეს, საბოლოოდ, დიდ გავლენას ახდენს როგორც მნახველზე, ისე ზოგადად, გარემოზე. ასეთ შემთხვევაში შენობა აღარ აღიქმება მხოლოდ ფუნქციონალის მატარებელ მასად, არამედ უკვე ხელოვნების ნიმუშად, სადაც შეგიძლია საკმაოდ სიღრმისეული ემოციების მიღება.

თქვენ ახსენეთ, რომ არქიტექტურისგან განსხვავებით, რომელიც უამრავ შეზღუდვას ექვემდებარება, ფერწერა მეტ თავისუფლებასთან ასოცირდება. როგორ ახერხებთ ორი რადიკალურად განსხვავებული ტიპის შემოქმედებით პროცესებს შორის ბალანსს?

როგორც აღვნიშნე, ეს ორი სფერო ერთმანეთის შემავსებელია ჩემთვის, რადგან ვფიქრობ, რომ შემოქმედების წყარო ადამიანში ერთია, უბრალოდ ჩვენ ამ უნარს ვაძლევთ მიმართულებას. ჩემს შემთხვევაში კი ეს არის ხატვა და არქიტექტურა.

ის თავისუფლება, რაც მხატვრობას აქვს, აუცილებლად აისახება არქიტექტურაზეც. თუმცა, ჯამში, არქიტექტურა არის სფერო, სადაც უამრავი შეზღუდვა არსებობს. ამის მიუხედავად, გარკვეულწილად, მაინც ვახერხებ, რომ ამ შეზღუდვების მიღმაც ვიმუშავო. თუნდაც ის პროექტები, რომლებიც იდეის სახით მომდის და სავარაუდოდ, არ რეალიზდება, მაინც განვახორციელო ფურცელზე ან პროგრამულად.

მჯერა, რომ შემოქმედება, პირველ რიგში, ჩვენთვის არის და შემდეგ სამყაროსთვის. სწორედ ამ დროს იბადება ავთენტური ხელოვნება, რადგან როგორც კი შემოქმედების პროცესი სხვებისთვის კეთდება, იქ უკვე ჩნდება დამატებითი ფიქრები და აზრები, რომლებიც “შენი” აღარ არის, და ეს აუცილებლად აისახება შენს ნაშრომზე.

არქიტექტურა ყოველთვის ასახავს ეპოქასა და საზოგადოების ღირებულებებს. თქვენი აზრით, რას უნდა გვიამბობდეს დღეს თანამედროვე არქიტექტურა?

დღეს თანამედროვე არქიტექტურის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, უფრო კომერციულ ინტერესებს ემსახურება. ხშირად არქიტექტურაში ინვესტიციას აკეთებს ადამიანი, ვისთვისაც ის ხელოვნებად არ აღიქმება, რაც საბოლოო შედეგზეც აისახება. პროექტები ხშირ შემთხვევაში მაქსიმალური ეკონომიკური სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული, რის შედეგადაც სივრცეები კარგავს ინდივიდუალობასა და სიღრმეს.

ამასთან, ხშირად გვავიწყდება, რომ ქალაქები, რომლებიც გვხიბლავს, პირველ რიგში, სწორედ მათი არქიტექტურის გამო გვამახსოვრდება. პირველი ემოცია, რომელსაც ადგილი გვაძლევს, ხშირად სწორედ არქიტექტურით არის გამოწვეული. დღეს კი თითქოს ტენდენცია იქით მიდის, რომ არქიტექტურამ „არ ილაპარაკოს“, რაც ჩემთვის საკმაოდ სამწუხაროა.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერს არ ეხება, თუმცა საერთო სურათში ეს ტენდენცია აშკარად იგრძნობა, ყოველ შემთხვევაში, ჩემი ხედვით.

ვფიქრობ, არქიტექტურა, როგორც ხელოვნების ყველა დარგი, უნდა აღძრავდეს ადამიანში ემოციებს და აძლევდეს მას შთაგონებას.

ბუნებრივი ქვა, როგორც ინტერიერის მთავარი აქცენტი – 3 გამორჩეული პროექტი თბილისიდან