in

Material Editors-ისა და თეონა კოხოძის პროექტი – Staged Mechanics-ი FRAME Awards-ის დაჯილდოებაზე საპატიო აღნიშვნით დასახელდა

Material Editors-ისა და თეონა კოხოძის პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა — პროექტი FRAME Awards-ის 2026 წლის ივლისის დაჯილდოებაზე საპატიო აღნიშვნით (Honourable Mention) დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ კონკურსზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნამუშევარი იყო წარდგენილი. გამარჯვებული და საპატიო აღნიშვნის მქონე პროექტები 20-კაციანმა საერთაშორისო ჟიურიმ შეარჩია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილ მრავალ ნამუშევარს შორის Staged Mechanics-ი გამოირჩეოდა და 8.13 ქულა მიიღო.

Staged Mechanics-ი თბილისში მდებარე, 255 კვადრატული მეტრის ფართობის ავტოსერვისის ტრანსფორმაციის პროექტია. Material Editors-მა და თეონა კოხოძემ არსებული სივრცე მრავალფუნქციურ შოურუმად გარდაქმნეს, სადაც ავტომობილის ტექნიკური მომსახურების პროცესი ინტერიერის განუყოფელ ნაწილად არის ქცეული.

“ეს პროექტი ერთი მარტივი კითხვით დაიწყო: რატომ უნდა იყოს ავტოსერვისი მხოლოდ ფუნქციური სივრცე?

წლების განმავლობაში ავტოინდუსტრია ტექნიკურ პროცესებსა და საოპერაციო სიზუსტეზე იყო ორიენტირებული. ამ გარემოში მომხმარებლის გამოცდილება, ბრენდის ხასიათი და სივრცის ემოციური გავლენა ხშირად ყურადღების მიღმა რჩებოდა. პროექტზე მუშაობისას მთავარ გამოწვევად სწორედ ეს კითხვა იქცა. 

საინტერესო იყო იმაზე ფიქრი, როგორ შეიცვლებოდა ადამიანის დამოკიდებულება, თუ დიზაინს ისეთივე მნიშვნელობას მივანიჭებდით, როგორსაც ტექნიკურ სიზუსტეს. მსურდა შემექმნა სივრცე, რომელსაც საკუთარი რიტმი, ხასიათი და დასამახსოვრებელი გამოცდილება ექნებოდა. 

ასე შეიქმნა Reimagine the Ride – პროექტი, რომელმაც საავტომობილო სივრცის ტრადიციული აღქმა სრულიად ახალი პერსპექტივით დაგვანახა.  

პროექტის კონცეფცია მუზეუმებისა და გალერეების პრინციპებიდან დაიბადა. შემოქმედებით პროცესში ყურადღება მასალებზე, სინათლეზე, მოძრაობის ლოგიკასა და იმ დეტალებზე გავამახვილეთ, რომლებიც სივრცეში ადამიანის გამოცდილებას აყალიბებს.

ამავე იდეამ განსაზღვრა დიზაინის ელემენტებიც. გვინდოდა, ტექნიკური ინფრასტრუქტურა სივრცის ბუნებრივ ნაწილად გვექცია. ამიტომ, მთავარი ადგილი იმ ფუნქციურ ელემენტებს დავუთმეთ, რომლებიც საავტომობილო გარემოს ყოველდღიურობას შეადგენს – ინდუსტრიული დეტალები, სამუშაო  მოწყობილობები, უსასრულო სარკეები და საბურავების “კოშკი” – ამ სივრცის მთავარი ‘’ექსპონატებია’’, – თეონა კოხოძე, თეგეტა ჰოლდინგის კრეატიული დირექტორი

პროექტის კონცეფცია ავტომობილების მოვლასა და ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული ელემენტების თანამედროვე ინტერპრეტაციას ემყარება. საბურავები, ტექნიკური აქსესუარები, განათება და ინდუსტრიული მასალები აქ არა მხოლოდ პრაქტიკულ ფუნქციას ასრულებს, არამედ ექსპოზიციის ნაწილადაც გვევლინება. ამ მიდგომის შედეგად შეიქმნა მრავალფუნქციური გარემო, რომელიც შოურუმის, საგამოფენო დარბაზისა და ავტოსერვისის ფუნქციებს ერთ სივრცეში აერთიანებს.

“როდესაც დამკვეთმა მოგვმართა იდეით, რომ მათი ვულკანიზაციის სივრცე მრავალფუნქციურ შოურუმად გარდაქმნილიყო, ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა გარემო, რომელიც შეინარჩუნებდა თავის ფუნქციას, თუმცა მომხმარებლისთვის სრულიად ახალ გამოცდილებას შექმნიდა.

კონცეფციაზე მუშაობისას ვეძებდით ბალანსს ინდუსტრიულ ესთეტიკასა და თანამედროვე საგამოფენო სივრცის ენას შორის. არ გვინდოდა შეგვექმნა სტანდარტული ავტოსერვისი, თუმცა არც ისეთი ინტერიერი, რომელიც მთლიანად მოწყდებოდა სივრცის რეალურ დანიშნულებას.

გვინდოდა, თითოეული ნივთი ექსპოზიციის ნაწილად ქცეულიყო, ამიტომ ავტოქიმია, ხელსაწყოები, აქსესუარები და მერჩენდაიზი ისეთივე ყურადღებით არის წარმოდგენილი, როგორც გალერეაში გამოფენილი ობიექტები.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი საბურავების ინსტალაციაა. გვინდოდა, ავტოსერვისის ყველაზე მასიური და უტილიტარული ობიექტი სკულპტურულ ექსპონატად გვექცია. ღერძის გარშემო მოწყობილი ხაზოვანი განათება, ნახევრად გამჭვირვალე ორგანული მინის პანელები და მათზე განთავსებული საბურავები ქმნის დინამიკურ ინსტალაციას, სადაც სინათლე, მასალა და პროდუქტი ერთიან კომპოზიციად აღიქმება. განათების კაბელები და ტექნიკური დეტალებიც განზრახ დავტოვეთ ხილული, რადგან ისინი კონცეფციის ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც თავად ინსტალაცია.

სივრცეში არსებული მრგვალი ვიტრაჟებიც ახალი კონცეფციის ნაწილად ვაქციეთ. უსასრულო სარკის ეფექტი მათ ერთგვარ პორტალებად გარდაქმნის და სივრცეში სიღრმისა და უწყვეტი მოძრაობის ილუზიას ქმნის,” – ანა გრიგოლია, Material Editors-ის თანადამფუძნებელი

FRAME Awards-ი არქიტექტურის, ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გამორჩეულ პროექტებს აჯილდოებს.

Material Editors-ისა და თეონა კოხოძისთვის მიღებული აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ძლიერი კონცეფცია, დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება და თამამი დიზაინერული მიდგომა საერთაშორისო დონეზეც იმსახურებს შეფასებას.

მნიშვნელოვანია, რომ FRAME Awards 2026-ის Honourable Mention დანარჩენი ტიტულოსნების ნამუშევრებთან შედარებით ჩვენი პროექტი გაცილებით უფრო მცირე ბიუჯეტისაა. ამ წარმატებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საერთაშორისო დონის აღიარება ყოველთვის მაღალ ბიუჯეტზე არ არის დამოკიდებული. კრეატიული კონცეფცია, მკაფიო შემოქმედებითი მიმართულება და მისი თანმიმდევრული განვითარება საბოლოო შედეგზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს,” – თეონა კოხოძე

პროექტის განხორციელებაზე კომპანია AD Solutions-მა იმუშავა.

იდეიდან რეალურ სივრცემდე – ინტერვიუ სალომე კიკვაძესთან