in , ,

დიზაინინსტალაცია homeis gathering-ის ფარგლებში: Amelie Events-ის კურატორობით შერჩეული ნივთები სახლისთვის

არსებობს ნივთები, რომლებიც მზერას აჩერებს. ფორმის, მასალის ან ერთი პატარა დეტალის გამო მათთან მიახლოება გინდება — გაინტერესებს, ვინ შექმნა, როგორ დამუშავდა ზედაპირი, საიდან გაჩნდა იდეა. შემდეგ კი გვერდით სხვა ობიექტს აღმოაჩენ და მათ შორის მოულოდნელ კავშირს ამჩნევ: ხის ორნამენტი ყვავილის მოხაზულობას ეხმიანება, მეტალის სიცივეს ძაფის სინაზე პასუხობს, ხელნაწერის ხაზი კი ხელით ნაქსოვ ქსოვილში გრძელდება.

ასეთი დაკვირვებისა და აღმოჩენის სივრცე შექმნა Amelie Events-მა  2026 წლის “შეკრებაზე. ღონისძიების ფარგლებში, სასტუმრო „ტელეგრაფის“ ერთ-ერთ სივრცეში წარმოდგენილმა დიზაინინსტალაციამ სხვადასხვა ავტორის ნამუშევრები ერთ მაგიდასთან შეკრიბა და მათ შორის ფაქიზი, გააზრებული ურთიერთობა ააგო.

ამ ურთიერთობის შექმნა „ამელის“ კურატორული ჩანაფიქრის მთავარი ნაწილი იყო. თითოეული ნივთი სათუთად შეირჩა — საკუთარი ხასიათის, ავტორის ხელწერისა და იმ ამბის გათვალისწინებით, რომელიც კომპოზიციას ქმნიდა. შერჩევაში თანაბრად მნიშვნელოვანი გახდა ოსტატობა, მასალისადმი დამოკიდებულება, კულტურული მეხსიერება და ყოველდღიური საგნის ახლებურად დანახვის უნარი.

“„ყველაფერი სახლით იწყება“ — ეს იყო იდეა, რომელიც ჩვენ მიერ შერჩეულ არტისტებსა და კომპანიებს აერთიანებდა. ყველა მათგანი სახლისთვის ქმნიდა ნივთებს — აქსესუარებსა და დეკორის ობიექტებს, თუმცა თითოეულს თავისი ხელწერა ჰქონდა. ნამუშევრები ერთმანეთისგან სტილით, მასალით, ფორმითა და მასშტაბით განსხვავდებოდა. ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეიქმნა, ჩვენ კი ერთ სივრცეში, ერთ მაგიდაზე უნდა წარმოგვედგინა.

ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო სწორედ ამ განსხვავებულობის ერთ მთლიანობად შეკვრა იყო. გვინდოდა შეგვექმნა სივრცე, სადაც თითოეული ნამუშევარი საკუთარ ინდივიდუალურობას შეინარჩუნებდა, თუმცა ამავდროულად, საერთო კომპოზიციის ნაწილიც გახდებოდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ინსტალაციას მხოლოდ დეკორატიული დატვირთვა არ ჰქონოდა — მას თავად უნდა გადმოეცა ის იდეა, რომლის გარშემოც მთელი პროექტი გაერთიანდა.

როცა ამ მაგიდაზე დავიწყეთ ფიქრი, ჩვენი საყვარელი იაპონური იკებანას სკოლის, სოგეცუს, დამფუძნებლის, სოფუ ტეშიგაჰარას იდეა გაგვახსენდა. მისი ხედვით, იკებანას შექმნა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ნებისმიერ სივრცეში და ნებისმიერი მასალით. ჩვენ ეს პრინციპი მთლიან ინსტალაციაზე გადავიტანეთ. თუ ასეთი განსხვავებული ნივთები ერთ მაგიდაზე იყრიდა თავს, რატომ არ შეიძლებოდა, თავად ცენტრალურ ინსტალაციაშიც ორი განსხვავებული მიდგომა შეხვედროდა ერთმანეთს?

სწორედ ეს კითხვა გახდა ჩვენი შემოქმედებითი პროცესის მთავარი მიმართულება. გვინდოდა, ერთმანეთის გვერდით დაგვეყენებინა განსხვავებული ფორმები, მასალები და ესთეტიკური ხედვები ისე, რომ მათ შორის ბუნებრივი დიალოგი წარმოქმნილიყო. ჩვენთვის საინტერესო იყო არა მხოლოდ მათი კონტრასტი, არამედ ის საერთო ენა, რომელიც ერთი შეხედვით, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ელემენტებს შეიძლება აღმოაჩნდეთ.

საბოლოოდ, ამ იდეის მთავარი ღირებულება ჩვენთვის განსხვავებულობის თავისუფლებაში იყო — შესაძლებლობაში, რომ თითოეულ ობიექტს საკუთარი ხასიათი ჰქონოდა, თუმცა ერთ სივრცეში მათი გაერთიანებით სრულიად ახალი ვიზუალური გამოცდილება შექმნილიყო,” – ნუკა ჩოხელი და სალი წილოსანი, Amelie Events-ის თანადამფუძნებლები

ცოცხალი მცენარეები, ყვავილები, ბუნებრივი ხის ტოტები და ხავსი ამ ხედვის სივრცულ გაგრძელებად იქცა. მათ შორის განთავსებული ობიექტები ერთმანეთის ფორმებსა და ფაქტურებს ახალ მნიშვნელობას სძენდა. „ამელის“ მიერ შექმნილ გარემოში თითოეულ ნამუშევარს საკუთარი ადგილი და მის დასანახად საჭირო სივრცე ჰქონდა; მთლიან კომპოზიციაში კი მკაფიოდ იგრძნობოდა ყურადღება ყოველი დეტალის მიმართ. ქვემოთ სწორედ ამ ნივთებსა და მათ შემქმნელებს გაგაცნობთ: განსხვავებული ხელწერის ავტორებს, რომელთა იდეებმა, ოსტატობამ და ძიებამ დიზაინინსტალაციის საერთო ამბავი შექმნა.

ნინი ჭანტურიას (NS Product) MAZA — ქართულ სიმბოლოს თანამედროვე საგნის ფორმით გვთავაზობს. სიტკბოსა და სიუხვის იდეა აქ ნაცნობ კულტურულ ასოციაციასა და ახალ დიზაინერულ გადაწყვეტას აერთიანებს. MAZA-ს ხიბლიც ამ სიახლოვეშია: მასში ერთდროულად იკითხება ტრადიციის სითბო და ავტორის სურვილი, ამ ტრადიციას დღევანდელ ყოფაში მოუძებნოს ადგილი.

ანუკა თავართქილაძის KNOBBY ხისა და უჟანგავი მეტალის ურთიერთობაზე აგებული მაგიდის სანათია. კონუსურ ხის კორპუსზე განლაგებული მრგვალი დეტალები ზედაპირს რიტმსა და გამოკვეთილ ხასიათს ანიჭებს, გეომეტრიული აბაჟური კი ფორმებს აწესრიგებს. ავტორის ხელწერა სწორედ ამ ბალანსში ჩანს — ორნამენტული დეტალისა და მკაფიო კონსტრუქციის თანაარსებობაში.

SHRE Studio-ს NATURA FLOWER ქართულ ფლორისტულ ორნამენტს განათების ენაზე კითხულობს. კაკლისა და წაბლის ხე უჟანგავ ფოლადს ხვდება, მცენარეული მოტივი კი სივრცულ ფორმას იძენს. ცოცხალი მცენარეების გარემოცვაში განსაკუთრებით საინტერესოდ იკვეთებოდა სტუდიის ხედვა: ბუნების ფორმაზე დაკვირვება, მისი გარდაქმნა და სინათლესთან დაკავშირება.

თინათინ ძირკვაძისა და იკი ანთელავას Basetale Studio-ს ორმხრივი შანდალი სხვა ტიპის გამოცდილებას გვთავაზობს. თბილისის კონტრასტებით შთაგონებულ ნამუშევარში უჟანგავი ფოლადი ნაზ ძაფებს ერწყმის. მასალებს შორის განსხვავება ობიექტის ყველაზე მეტყველ თვისებად იქცევა: მზერა მყარ კონსტრუქციასა და მსუბუქ დეტალებს შორის მოძრაობს და ორივეს ხელახლა აღმოაჩენს.

ნინო ჩუბინიშვილის, ხელნაკეთ სანთელს ამ დიალოგში დროც შემოყავს. პროექტის სახელწოდება – „The Story of a Disappearance and an Appearance“ სანთლის ბუნებას განსაკუთრებულად ეხმიანება: წვისას ფორმა იცვლება, იკლებს და სინათლედ გარდაიქმნება. ავტორის გამორჩეული პლასტიკური ენა ყოველდღიურ რიტუალს ემოციურ, სკულპტურულ გამოცდილებად აქცევს.

DODO Products-ის ხელით ნაქსოვ ფარდაგში სხვადასხვა დროისა და მედიუმის შეხვედრა ხდება. XVII–XVIII საუკუნეების ქართული ქსოვილების პატერნები მხატვარ სალომე ჯოხაძის ნახატის ფრაგმენტებს ერწყმის. ქსოვა ამ ელემენტებს ახალ მთლიანობად აყალიბებს, რომელშიც ისტორიული ორნამენტიც იკითხება და თანამედროვე მხატვრული ხედვაც. თითოეული ფარდაგის ერთადერთ ეგზემპლარად შექმნა ამ ურთიერთობას პირად, განუმეორებელ ხასიათს ანიჭებს.

Keramo Project-ის ფაიფურის ჩამრთველები და როზეტები ყურადღებას ინტერიერის იმ დეტალებისკენ მიმართავს, რომლებსაც ყოველდღე ვეხებით. ხელით შექმნილი კერამიკული ფორმები შეხების ჩვეულ მომენტს ესთეტიკურ გამოცდილებას მატებს. ამ ნივთების შერჩევით „ამელის“ კურატორულ ხედვაში ადგილი ინტერიერის მცირე მასშტაბსაც დაეთმო — დეტალს, რომლის ხარისხიც მთელ სივრცეზე ახდენს გავლენას.

Pito Seturi-ს ლითონის საწრუპიც ყოველდღიური მოხმარების საგანს გვაცნობს განსხვავებული აქცენტით. მისი გამძლეობა და მრავალჯერადი გამოყენების შესაძლებლობა ფორმის ესთეტიკას პრაქტიკულ აზრს უკავშირებს. ინსტალაციაში ის წარმოაჩენდა დიზაინის იმ შესაძლებლობას, რომელიც ყველაზე მარტივ ჩვევაშიც კი გააზრებული არჩევანის ადგილს პოულობს.

Triptych Studio-ს შირმა ხელოვნების, დიზაინისა და არქიტექტურის გადაკვეთაზე დგას. ვენეციური პიგმენტები, ვერცხლის დეტალები და ხელით დამუშავებული ზედაპირები მას ფერწერულ სიღრმეს ანიჭებს. სივრცის გამყოფი საგანი თავად ხდება სანახაობა — ობიექტი, რომლის მიმართაც იცვლება მზერა, მანძილი და ფერის აღქმა.

Terracotta Pots-ის თიხის ლარნაკს კომპოზიციაში მასალის უშუალობა შემოაქვს. ქართული მეთუნეობის ტრადიციით შთაგონებული ფორმა ხელით მუშაობის ღირებულებას უსვამს ხაზს. ლარნაკი ბუნებრივად აგრძელებდა ინსტალაციის თემას: მიწიდან მიღებული მასალა ცოცხალ მცენარეს იფარებდა და ოსტატის ხელით შექმნილ ფორმას სიცოცხლის ახალ მოძრაობას უკავშირებდა.

Gabriadze Shop-ის ანგელოზმა ინსტალაციაში რეზო გაბრიაძის თეატრალური სამყაროს ნაწილი შემოიტანა. „ბეთლემის ვარსკვლავის“ ხის მოციმციმე ანგელოზებით შთაგონებული, ხელით შექმნილი კერამიკული ფიგურა სცენის მოგონებას მცირე საკოლექციო ობიექტებში ინახავს. მასში იგრძნობა გაბრიაძის სამყაროსთვის დამახასიათებელი სიფაქიზე — უნარი, პატარა ფორმას დიდი ემოციური სივრცე მიანიჭოს.

სახელოსნო „დავით კაკაბაძე და მინანქარი“ ზარდახშა ახლოდან დაკვირვებას ითხოვს. მიკრომოზაიკა და ფილიგრანი, 925 სინჯის ვერცხლი და 18-კარატიანი ოქრო დეტალების სამყაროს ქმნის, რომლის აღქმასაც დრო სჭირდება. ამ ნამუშევარში ოქრომჭედლობის ოსტატობა მოთმინების, სიზუსტისა და მასალის ღრმა ცოდნის სახით ვლინდება — თვისებებით, რომლებიც ხელით შექმნილ ნივთს განსაკუთრებულ ღირებულებას ანიჭებს.

They Said Books-ის შერჩეული გამოცემები — The Monocle Book of Japan და Purple Fashion Magazine — ამ გარემოში ხედვის გაფართოების შესაძლებლობას ქმნიდა. იაპონიის კულტურის, ქალაქებისა და დიზაინისადმი ინტერესი მოდის, ხელოვნებისა და ფოტოგრაფიის დამოუკიდებელ ხედვას ხვდებოდა. წიგნი და ჟურნალი საერთო კომპოზიციაში ფურცვლის, დაკვირვებისა და ახალი იდეის აღმოჩენის სურვილს აჩენდა.

IArt Gallery-ს მიერ წარმოდგენილი რუბენ ოგანესიანის გრაფიკული ნამუშევარი ყურადღებას ხაზზე ამახვილებდა. მხატვარ-არქიტექტორის ესკიზი საშუალებას გვაძლევდა, დასრულებული საგნების გვერდით შემოქმედებითი აზრის სხვა მდგომარეობაც დაგვენახა — ჩანაფიქრი, მოძრაობა, ფორმის ძიება. ამ თანაარსებობაში უფრო შესამჩნევი ხდებოდა ის გზა, რომელსაც იდეა პირველ მონახაზიდან მატერიალურ ობიექტამდე გადის.

ინსტალაციის ფარგლებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა „XXI საუკუნის ხელნაწერ ვეფხისტყაოსანს“ — გურამ ახალაიას თაოსნობით, 2003–2016 წლებში განხორციელებულ პროექტს. პოემის გადაწერაში 287 ცნობილმა პიროვნებამ მიიღო მონაწილეობა; ლია სიხარულიძემ გვერდები ძველი ქართული ხელნაწერებით შთაგონებული გაფორმებით შეამკო, 17-მა მხატვარმა კი გამოცემისთვის ილუსტრაციები შექმნა. ინსტალაციაში ეს წიგნი მრავალი ხელის, განსხვავებული ხელწერისა და საერთო კულტურული მეხსიერების შეხვედრის ადგილად იკითხებოდა.

ერთი შეხედვით, ამ ნივთებს ერთმანეთთან ცოტა რამ აკავშირებს — განსხვავებულია მათი დანიშნულება, მასალა, მასშტაბი და შექმნის ისტორია. „ამელის“ კურატორულმა ხედვამ კი მათ შორის ყველაზე პირადი კავშირი დაგვანახა: სახლი სწორედ ასეთი ნივთებით იწყება. ნივთებით, რომლებსაც ვირჩევთ იმიტომაც, რომ გვაღელვებს მათი სილამაზე, გვიზიდავს ავტორის ხელწერა ან მათში საკუთარ თავს ვცნობთ. ფუნქციური საგნები ყოველდღიურობას გვიწყობს; ესთეტიკური ღირებულების მქონე ნივთები კი ამ ყოველდღიურობას ემოციითა და მნიშვნელობით ავსებს. „ამელის“ დიზაინინსტალაციამ სწორედ ამაზე დაგვაფიქრა — რამდენად მნიშვნელოვანია, სახლში ადგილი დავუთმოთ სილამაზეს და იმ საგნებს, რომელთა ყოფნაც თავისთავად გვახარებს. შესაძლოა, სივრცე სახლად სწორედ მაშინ იქცევა, როცა მასში ჩნდება ის, რაც ჩვენთვის ძვირფასია.

სასტუმრო ტელეგრაფმა მსოფლიოს ერთ ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული ჯილდო მოიპოვა