ნივთები, რომლებითაც ყოველდღიურად ვსარგებლობთ, ხშირად შეუმჩნევლად განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობას სივრცესთან. ფორმა, რომელსაც თვალი ეჩვევა, ზედაპირი, რომელსაც ვეხებით, დეტალი, რომელიც განწყობას გვიქმნის — ამ ყველაფრის მიღმა პროდუქტის დიზაინია. ეს სფერო პრაქტიკულ აზროვნებასა და შემოქმედებით თავისუფლებას აერთიანებს და ნაცნობ საგნებში ახალი შესაძლებლობების დანახვას გვასწავლის.
ამ პროფესიამდე მისასვლელი გზაც სხვადასხვაგვარია. ზოგისთვის ის თავიდანვე გააზრებული არჩევანია, სხვებისთვის კი ინტერესი, რომელიც დროთა განმავლობაში საკუთარი იდეების გამოცდის სურვილად იქცევა. უკვე ნაცნობი საქმიანობის პარალელურად სრულიად ახალ სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმას განსაკუთრებული გამბედაობა სჭირდება — მზაობა, რომ კვლავ ისწავლო, სცადო და თანდათან საკუთარ ხედვას ფორმა მისცე.
ნიკოლოზ დევდარიანი განათლებითა და საქმიანობით იურისტია, რომელმაც ახლახან საკუთარი თავი პროდუქტის დიზაინშიც გამოსცადა. მის მიერ შექმნილი Transfigure Atelier — „გარდასახვის სახელოსნო“ — ამ ახალი შემოქმედებითი ძიების სივრცეა. Homeis.ge ნიკოლოზს დიზაინთან მის პირად კავშირზე, ახალი საქმის დაწყებასა და იმ გამოცდილებაზე ესაუბრა, რომელიც საკუთარი იდეების განხორციელებას მოჰყვება.
ნიკოლოზ, გვიამბეთ თქვენ შესახებ. როგორ მოხვდით პროდუქტის დიზაინის სფეროში?
პროდუქტის დიზაინის სფეროში ჯერ პირველ ნაბიჯებს ვდგამ. განათლებით იურისტი ვარ და დღემდე ამ პროფესიით ვმუშაობ, თუმცა შემოქმედებითი პრაქტიკა ჩემთვის ყოველთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა. პროდუქტის დიზაინთან ჩემი შეხება მოხდა მაშინ, როდესაც საკუთარი ბინის მოწყობაზე დავიწყე მუშაობა, რა დროსაც შევქმენი ავეჯისა და დეკორის ესკიზები და ისინი ნაწილობრივ თავად, ნაწილობრივ კი პროფესიონალებთან თანამშრომლობით განვახორციელე. ამ პროცესმა და მიღებულმა შედეგმა მაჩვენა, რამდენად საინტერესოა იდეის სამგანზომილებიან, ხელშესახებ ობიექტად გარდაქმნა.
ახლა ვამზადებ სარკეების სადებიუტო კოლექციას, რომელიც ჯერჯერობით თერთმეტი სარკისაგან შედგება. კოლექცია კონცეპტუალურად არის გააზრებული და აერთიანებს ვიტრაჟულ შუშას, ხეს და ლითონს.

მომავალში მინდა შევქმნა როგორც უნიკალური, საკოლექციო ობიექტები, ისე მცირე ტირაჟის ნივთები. ჩემს ხელწერაში დღეს Art Nouveau-ს, მოდერნიზმისა და Art Deco-ს გარკვეულ გავლენებს ვხედავ, თუმცა ფორმები და იდეა თანამედროვე პერსპექტივიდან არის გადააზრებული. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ობიექტი იყოს ვიზუალურად მეტყველი და გამოყენებისას კომფორტის განცდას ქმნიდეს.
როგორ გაჩნდა “გარდასახვის სახელოსნოს” შექმნის სურვილი და რატომ ეს სახელწოდება? როგორ გამოხატავს ის თქვენი საქმიანობის მთავარ იდეას?
როგორც აღვნიშნე, შემოქმედებითი პრაქტიკა ყოველთვის წარმოადგნდა ჩემს განსაკუთრებულ ინტერესს, თუმცა საკმარისი თავდაჯერებულობა არ მქონდა. ამავდროულად კარგად ვაცნობიერებდი იმ გარემოებას, რომ საჭიროა ცდა, თუნდაც გაკვეული რისკის ფასად, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასურველ მიზანს ვერასდროს მივაღწევდი და ოცნება მხოლოდ ოცნებად დარჩებოდა. საბოლოოდ გადავწყვიტე შემექმნა ობიექტი, რომლის ესკიზიც უკვე დიდი ხანია მქონდა მოფიქრებული. ასე შეიქმნა ჩემი პირველი ორი ობიექტი – ტიფანის ტექნიკით შესრულებული ვიტრაჟული სარკე, რომელიც ვიტრაჟის ოსტატთან, ანუკი აბაშმაძესთან კოლაბორაციით დამზადდა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და სწორედ ეს იყო ის მომენტი, რამაც მისცა ბიძგი გადაწყვეტილებას, მეცადა ბედი პროდუქტის დიზაინში. დავიწყე მუშაოაბ ჩემს პირველ კოლექციაზე.

მალევე მომეცა შესაძლებლობა, მიმეღო მონაწილეობა გამოფენაში, სადაც ჩემი ნამუშევრები გამოფენილი იყო პროდუქტის დიზაინის სფეროში მოღვაწე მრავალწლიანი გამოცდილებისა და დიდი წარმატების მქონე ადგილობრივი დიზაინერიების ნამუშევრების გვერდით. სწორედ ამ პროცესის პარალელურად გაჩნდა “გარდასახვის სახელოსნო”. მივხვდი, რომ ჩემს ნამუშევრებს საკუთარი სახელითა და იდენტობით წარმოდგენა სჭირდებოდა. დროში შეზღუდული ვიყავი და სახელზე საფუძვლიანად ფიქრის შესაძლებლობა ნაკლებად მქონდა, თუმცა “Transfigure Atelier”, ანუ “გარდასახვის სახელოსნო” ზუსტად ეხმიანება ჩემს შემოქმედებით მიდგომას. ჩემთვის ეს არის სახელოსნო, სადაც იდეა თანდათან გარდაიქმნება ნივთად – ხელნაკეთ, ფუნციონალურ და ამავე დროს კონცეპტუალურ ობიექტად.
ჩემთვის მნიშვნელოვანია ტრანსფორმაციის პროცესის შესწავლა მასალის, ფორმისა და სიმბოლოების საშუალებით, თუ როგორ შეიძლება ნაცნობი ნივთი ახალ, განსხვავებულ მნიშვნელობად აქციო. სწორედ ეს იდეა უდევს საფუძვლად სახელოსნოს სახელწოდებას.
მინდა, ამ სივრცის საშუალებით შევქმნა ისეთი დიზაინი, რომელიც ინტერიერში მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციას არ შეასრულებს, არამედ იქნება ისტორიის მატარებელი, შეძლებს აღძრას ემოცია და ქონდეს თავისი ინდივიდუალური ხასიათი. ვფიქრობ, დღესდღეისობით საქართველოში კარგი მომენტია ავტორისეული, ხელით შექმნილი, მცირე ტირაჟის საკოლექციო დიზაინისთვის, რომელიც მასობრივ პროდუქტსა და საგალერიო ხელოვნებას შორის არსებობს.
რას ნიშნავს თქვენთვის პროდუქტის დიზაინი — სად გადის ზღვარი ფუნქციურ ნივთს, დიზაინ-ობიექტსა და ხელოვნების ნიმუშს შორის?
ჩემთვის პროდუქტის დიზაინი ფუნქციისა და ვიზუალის სინთეზია. ორივე ასპექტი თანაბრად მნიშვნელოვანია, ნივთმა მომხმარებელს უნდა შეუქმნას კომფორტი როგორც გამოყენების, ისე ესთეტიკური გამოცდილების თვალსაზრისით.
საკუთარ ნამუშევრებში მსურს, ხელოვნება და ფუნქციონალურობა გავაერთიანო. თუმცა ყველა მოხმარებისთვის შექმნილი ნივთი ამ კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებს. მასობრივი წარმოების პროდუქტში ხელოვნების კომპონენტი ყოველთვის პრიორიტეტი არ არის, რადგან იგი საბოლოო ფასზე აისახება, ხოლო ასეთი პროდუქტი აუცილებელია, რომ ფართო მომხმარებლის ბიუჯეტს შეესაბამებოდეს. საკოლექციო, დიზაინერული ობიექტი და ხელოვნების ნიმუში კი, როგორც წესი, მცირე ან ვიწრო ტირაჟით იქმნება და ავტორს მეტ თავისუფლებას აძლევს მასალის, ფორმისა და კონცეფციის თვალსაზრისით.

როგორ იბადება ახალი ობიექტის იდეა: საწყისი იმპულსი უფრო ხშირად კონკრეტული ფუნქციაა, მასალა, ფორმა თუ ემოცია?
რთულია ერთი კონკრეტული გზის დასახელება. ძირითადად მუშაობას ფორმისა და ფუნქციის გააზრებით ვიწყებ, თუმცა შემოქმედებითი პროცესი ცოცხალია და საწყისი იდეა ხშირად სრულიად ახალ ვერსიად გარდაიქმნება, ან სხვა, ფუნქციურად განსხვავებული ობიექტის ინსპირაციად იქცევა.
მასალის არჩევანი ჩემთვის უფრო იდეაზე მუშაობის ფინალური ეტაპია. ვცდილობ, საბოლოო ესკიზი სხვადასხვა მასალაში წარმოვიდგინო და არჩევანს იმის მიხედვით ვაკეთებ, თუ რომელი მათგანი გამოხატავს ყველაზე ზუსტად იმ ფორმას, განწყობასა და აზრს, რომლის გადმოცემაც მსურს.
რა როლს ასრულებს მასალა თქვენს ნამუშევრებში?
როგორც უკვე აღვნიშნე, მასალის არჩევა ჩემთვის იდეაზე მუშაობის დამაგვირგვინებელ ეტაპს წარმოადგენს. ასევე მინდა გავუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ ჯერჯერობით ვსწავლობ სხვადასხვა მასალების სპეციფიკას და ვიძენ მათთან მუშაობის გამოცდილებას. შესაბამისად, ჩემს ყველა ჩანაფიქრს ექსპერიმენტად განვიხილავ. სანამ ობიექტზე მუშაობა არ დასრულდება, შეუძლებელია ზუსტად იცოდე, რამდენად განხორციელებადი იქნება საწყისი ესკიზი.
ეს პერიოდი ჩემთვის ინტენსიური სწავლის პროცესია. განხორციელებულ პროექტებზე მუშაობამ უკვე მომცა გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება, თუმცა ვიცი, რომ წინ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი. მსურს, სხვადასხვა მასალა გამოვიყენო ჩემს შემოქმედებით პრაქტიკაში და ამისთვის საჭირო ცოდნა და პროფესიული თავდაჯერებულობა თანდათან მოვიპოვო.

რომელ პროექტს ან ობიექტს მიიჩნევთ თქვენი შემოქმედებითი ხედვის ყველაზე ზუსტ გამოხატულებად და რატომ?
მიმაჩნია, რომ სადებიუტო სარკეების კოლექცია ზუსტად გამოხატავს ჩემს შემოქმედებით ხედვას. ეს ნამუშევრები კონცეპტუალურად არის გააზრებული და გაერთიანებული ერთ კოლექციაში. ჩემი ინტერესია სიმბოლოების, მასალისა და ფორმის გადააზრება და გარდასახვა ახალ, დამკვიდრებული შეხედულებებისგან განსხვავებულ მიდგომაში, რაც ვფიქრობ, იგრძნობა ამ კოლექციაში.
ვგრძნობ, რომ ჩემი ესთეტიკა გარკვეულწილად განსხვავდება დღევანდელ კონცეპტუალურ ხელოვნებაში გავრცელებული მიდგომებისგან. მიუხედავად ამისა, მინდა ჩემი ინდივიდუალური ხედვის ერთგული დავრჩე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ობიექტი კონცეპტუალურ დატვირთვას ატარებდეს, მაგრამ ამავე დროს ვიზუალურად ემოციური, მარტივად აღქმადი და ადამიანთან ახლოს მდგომი იყოს.
როგორია საქართველოში ავტორის მიერ შექმნილი, მცირე ტირაჟის ან უნიკალური დიზაინ-ობიექტების მიმართ ინტერესი?
ჩემი დაკვირვებით, ამ ტიპის ობიექტების მიმართ ინტერესი საკმაოდ მზარდია. დღეს უფრო მეტი ადამიანი იჩენს ინტერესს ავტორისეული დიზაინის ობიექტებით. იცვლება მიდგომა, რომ ინტერიერი მხოლოდ ფუნქციური გარემო არ არის და მას შეუძლია ადამიანის გემოვნება, პირადი ისტორია და დამოკიდებულება გამოხატოს.
მიუხედავად ამისა, უნიკალური და მცირე ტირაჟის დიზაინერული ობიექტი ჯერ კიდევ შედარებით ვიწრო აუდიტორიის არჩევანია, ნაწილობრივ მისი ფასის, ხელმისაწვდომობისა და სფეროს ნაკლები ცნობადობის გამოც. თუმცა ვფიქრობ, ბოლო წლებში მომხმარებელის დაინტერესება ავტორისეული ნამუშევრების მიმართ იზრდება და ამგვარი ობიექტები არა მხოლოდ დეკორად, არამედ ღირებულების მქონე საკოლექციო ნივთებად აღიქმება.

თქვენი აზრით, რა უშლის ხელს ქართული პროდუქტის დიზაინის განვითარებას და რა რესურსი აქვს მას საერთაშორისო ასპარეზზე თავის დასამკვიდრებლად?
ქართული პროდუქტის დიზაინის განვითარებას, ჩემი აზრით, რამდენიმე ფაქტორი აფერხებს, კერძოდ, აკადემიური პროგრამებისა და პრაქტიკული სახელოსნოების სიმცირე, მასალებსა და ტექნოლოგიებზე შეზღუდული წვდომა, წარმოების მცირე შესაძლებლობები და ავტორებისთვის პროფესიული მხარდაჭერის ნაკლებობა. ასევე მნიშვნელოვანია ბაზრის განვითარება, საჭიროა, მომხმარებელმა უკეთ გაიცნოს ავტორული დიზაინის ღირებულება და კარგად გააცნობიეროს ამ სფეროში ინვესტირების პოტენციალი.
ამასთან, ადგილობრივ პროდუქტის დიზაინერებს საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრების დიდი რესურსი აქვთ. ჩვენი კულტურული მეხსიერება, ორნამენტი, ხელოსნობის ტრადიციები და მრავალფეროვანი ისტორია საკმარისი წყაროა თანამედროვე დიზაინისთვის. მთავარია, ეს მემკვიდრეობა პირდაპირი ციტირების გარეშე, თანამედროვე ენითა და ინდივიდუალური ხედვით გარდავქმნათ. ვფიქრობ, სწორედ ადგილობრივი იდენტობისა და თანამედროვე ფორმის თანხვედრა შეიძლება გახდეს ქართული დიზაინის მთავარი უპირატესობა.

როგორ შეიძლება დიზაინერმა შეინარჩუნოს შემოქმედებითი თავისუფლება და, ამავე დროს, შექმნას კომერციულად სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი?
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პროდუქტის სპეციფიკისა და სამიზნე მომხმარებლის ფაქტორის გათვალისწინება. როგორც ადრე აღვნიშნე, მასობრივი წარმოების პროდუქტის შექმნის პროცესში თუ კომერციული დაკვეთის დროს, დიზაინერი უფრო მეტად შეზღუდულია თავის შემოქმედებით თავისუფლებაში. მჯერა, რომ გულწრფელი, დიზაინერის ხედვის შესაბამისი ფორმის ერთგულება განაპირობებს საბოლოო პროდუქტის წარმატებას, თუმცა კომერციულად სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი აუცილებლად არ ნიშნავს იდეის გამარტივებას ან ინდივიდუალური ხელწერის დათმობას. პირიქით, ეს საკმაოდ საინტერესო გამოწვევა შეიძლება გახდეს ავტორისათვის.

შემოქმედებითი თავისუფლების შენარჩუნების შესაძლებლობა ასევე შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმატზე მუშაობა, კერძოდ – იქონიო პრაქტიკა როგორც უნიკალური, რთულად შესასრულებელ საკოლექციო ობიექტებზე მუშაობის, ასევე მათი იდეიდან გამომდინარე, პარალელურად შექმნა მცირე ტირაჟის, ანდა უფრო ხელმისაწვდომი მასობრივი მოხმარების ნივთები. ასე დიზაინერი ინარჩუნებს ექსპერიმენტის თავისუფლებას და ამავე დროს ქმნის პრაქტიკულ საფუძველს საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის.





