in ,

ოფისი-შოურუმი ვარდისფერი და შავი დეტალებით – თაკო უნდილაშვილის ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

ოფისი-შოურუმი Phubber Consignment, რომელიც მთაწმინდის ქუჩაზე მდებარეობს, 110 კვადრატული მეტრის ფართობზეა განთავსებული. პროექტის დიზაინზე Accent by her-ის დამფუძნებელმა, თაკო უნდილაშვილმა იმუშავა.

‘’ამ პროექტზე მუშაობა განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, სივრცე ახალგაზრდა, ინოვატორი და გემოვნებიანი გუნდისთვის შეიქმნა. პროექტის განხორციელება დაემთხვა პანდემიის პერიოდს, რამაც გაართულა პროცესი, თუმცა იმდენად მოტივირებული და შეთანხმებული იყო სამუშაო პროცესი, რომ საკმაოდ მალე – ორ თვეზე ნაკლებ დროში მოხერხდა მისი რეალიზება. აქ გადამწყვეტი როლი შეასრულა დამკვეთმა, რომელიც ყველა იდეის განხორციელებაში მეხმარებოდა, რაც დიზაინერისათვის კომფრტულ სამუშაო გარემოს ქმნის და ხშირად ფუფუნებაა,” – თაკო უნდილაშვილი

ფოტო: დავით ჭალიძე

აღნიშნული სივრცის ძირითად ნაწილს ოფისი წარმოადგენს, ფართის 1/3 კი  შოურუმია. საპროექტო დავალების მიხედვით, მთავარი ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ მომხდარიყო სივრცის სწორი დაყოფა, რათა ოფისი ჰარმონიულად შერწყმოდა შოურუმის ნაწილს და მაქსიმალურად ათვისებულიყო ფართი.

პროექტის კონცეფცია და ფერები პირდაპირ პასუხობს ბრენდის შინაარს – ვარდისფერი ქმნის ნაზ და ჰარმონიულ გარემოს, სადა შავი დეტალებით კი ხდება პროდუქტის აქცენტირება.

ოფისის ძირითადი ხედი შიდა ეზოა, რომელიც ოფისში მომუშავე პერსონალისთვის ერთგვარი დასვენების საშუალებაა. შოურუმის ხედი მთავარ ქუჩაზე გადის. გარე ფასადის აგურით მოპირკეთება ხისტად გამოყოფს შიდა სივრცეს, ეს კი ქმნის კონტრასტულ და საინტერესო აქცენტს.

ჩემი მთავარი მიზანი იყო, შემექმნა სასიამოვნო გარემო როგორც სამუშაოდ, ასევე მომხმარებლისათვის, რათა შესაძლებელი ყოფილიყო არჩევანის კომფორტულად გაკეთება,” – თაკო უნდილაშვილი

რაც შეეხება ზონირებას, ოფისში სივრცე ვიტრაჟებით არის გამიჯნული და წარმოიქმნება სამი სივრცე: სამუშაო ზონა, შეხვედრების ოთახი, და მენეჯერის ოთახი. ამას გარდა, პროექტის ავტორმა გამოყო ფართი პატარა სამზარეულოსა და სასაწყობე სივრცისთვისაც.

პროექტში გამოყენებული ძირითადი მასალებია რკინა, ბეტონი და ხის ფაქტურა. თაღისებური ფორმები ხაზს უსვამს მთავარ აქცენტს მთელს შოურუმში. პროექტის ავტორის თანახმად, ილუმინირებული ბრენდის წარწერა და თაღებში ჩამონტაჟებული განათება არის ამოსავალი წერტილი, ცენტრი, რომლის გარშემო აეწყო კონცეფცია. ფეხსაცმელების მინის გამჭვირვალე თაროები და ტანსაცმლისათვის განკუთვნილი წვრილი მეტალის საკიდები მოსახერხებელია და სიმსუბუქეს მატებს ინტერიერს, ამავდროულად  ეს დეტალი ჰარმონიულად ასრულებს და კრავს კომპოზიციას.

ინტერიერის დიზაინი: თაკო უნდილაშვილი, Accent by her

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

ნათელი და მყუდრო ბინა სკანდინავიურ სტილში

ფრანგული დიზაინის ერთ-ერთი რჩეული ფიგურა – ანდრე პუტმანი