in

ფრანგული დიზაინის ერთ-ერთი რჩეული ფიგურა – ანდრე პუტმანი

ფრანგული დიზაინის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ანდრე პუტმანი (Andrée Putman) 1925 წლის 23 დეკემბერს დაიბადა. ბავშვობაში მუსიკას მიჰყვებოდა და პროფესიონალი შემსრულებლის კარიერაზე ოცნებობდა. შემდეგ პარიზის უმაღლეს ნაციონალურ კონსერვატორიაში მუსიკალური კომპოზიცია შეისწავლა. მიუხედავად მტკიცე განზრახვისა კომპოზიტორი ფრანსის პულენკის რჩევით მან პროფესიული მუსიკალური სფეროსთვის ცხოვრების მიძღვნაზე ხელი აიღო და მოწოდებად დიზაინი გაიხადა, რომელსაც მთელი თავისი ხანგრძლივი შემოქმედებითი ცხოვრება მიუძღვნა.

მუსიკისთვის თავის დანებების შემდეგ ანდრე პუტმანმა ჟურნალები „Femina“, „Elle“-სა და „L’Oeil“-ში კურიერად მუშაობა დაიწყო. ამ სტილისა და მოდის სამყაროსთან გაცნობით დაიწყო მისი, როგორც დიზაინერის კარიერა.

პარიზში „Café de Flore“-ის ყოველდღიური სტუმრობისას ანდრე პუტმანი მეოცე საუკუნის ხელოვნების ლეგენდარულ მოღვაწეებთან ურთიერთობდა, როგორებიცაა ანტონენო არტო, ალბერტო ჯაკომეტტი, ჟან-პოლ სარტი, სიმონა დე ბოვუარი და სხვები.

1958 წელს ანდრე პუტმანი „Prisunic“-ის („Monoprix“-ის წინამორბედი) საშინაო დეპარტამენტის არტ-დირექტორი გახდა. ის ხელმისაწვდომი დიზაინის პროპაგანდას ეწეოდა. მისი ინიციატივით მაღაზიათა ქსელში გამოჩენილი მხატვრების ლიმიტირებული რეპროდუქციები იყიდებოდა. მათი შეძენა დაბალ ფასში იყო შესაძლებელი (დაახლოებით 15 ევრო), რაც მაღალ ხელოვნებას ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომს ხდიდა.

1971 წელს ანდრე პუტმანი ახალი კომპანია „Créateurs & Industriels“-ში ხელმძღვანელად მიიწვიეს. კომპანია ტექსტილის ინდუსტრიის განვითარებასა და ახალი ტალანტების მოძიებაზე იყო ორიენტირებული. ბუნებრივი ალღოსა და ინტუიციის წყალობით, პუტმანმა ბევრი ხმამაღალი სახელი აღმოაჩინა, მათ შორის ოსსი კლარკი (Ossie Clark), კლოდ მონტანა (Claude Montana), ტიერი მიუგლერი (Thierry Mugler), ისსეი მიაკი (Issey Miyake) და ჟან შარლ დე კასტელბაჟაკი (Jean-Charles de Castelbajac).

1970 წლის დასასრული ანდრე პუტმანისთვის კატასტროფული იყო. კომპანია „Créateurs & Industriels“ გაკოტრდა და იმავე წელს ის მეუღლეს გაშორდა. ანდრეა დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი საწოლისა და რამდენიმე სანათისგან შემდგარ პატარა ოთახში ცხოვრობდა, თუმცა, ამ ყველაფერმა მხოლოდ გააძლიერა ის და მისი საფირმო სტილის ფორმირება განაპირობა. სწორედ ამის გამო გაჩნდა მის დიზაინში ლაკონიურობა, მინიმალიზმი და ზომიერი ასკეტიზმი.

1978 წელს, 53 წლის ასაკში, ანდრე პუტმანმა საკუთარ თავში ახალი კარიერისა და ცხოვრების დაწყების ძალები გამონახა. მან კომპანია „Ecart International“  დააფუძნა, რომელიც დიზაინის საკულტო ობიექტების (1930-1940 წლების) „რეპლიკებს“ უშვებდა და მივიწყებულ სახელებს, როგორიცაა: ეილინ გრეი (Eileen Gray), პიერ შარო (Pierre Chareau), ჟან მიშელ ფრანკი (Jean-Michel Frank), რობერტა მალლე სტივენსი (Robert Mallet-Stevens) – მსოფლიოს კვლავ ახსენებდა.

1980 წლის დასაწყისში პუტმანი ოფისების დიზაინზე მუშაობს. ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი  საფრანგეთის კულტურის მინისტრი ჟაკ ლანგის კაბინეტი გახდა, რომელიც ოფიციალური შეკვეთების გრძელ რიგში პირველი გახდა. ინტერიერი თავშეკავებული ფუფუნების დემონსტრირებით გამოირჩეოდა: კომპაქტური სავარძლები ბრინჯაოს ჩანართებიანი ჩინარის ჟურნალის მაგიდითაა შევსებული.

ანდრე პუტმანის კარიერაში გარდატეხა 1984 წელს, ნიუ-იორკის  სასტუმრო „Morgans“-თვის შექმნილმა დიზაინმა მოახდინა. ამ ნამუშევარმა ახალი დიზაინ-პრინციპი წარმოშვა – მაღალი მხატვრული ღირებულების ინტერიერი ხელმისაწვდომი ბიუჯეტით. ეს პროექტი სტილების შერევით წარმოიშვა, სადაც მე-20 საუკუნის წამყვანი დიზაინერების ნამუშევრები იყო გამოყენებული. დიზაინერმა აქ ჭადრაკული ნახატი (რომელიც არა მარტო იატაკებზე, არამედ ტექსტილზე და კედლებზეც გვხვდება) პირველად გამოიყენა, ეს ხერხი მოგვიანებით პუტმანის საფირმო ხელწერა გახდა.

 

კიდევ ერთი სახასიათო პროექტი ზებგერითი სამგზავრო თვითმფრინავი „Concorde“-ის ინტერიერია, რომელზეც დიზაინერი 1994 წელს მუშაობდა. პუტმანმა ლაინერის ბორტზე სიმყუდროვისა და ელეგანტურობის შემოტანა შეძლო. თვითმფრინავისთვის რბილი, თეთრი გადასაკრავებით დამშვენებული მოხერხებული სავარძლები დაუკვეთეს. კარგად გათვალეს განათება, იატაკზე კი ელეგანტური, არტ-დეკოს სტილში მოხატული ხალიჩა დააგეს.

ანდრე პუტმანი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პროექტებში ღია გეგმარებას იყენებდა. ასევე პირველი იყო საფრანგეთში, ვინც ცხოვრება „ლოფტში“ დაიწყო. არქიტექტორმა სივრცე თავიდან გადაიაზრა, მიღებული წესები და ნორმები დაარღვია, თავს საცხოვრებელი ფართით ექსპერიმენტირების უფლება მისცა. „საუბარი არ არის მისაღებში აბაზანის მიღებაზე და საძინებელში საჭმლის მომზადებაზე, – ამბობდა ის, – საქმე იმაშია, რომ სივრცე მრავალფუნქციური უნდა იყოს. რატომ უნდა იყოს ოთახები მხოლოდ ერთი ფუნქციით მონოპოლიზირებული, როცა ჩვენ შეგვიძლია და უნდა გვქონდეს თავისუფალი არჩევანი?!“.

1997 წელს ანდრე პუტმანმა საკუთარი სტუდია „Studio Andrée Putman“ გახსნა. ის ინტერიერის და პროდუქტის დიზაინთან ერთად „სცენოგრაფიასაც“ აკეთებდა. 2000-იან წლებში ანდრე პუტმანი მოდურ და ძვირფასს დიზაინერულ ბრენდებთან აქტიურად თანამშრომლობს.

2000 წელს მან „Christofle“-თვის კოლექცია „Vertigo“ შექმნა, რომელიც მარტივი ფორმებით გამოირჩეოდა. მთავარი ელემენტი აქ ოდნავ ჩახვეული ბეჭედი გახდა (იგივე პრინციპი იქნა გამოყენებული შემდგომ პუტმანის „Christofle“-ის იუველირულ კოლექციაში, რომელიც 2005 წელს გამოჩნდა). 2007 წელს დიზაინერმა „Louis Vuitton“-ის სამგზავრო ჩანთის საკუთარი ვერსია შეიმუშავა. 2008 წელს კი ის თავის პირველ სიყვარულს – მუსიკას დაუბრუნდა და კომპანია „Pleyel“-თან კონტრაქტი გააფორმა. მათი თანამშრომლობის შედეგად „Voie Lactée“-ის ხის, ნიკელისა და კორიანის როიალი დაიბადა, რომელიც საფირმო „ჭადრაკული“ დეკორით იყო გამშვენებული. ნივთი შეზღუდული ტირაჟით – 8 ცალი გამოვიდა და ოცი ათას ევრომდე ღირდა.

ყველა, ვინც კი საფრანგეთს სტუმრობდა, აუცილებლად ელისეს მინდვრებზე მდებარე ბუტიკ „Guerlain“-ში შეივლიდა, სადაც საოცარი ინტერიერი და ცენტრალურ დარბაზში ჩამოკიდული ჭაღი მნახველს აოცებდა. ესეც ანდრე პუტმანის 2005 წელს შექმნილი ნამუშევარია. ასეთი სახით „Guerlain“-ი 2013 წლამდე იდგა, სანამ აქ არ ჩატარდა მასშტაბური რენოვაცია მეორე ვარსკვლავური არქიტექტორის, პიტერ მარინოს (Peter Marino) მიერ. მიუხედავად ყველაფრისა, პუტმანის პროექტი ამ სახლის ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფურცლად დარჩა.

ორი წლის შემდეგ, 2007 წელს, ფრანგი დიზაინერი კიდევ უფრო დაწინაურდა და მონაწილეობა მასშტაბურ არქიტექტურულ პროექტში მიიღო. საუბარია ჰონგ-კონგში ორი ცათამბჯენის მშენებლობასა და გაფორმებაზე, რომელთაგან ერთ-ერთი მის სახელს ატარებს და „Putman Hotеl“ ჰქვია. შენობის ფასადი ფერადი შუშის  გეომეტრიული ორნამენტებითაა მორთული და არტ-დეკოს სტილს ეხმიანება. შიგნით ერკერებიანი ღია გეგმარების 28 ნომერი, მაღალი ჭერები, ხის იატაკები და ანდრეს საყვარელი ლაკონური შავ-თეთრი დეკორია.

2008 წელს პარიზის მერმა ანდრე პუტმანი ქალაქის დიზაინის კომიტეტის პრეზიდენტად დანიშნა. მის პასუხისმგებლობაში საზოგადოებრივი ადგილების რეორგანიზაცია, საქალაქო ავეჯის რედიზაინი და კომუნალური სამსახურების უნიფორმები იყო.

2007 წლიდან ანდრეს მუშაობაში მისი ქალიშვილი ოლივია ეხმარებოდა, რომელიც ამჟამად სტუდია „Studio Andrée Putman“-ს ხელმძღვანელობს. იმ დროის ბევრი ნაშრომი თანაავტორობით იყო გაკეთებული. „ჩემი საქმე ანდრეს ფანტასტიკური თავგადასავლის გაგრძელებაა“, – თვლის უმცროსი პუტმანი, რაც მას მშვენივრად გამოსდის.

ოფისი-შოურუმი ვარდისფერი და შავი დეტალებით – თაკო უნდილაშვილის ნამუშევარი

ინდუსტრიული სტილი სკანდინავიური გაგებით – ლოფტი შვედეთში