in

იდენტობის განუყოფელ ნაწილად ქცეული არქიტექტურა – ინტერვიუ არჩილ და გიორგი ქურდიანებთან

ქურდიანების ოჯახის რამდენიმე თაობის არქიტექტორული მოღვაწეობა მრავალწლიან ისტორიას გულისხმობს და ის საქართველოს არქიტექტურის განვითარების მნიშვნელოვან პერიოდებს ასახავს. 1898 წლიდან დაწყებული ოჯახური საქმე და პროფესიისადმი ერთგულება დღემდე აქტიურად გრძელდება და საკუთარი ხელწერით, პრინციპებით, ფილოსოფიითა და ხედვით ამბობს თავის სათქმელს თანამედროვე არქიტექტორულ სივრცეში. სამი საუკუნის მანძილზე მრავალმხრივი არქიტექტორული გამოცდილების მქონე ოჯახის ექვსმა თაობამ შექმნა მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული დანიშნულების ნამუშევრები და დღემდე აქტიურად განაგრძობს მოღვაწეობას. დღეს გიამბობთ ამ დინასტიის  ბოლო ორი თაობის წარმომადგენლებზე, არჩილ და გიორგი ქურდიანებზე, რომლებიც საინტერესო მოსაზრებებს გვიზიარებენ ქართული არქიტექტურის, საკუთარი პროფესიული ხედვისა თუ მუშაობის პრინციპების შესახებ…

ბავშვობის წლები და პროფესიული გზის დასაწყისი…

არჩილ ქურდიანი: დაბადებიდან არქიტექტურულ სივრცეში ვიზრდებოდი, სადაც ჩემი ოჯახის წევრები – მამაჩემი, პაპაჩემი, ბებიაჩემი და მამაჩემის პაპა არქიტექტორები იყვნენ, ამიტომ ბავშვობიდანვე მათი მუშაობის პროცესს ვადევნებდი თვალს. ჩვენ ოჯახური არქიტექტორული დინასტიის ათვლას 1898 წლიდან ვიწყებთ – იმ დროიდან, როდესაც პაპაჩემის მამამ, გრიგოლ ქურდიანმა არქიტექტორული მოღვაწეობა დაიწყო. შემდგომში, 1928 წელს, მხოლოდ ორმა სტუდენტმა შეძლო არქიტექტურის ფაკულტეტის დამთავრება და საქართველოში პირველად, ამ ადამიანებმა არქიტექტურული დიპლომი მიიღეს (რადგან მანამდე ქვეყანაში არქიტექტურული ფაკულტეტი არ არსებობდა), რომელთაგან ერთი პაპაჩემს, არჩილ ქურდიანს ერგო, მეორე კი ბებიაჩემს, ქეთევანს. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროის განმავლობაში საქართველომ არაერთი განსხვავებული პერიოდი განვლო – მეფის რუსეთი, საბჭოთა კავშირი, დამოუკიდებელი რესპუბლიკა – ყოველთვის არსებობდა არქიტექტორული სახელოსნო, რომელსაც ერთი ოჯახი უცვლელად ედგა სათავეში.

საცურაო აუზი

ბევრს ჰგონია, რომ ჩემი არქიტექტორობა თავისთავად ამან განაპირობა, ან ფიქრობენ, რომ ეს იძულებითი გადაწყვეტილება იყო. პირიქით, მე მეკრძალებოდა არქიტექტურაზე ჩაბარება. იმ პერიოდში მამაჩემი და პაპაჩემი “დინამო არენას” აშენებდნენ, ჰქონდათ არაერთი წინააღმდეგობა, ბრძოლა. ვფიქრობ, მათ ჩემი დაცვა სურდათ ამ ყველაფრისგან, რადგან არქიტექტურა ძალიან რთული და მრავალფუნქციური პროფესიაა, ბევრ განხრას მოიცავს. არქიტექტორი არ არის მხოლოდ არქიტექტორი, ის კონსტრუქტორიცაა, ინჟინერიც, დიზაინერიც და მხატვარიც, რადგან ყველაფერზე აგებს პასუხს. იმისათვის, რომ სრულყოფილი პროფესიონალი გახდე, საჭიროა ყველა ჩამოთვლილ სფეროს იცნობდე. სწორედ ამ სირთულეებიდან გამომდინარე, აკრძალული მქონდა არქიტექტურაზე ჩაბარება, თუმცა შეიძლება ითქვას, ძალით გავიტანე ჩემი სურვილი.

ერთხელ, სკოლის პერიოდში აგარაკზე ყოფნისას, მამამ ჩამოგვაკითხა და გვიამბო, რომ რაღაც ახალ ობიექტზე დაიწყო მუშაობა. შემდეგ ჩამოსვლაზე კი მე მას ჩემი ცოდნით გაკეთებული პროექტის პატარა ესკიზი დავახვედრე, თავისი გეგმებით, ჭრილებით, ფასადით და საინჟინრო ქსელის გაყვანით. მამაჩემი გაოცდა და ეს ფაქტი ოჯახის სხვა წევრებთან განიხილა. ასე გადაწყდა ჩემი არქიტექტორობა. ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, სწავლის დასრულების შემდეგ კი მუშაობა არქიტექტორთა კავშირში დავიწყე. იმ დროს იყო გარდამავალი პერიოდი – საბჭოთა სისტემა იცვლებოდა, ჩნდებოდნენ კოოპერატივები, სახელოსნოები, იწყებოდა კომერციული ეტაპი. მამაჩემმაც იმ ეტაპზე გახსნა არქიტექტორთა კავშირთან არსებული სახელოსნო, შემდეგ კი უფრო კომერციულ მოღვაწეობაზე გადავედით და ამ ორგანიზაციისგან დამოუკიდებლად, 2003 წელს ჩამოვაყალიბეთ ფირმა “Gia & Archil Kurdiani’s Studio DYNASTY”.

გაუგებრობა რომ თავიდან აგვერიდებინა (რადგან ჩვენი გვარის სხვა წარმომადგენლებიც არიან არქიტექტორები), სტუდიის დასახელებაში მამაჩემისა და ჩემი სახელი შევიტანეთ, „დინასტია“ კი იმიტომ, რომ ჩემი ვაჟი უკვე მე-6 თაობის წარმომადგენელია, რომელიც ამ პროფესიაში მოღვაწეობს და სიტყვა დინასტია ჩვენი ოჯახის მრავალწლიან არქიტექტორულ მოღვაწეობას გულისხმობს. მამაჩემის გარდაცვალების შემდგომ ჩემი ვაჟი, გიორგი კომპანიის შემოქმედებითი დირექტორი, მე კი აღმასრულებელი დირექტორი გავხდი. პროფესიულ კარიერაში განსაკუთრებული და სასიხარულო ამბავია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ სოფიაში მდებარე საერთაშორისო არქიტექტურული აკადემიის პროფესორობიდან წევრ კორესპონდენტად ამირჩიეს. ამ არქიტექტორების გვერდით ყოფნა და საგანმანათლებლო სფეროში ჩემი წვლილის შეტანა უდიდესი პატივია ჩემთვის.

მრავალსართულიანი მრგვალი ავტოფარეხი ორთაჭალაში

გიორგი ქურდიანი: ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, იძულებით არ გავმხდარვარ არქიტექტორი, პირიქით, თავდაპირველი არჩევანი სულაც არ იყო ეს პროფესია, მინდოდა რაღაც განსხვავებული მეცადა, ფიზიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ციფრული მედია მაინტერესებდა. ბევრი ძიების შემდეგ გადავწყვიტე, არქიტექტორი გამოვსულიყავი. ჩემი ოჯახის მხრიდანაც ამას არანაირი წინააღმდეგობა არ მოჰყოლია. პაპაჩემს ჰქონდა მკაფიო პოზიცია, რომ პირველადი განათლება საქართველოში მიმეღო, რათა ქართულ გარემოში მესწავლა და აქაურობა კარგად შემეცნო, საბაკალავრო საფეხურის დასრულების შემდეგ კი მაგისტრატურა ლიხტენშტაინის სამეფო უნივერსიტეტში გავიარე და ბელგიის სამხატვრო სკოლაში ვისწავლე. მერე საქართველოში დავბრუნდი და ჩვენი ოჯახის კომპანიაში არქიტექტორად დავიწყე მუშაობა, შემდეგ კი კრეატიულ დირექტორად.

ქართული განათლების სისტემა

გიორგი ქურდიანი: დამოკიდებულება, რომ საქართველოში დაბალი ხარისხის განათლებას იღებენ, არასწორია. ჩემი გამოცდილებით, სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე განათლების საკმაოდ კარგი დონეა. მთავარია, სტუდენტს ჰქონდეს სწავლის სურვილი. ამ სფეროში მთავარი პრობლემა არის ის, რომ ახალგაზრდა თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში ვერ ახორციელებს. არქიტექტურა იმაზე მეტია, ვიდრე სასწავლებელში ლამაზი ნაგებობების დაპროექტება, მას სასწავლებლის მიღმა გამოცდილება და პრაქტიკა სჭირდება, რაშიც სტუდენტს გარემომ უნდა შეუწყოს ხელი, სხვაგვარად დამოუკიდებელ არქიტექტორად ვერ შედგები. ამავდროულად,  ქართული მედიაც და საზოგადოებაც ნაკლებ ყურადღებას უთმობს ამ დარგს, ეს ყველაფერი კი სტუდენტის თვალში არქიტექტორის როლს აკნინებს. შესაძლოა, ის დაჩაგრულად გრძნობდეს თავს კოლეგების, უფროსი ადამიანების მხრიდანაც, რეალურად კი მას თავისუფლად მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს.

საქართველო შესაძლებლობების ქვეყანაა, ახლა აქვთ არქიტექტორებს დიდი გასაქანი. იქ, სადაც ყველაფერი დალაგებულია, ეს სფეროც სხვანაირად ფუნქციონირებს, ჩვენთან კი ამ მხრივ ჯერ სამუშაოა. ბევრი კარგი ახალგაზრდა არქიტექტორი სჭირდება ქვეყანას და ეს მიმართულებაც მეტად განვითარდება. პაპაჩემს სურდა, ქართულ გარემოში მესწავლა და ის ცოდნა და გამოცდილება გადმოეცა ჩემთვის, რაც ამდენი წლის განმავლობაში თავად დააგროვა. მან მასწავლა ქართული ორნამენტი, მისი ფილოსოფია, რომელიც განსხვავებულ ხედვას, ლოგიკასა და აზროვნებას გაუფლებს. ეს ის ცოდნაა, რომელიც ქართველ არქიტექტორს უნდა გააჩნდეს. პაპაჩემი თვლიდა, რომ ქართული ჩუქურთმის ლოგიკის გაგება და მისი აგების ფილოსოფია ნებისმიერი სახის თანამედროვე თუ მინიმალისტური არქიტექტურის დაპროექტებაში გეხმარება, ის გივითარებს სხვადასხვა უნარ-ჩვევას, ლოგიკურ აზროვნებას და გიმარტივებს ნებისმიერი ობიექტის გეგმარებას.

“შატო ართვაინი”

თანამედროვე ქართული არქიტექტორული სივრცე

გიორგი ქურდიანი: ვფიქრობ, არქიტექტურისადმი დამოკიდებულება ძალიან შეიცვალა. 20 წლის წინ არ უყურებდნენ არქიტექტორებს სერიოზულად, მთავარი იყო დამკვეთი და მისი სურვილები. არქიტექტორი კი იმისთვისაა, რომ პროექტი სწორად განახორციელოს და მართებული რჩევა მიაწოდოს დამკვეთს. ბოლო პერიოდში ეს დამოკიდებულება საგრძნობლად შეიცვალა, რაც ამ სფეროს განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენც მეტს ვსწავლობთ ქალაქგეგმარებაზე, ურბანისტიკაზე, ადამიანთა ფსიქოლოგიაზე. როდესაც დამკვეთსა და არქიტექტორს შორის ჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულებაა, შედეგიც შესაბამისია. ქართულ სივრცეში ბევრი კარგი კომპანია და არქიტექტორია, რომლებიც საინტერესო პროექტებს აკეთებენ. ამიტომ ხალხს ნდობა უჩნდება და იჯერებენ, რომ საქართველოშიც გვყავს მაღალი დონის პროფესიონალები. ვფიქრობ, ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი უკვე აშენებული ნაგებობების რეკონსტრუქცია ან დანგრევაა. სამწუხაროდ, ჯერ ანადგურებენ და შემდეგ ფიქრობენ, თუ როგორ გამოასწორონ. პირველ რიგში, ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს, ძალიან ბევრი კარგი შენობაა ასე დაკარგული, მათ შორის ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის.

არჩილ ქურდიანი: ამას გარდა, არსებობს მეორე უკიდურესობაც: ხშირად შენობის ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მას ხელს არ ახლებენ, რათა ავთენტური სახე შეუნარჩონონ, ამ დროს კი შენობა შეიძლება მთლიანად განადგურდეს. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი არაერთი ისტორიული ძეგლია, მაგრამ მარტივად ხდება მათი ფუნქციის შეცვლა, თანამედროვე არქიტექტურისა და ძველის სინთეზი ისე, რომ შენობის ისტორიული მნიშვნელობა არ დაიკარგოს. ჩვენთან კი ეს ან ძალიან რთულად ან თითქმის არ ხდება.

კრძანისის სამთავრობო რეზიდენცია. 1981 წელი

მგონია, ქართულ არქიტექტორულ სივრცეს და მის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არქიტექტორების სერტიფიცირება. ეს პრაქტიკა უცხოეთში არსებობს, ჩვენთან ჯერ-ჯერობით მხოლოდ საუბრების დონეზეა. სერტიფიცირებული არქიტექტორი იღებს ოფიციალურ და იურიდიულ პასუხისმგებლობას განხორციელებულ ობიექტებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა ქვეყნებში სულაც არაა საჭირო, კომპანიაში ყველა მოქმედი არქიტექტორი სერტიფიცირებული იყოს, მთავარია არსებობდეს ერთი პროფესიონალი, რომელიც ნებისმიერ პროექტს შეამოწმებს, ხელს მოაწერს და შემდეგ მას უპრობლემოდ დაამტკიცებს შესაბამისი სამსახური.

თბილისის გამორჩეული არქიტექტურა

არჩილ ქურდიანი: მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ბევრი კარგი შენობა გვაქვს, ჩვენი მხრიდან ცოტა არაკორექტული იქნება მათი გამოყოფა, ამიტომ იმ ნაგებობებს დავასახელებთ, რომლებიც უშუალოდ ჩვენს ოჯახთანაა დაკავშირებული და დიდი ისტორიული, კულტურული ღირებულება აქვს. ერთ-ერთი ასეთი ობიექტია დიდუბის ხიდი (შოთა შალიკაშვილის ხიდი), რომელიც პაპაჩემს, არჩილ ქურდიანს ეკუთვნის.

ასევე პაპაჩემს მოსკოვში ჰქონდა დაპროექტებული საქართველოს პავილიონი, რომელიც ძალიან რთულ არქიტექტორულ პროექტს წარმოადგენდა. შენობა იდგა ისე, რომ მზე უკანა მხრიდან ეცემოდა. პაპაჩემმა კი ფანტასტიკური გამოსავალი იპოვა – მან სვეტების ფასადი გააკეთა, ისინი მთავარ ფასადს დააშორა და ზემოდან ღიობები დატოვა, შედეგად კი მზე უკანა მხრიდან ანათებდა სვეტებს და შუქჩრდილების თამაში იქმნებოდა.

საქართველოს პავილიონი მოსკოვში 1939 წელი

გიორგი ქურდიანი: ჩვენთვის ყველაზე ახლოს ჩვენი ოჯახის მიერ შექმნილი ისტორიული მნიშვნელობის ობიექტებია. ერთ-ერთი მათგანია ტელე-რადიო მაუწყებლობის შენობა (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა), რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე, ისტორიული, ქალაქგეგმარებითი, ურბანული ობიექტია. დღეს ის მართალია, სავალალო მდგომარეობაშია და მის დანგრევაზეა საუბარი, თუმცა ვისურვებდი, რომ მაკეტის სახით მაინც შენარჩუნდეს. ეს შენობა არჩილ ქურდიანმა დააპროექტა, რომელმაც 60-იან წლებში გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. იმ დროს ახალი დამთავრებული იყო “სტალინური ეპოქა” და ეს შენობა სწორედ ახალი ეტაპის დასაწყისს აღწერს. ესაა მრუდხაზოვანი, რკინა-ბეტონისა და მინის ფასადის მქონე ნაგებობა. ამერიკულ ჟურნალებში წერდნენ, რომ ამ შენობით საბჭოთა არქიტექტურაში არქიტექტორული რევოლუცია დაიწყო. ამ ობიექტს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იცნობდნენ და სტუდენტებს ასწავლიდნენ.

მეორე ისტორიული მნიშვნელობის შენობა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაა, რომელთანაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ჩვენს ოჯახს. 1936 წელს მისი ავტორი და მთავარი არქიტექტორი არჩილ ქურდიანი გახლდათ, 1976 წელს პროექტის ფუნდამენტური რეკონსტრუქციის ავტორი (არჩილ ქურდიანთან ერთად) და მთავარი არქიტექტორი კი გია ქურდიანი იყო. პირველი სტადიონი, მისი დანგრევა, ახალი შენობის აშენება და მასთან დაკავშირებული პრობლემები, მოსკოვთან ურთიერთობები, პოლიტიკა, არქიტექტორული კრეატიული ხედვა და ურბანული გადაწყვეტები – ეს  ყველაფერი ჩვენი ოჯახის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

დინამო არენა, 1936 წელი
დინამო არენა, 1976 წელი

ასევე, მინდა აღვნიშნო ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემია, რომელიც ჩემი პირველი დამოუკიდებელი პროექტია საქართველოში. საოცრად გამიმართლა დამკვეთში, ქალბატონ ლეილასთან მქონდა ძალიან სწორი და კორექტული ურთიერთობა და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი შენობაა. როდესაც პროექტი დავასრულე, მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს იყო არქიტექტორი საქართველოში და ამ მოტივაციით შევეჭიდე ამ პროფესიას.

მუშაობის სტილი 

ჩვენი ფილოსოფია არის ფსიქოლოგია. ჩვენ ვსწავლობთ ინდივიდის ფსიქოლოგიასა და ცხოვრების სტილს. როდესაც დამკვეთს ვხვდებით, პატარა “დაკითხვას” ვუწყობთ, რომ გავარკვიოთ მისი ცხოვრების სტილი და გემოვნება. სანამ ამას არ გაიგებ, ვირტუალურად არ წარმოიდგენ მათ ცხოვრებას, შესაბამის პროექტს ვერ განახორციელებ და მეპატრონეები თავს კომფორტულად ვერ იგრძნობენ საცხოვრებელ სივრცეში. ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს კომფორტულად, ეკონომიურად და არქიტექტორული პრინციპების დაცვით.

კერძო სახლი ბაგებში

როდესაც საქმე ისტორიულ და საზოგადო შენობებს ეხება, პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ქალაქის, თავად ამ ნაგებობისა თუ ადგილის ისტორიული წარსულის მიმართ. საზოგადო დანიშნულების მქონე ნაგებობების შემთხვევაში, რთულია ერთდროულად რამდენიმე დამკვეთის განსხვავებული ინტერესის დაკმაყოფილება და ყველასათვის სასურველი შედეგის მიღება. ჩვენ არასდროს გავაკეთებთ იმას, რაც ჩვენს პრინციპებს ეწინააღმდეგება. ყოფილა შემთხვევები, როდესაც შეთანხმებისთვის ვერ მიგვიღწევია და გამოვსულვართ კიდეც პროექტიდან.

კაფე – სამუშაო სივრცე. წავკისი

მთავარი შემფასებელი

არჩილ ქურდიანი: ჩემს ბიოგრაფიაში საინტერესოა ისიც, რომ მე რამდენიმე, განსხვავებული თაობის წარმომადგენელთან მომიწია მუშაობა – პაპაჩემთან, მამაჩემთან და ახლა უკვე ჩემს ვაჟთან. გამოცდილ თაობას განსხვავებული ხედვა აქვს, ახალი კი ახლებურად და თანამედროვედ უყურებს სამყაროს, შუა თაობა ცდილობს ეს ყველაფერი დააბალანსოს. აზრთა სხვადასხვაობისა და ხანგრძლივი დიალოგების შედეგად საბოლოო გადაწყვეტილებამდე ერთად მივდივართ. დასრულებული პროექტის მთავარი შემფასებელი კი დამკვეთია, რომელიც ჩვენს ხედვასა და ნამუშევარს აფასებს, თუმცა არის მეორე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორიც: მე და ჩემმა ვაჟმა აღმოვაჩინეთ, რომ მუშაობის პროცესში ერთნაირი შეგრძნება გვაქვს. სულ ვფიქრობთ, რას იფიქრებდნენ, იტყოდნენ ჩვენს ხედვასა და მიდგომაზე ჩვენი წინაპრები, შემდეგ კი სწორედ ამის მიხედვით ვსაზღვრავთ მომდევნო ნაბიჯს.

მუზეუმი გორში

არქიტექტორის პროფესია დღეს

გიორგი ქურდიანი: ვფიქრობ, 21-ე საუკუნის არქიტექტორი მრავალპროფილური განათლების მქონე ადამიანი უნდა იყოს, რომელიც შეძლებს აიღოს პასუხისმგებლობა კონკრეტული ობიექტის ტექნოლოგიურ თუ კრეატიულ მიდგომებზე. დღეს არქიტექტურისადმი დამოკიდებულება შეცვლილია, თუ წლების წინ მთავარი იყო, რომ ნაგებობის ვიზუალურ მხარეს გაეძლო დიდხანს, ახლა სხვა ფაქტორები გახდა პრიორიტეტული – საინჟინრო ნაწილი, მდგრადი არქიტექტურა, განახლებადი ენერგია, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. შემოდის ისეთი ელემენტები, რომლებიც მეტ ცოდნას მოითხოვს ერთი ადამიანისგან.

მეორე განსხვავება ისაა, რომ ჩვენ არ გვყავს ერთი დამკვეთი, ერთი სტრუქტურა ან მონარქი, არამედ ადამიანები ერთმანეთის დამკვეთები ხდებიან და ჩვენ ერთმანეთთან უფრო გადაჯაჭვულნი ვართ. შესაბამისად, უფრო რთული ხდება გააკეთო ისეთი შენობა, რომელიც ფართო მასებს მოეწონება, ამიტომ აუცილებელია მასების ფსიქოლოგიაზე დაკვირვება და მათთვის კარგი არქიტექტურული პროდუქტის მიწოდება.

კერძო საცხოვრებელი მარელისში

რჩევა ახალგაზრდა არქიტექტორებს

არჩილ ქურდიანი: ახალგაზრდებს, რომლებსაც ამ პროფესიის არჩევა სურთ, ვეტყოდი, რომ მხოლოდ უნივერსიტეტის დამთავრებით, არქიტექტორები ვერ გახდებიან. მათ უნდა ჰქონდეთ მეტი განათლება. აუცილებელი არაა 20 წელი ისწავლო უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ მუდმივი ძიების, ცოდნის, ახალი ინფორმაციის მიღების პროცესი არ უნდა შეწყვიტო. სულ  უნდა გაინტერესებდეს, რა ხდება შენს პროფესიაში და ახალ უნარ-ჩვევებს იძენდე. არქიტექტურა ძალიან მულტიფუნქციური პროფესიაა. თუ ეს არ გაიაზრა ახალგაზრდამ და არ ეცადა საკუთარი თავის მრავალი კუთხით განვითარებას, ის პროფესიონალად ვერ ჩამოყალიბდება.

“ართჰაუსი”

საწოლი მისაღებ ოთახში — როგორ მოვაწყოთ საძინებელი პატარა ბინაში

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ხმაგაუმტარი შესასვლელი კარი – 3 მთავარი კრიტერიუმი