in ,

პრიცკერის არქიტექტურული პრემია 2026: არქიტექტურის უმაღლესი ჯილდო Smiljan Radić Clarke-ს გადაეცა

არქიტექტურის სამყაროში არსებობს რამდენიმე აღიარება, რომელსაც პროფესიული წრეები განსაკუთრებული მოლოდინით ელიან, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟული სწორედ Pritzker Architecture Prize-ია — ჯილდო, რომელსაც ხშირად „არქიტექტურის ნობელსაც“ უწოდებენ. პრემია 1979 წელს დაარსდა და ყოველწლიურად გადაეცემა ცოცხალ არქიტექტორს, რომლის საქმიანობამ თანამედროვე არქიტექტურის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. პრიცკერის პრიზის მფლობელებს შორის არიან ისეთი ფიგურები, როგორებიც არიან Tadao Ando, Zaha Hadid, Peter Zumthor, David Chipperfield და Alejandro Aravena. სწორედ ამიტომ, პრემიის ყოველწლიური გამარჯვებული არა მხოლოდ ინდივიდუალური წარმატების, არამედ იმ არქიტექტურული ტენდენციების გამოხატულებაც ხდება, რომლებიც კონკრეტულ ეპოქას განსაზღვრავს.

2026 წელს პრიცკერის პრემიის ლაურეატი ჩილელი არქიტექტორი Smiljan Radić Clarke გახდა — ფიგურა, რომელსაც საერთაშორისო არქიტექტურული საზოგადოება უკვე წლებია განსაკუთრებული ინტერესით აკვირდება. ჟიურის შეფასებით, Radić-ის არქიტექტურა გამოირჩევა მატერიალურ ექსპერიმენტებზე, კულტურულ მეხსიერებასა და სივრცის ემოციურ აღქმაზე დაფუძნებული მიდგომით. პრიცკერის კომიტეტის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მისი შენობები „არ ცდილობს ხმამაღალი ჟესტების გაკეთებას“, არამედ ქმნის მშვიდ, ინტიმურ და ადამიანურ სივრცეებს, რომლებიც თანამედროვე სამყაროს ქაოსთან განსაკუთრებული სიფაქიზით ურთიერთობს.

Smiljan Radić Clarke 1965 წელს სანტიაგოში დაიბადა იმიგრანტების ოჯახში. მამით ხორვატი, დედით კი ბრიტანელი არქიტექტორი კულტურულად მრავალშრიანი გარემოს გავლენით გაიზარდა. სწორედ ამ გამოცდილებამ ჩამოაყალიბა მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება იდენტობის მიმართ. არქიტექტორი ხშირად აღნიშნავს, რომ ბავშვობიდან არ ჰქონია ერთი კონკრეტული ქვეყნის, ტრადიციის ან კულტურისადმი მკაფიო კუთვნილების განცდა. ამის ნაცვლად, მან ისწავლა, რომ ადამიანის იდენტობა მხოლოდ მემკვიდრეობით მიღებული მოცემულობა არ არის — ზოგჯერ საკუთარი „ფესვები“ თავად უნდა შექმნა. სწორედ ეს მდგომარეობა იქცა მისთვის თავისუფლების წყაროდ: შესაძლებლობად, არ ყოფილიყო შეზღუდული ერთი კულტურული ჩარჩოთი და საკუთარი არქიტექტურული ენა ინტუიციით, მოგონებებითა და პირადი გამოცდილებებით აეგო.

Sometimes, you have to produce your own roots. That gives you freedom, – Smiljan Radić Clarke

არქიტექტურა ჩილეს კათოლიკურ უნივერსიტეტში შეისწავლა, მოგვიანებით კი ვენეციაში არქიტექტურის ისტორიას დაეუფლა. საკუთარი სტუდია 1995 წელს დააარსა და მას შემდეგ მისი პრაქტიკა ერთგვარ დამოუკიდებელ, რთულად კატეგორიზებად არქიტექტურულ ენად ჩამოყალიბდა. Radić-ის პროექტები ხშირად ბალანსირებს არქიტექტურას, ქანდაკებასა და ინსტალაციას შორის — თითქოს თითოეული ნამუშევარი ერთდროულად როგორც შენობა, ასევე არტ-ობიექტია.

მისი არქიტექტურული ფილოსოფიის მთავარი საფუძველი ბუნებასთან, ლანდშაფტთან და მასალასთან დიალოგია. Radić-ი ხშირად იყენებს უხეშ, დაუმუშავებელ მასალებს — ქვას, ბეტონს, ხეს, მეტალს — თუმცა საბოლოო შედეგი ყოველთვის პოეტურ და თითქმის სიურრეალისტურ სივრცედ გარდაიქმნება. მისი ნამუშევრები ხშირად ჰგავს დროებით სტრუქტურებს ან უძველესი ცივილიზაციების ნანგრევებს, რომლებიც თითქოს ბუნებრივ გარემოში შემთხვევით აღმოჩნდა. სწორედ ეს „მყიფე არქიტექტურა“ გახდა Radić-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი.

Smiljan Radić Clarke-ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პროექტად 2014 წელს ლონდონში შექმნილი Serpentine Gallery Pavilion ითვლება. ნახევრად გამჭვირვალე, ოვალურ ფორმაზე დაფუძნებული პავილიონი უზარმაზარ ქვებზე იყო შემდგარი და ერთდროულად პრეისტორიულ სტრუქტურასაც ჰგავდა და მომავლის არქიტექტურულ ობიექტსაც. სწორედ ამ პროექტმა აქცია Radić-ი ფართო საერთაშორისო აუდიტორიისთვის ცნობილ ფიგურად.

მის სხვა მნიშვნელოვან ნამუშევრებს შორისაა Teatro Regional del Biobío — კულტურული ცენტრი ჩილეში, რომელიც მონუმენტურობისა და სიმსუბუქის საინტერესო ბალანსს ქმნის; ასევე VIK Winery — ღვინის საწარმო, სადაც არქიტექტურა ორგანულად ერწყმის ბუნებრივ ლანდშაფტს.

Teatro Regional del Biobío
VIK Winery

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მის მიერ შექმნილი საცხოვრებელი სახლებიც, მათ შორის “House for the Poem of the Right Angle”, სადაც სივრცე უფრო არქიტექტურულ ნარატივად იქცევა, ვიდრე უბრალოდ საცხოვრებელ გარემოდ.

“House for the Poem of the Right Angle”

Radić-ის არქიტექტურაში ხშირად იგრძნობა ლიტერატურის, მითოლოგიისა და ხელოვნების გავლენა. სწორედ ამიტომ, მისი შენობები მხოლოდ ფუნქციური ობიექტები არ არის — ისინი ქმნის განწყობას, ემოციას და ხშირად, თითქოს, გაურკვევლობასაც, რაც დამთვალიერებელს ინტერპრეტაციის საშუალებას უტოვებს. თანამედროვე არქიტექტურის იმ ფონზე, სადაც ტექნოლოგია და ვიზუალური ეფექტი ხშირად დომინირებს, Smiljan Radić Clarke-ის გამარჯვება შეიძლება აღვიქვათ როგორც უფრო მშვიდი, ადამიანური და ინტუიციური არქიტექტურის აღიარება.

არქიტექტურა, როგორც ფერმწერის ტილო – ინტერვიუ ბექა დვალთან

Naterial — გარე ავეჯის ყველაზე დიდი შოურუმი საქართველოში