in

არქიმედეს სარკე – დიზაინი, რომელიც სამეცნიერო მოტივებით შეიქმნა

სარკეს, რომელსაც მზის ფორმა აქვს, სახლის ინტერიერში ხშირად შევხვდებით. სარკის ამ საკულტო დიზაინს დიდი ისტორია აქვს და ის „არქიმედეს სარკის“ სახელითაა ცნობილი. როგორც დიზაინერები ამბობენ, არქიმედეს სარკე არა მხოლოდ სახლისთვის საჭირო ნივთი, არამედ ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია.

სარკის სახელი ძველი ლეგენდიდან მოდის, რომლის მიხედვითაც ბერძენმა მეცნიერმა, არქიმედესმა რომაელები სარკის გამოყენებით დაწვა. მეორე პუნიკური ომის დროს, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 212 წელს, რომის არმიამ სცადა დაეპყრო ბერძნული ქალაქი სირაკუზა, სადაც ცხოვრობდა მეცნიერი და ინჟინერი არქიმედესი.

როდესაც რომაელებმა ბერძნების ქალაქებს ალყა შემოარტყეს, არქიმედესმა სარკეები ისე განათავსა, რომ მისი ანარეკლის დახმარებით მზის სხივები რომაელების გემებზე ეცემოდა და ცეცხლს აჩენდა.

მეცნიერები საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ ამ ექსპერიმენტის გამეორებას, მაგრამ ყველა მათგანი წარუმატებელი აღმოჩნდა. XX საუკუნის დასაწყისისთვის, ისინი მთელს მსოფლიოში ერთხმად აცხადებდნენ, რომ არქიმედეს სარკე მხოლოდ ლეგენდა იყო და რეალობასთან არაფერი აკავშირებდა.

თუმცა სარკის, როგორც ინტერიერის ნაწილის, ისტორია შუა საუკუნეებში იწყება. ამ დროს მზეს დეკორატიული მოტივებით იყენებდნენ და მსგავს სარკეს მხატვარ იან ვან ეიკის 1434 წლის ნახატზე ვხვდებით, რომელიც „არნოლფის წყვილის პორტრეტის“ სახელითაა ცნობილი. იმ დროს სარკე პატარა ზომის იყო და ამოზნექილი ზედაპირის გამო, გამოსახულებებს რეალობისგან აცდენილად აჩვენებდა. მისი დიზაინი ლუი XIV – ის მეფობის დროს შეიცვალა.

XVII საუკუნეში ლუდოვიკო XIV-ის ბრძანებით გაიხსნა მინის ქარხანა და სწორედ ამ დროს საგრძნობლად შეიცვალა სარკეების ხარისხიც და ზომაც. ლეგენდის თანახმად, თავად მეფე ყოველ დილით იყურებოდა სარკეში და საკუთარ თავს მზის სხივებს ადარებდა.

XIX საუკუნის დასაწყისში პატარა, მრგვალი სარკეები კვლავ პოპულარული გახდა. ამ დროს ეს დეკორატიული სარკე უკვე ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი, თუმცა XX საუკუნეში უკვე გაჩნდა „არტ დეკოს“ სტილი, სადაც მზე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ინტერიერის დიზაინში.

თანამედროვე სამყაროში არქიმედეს სარკეების ფასები განსხვავებულია და ინდივიდუალურად განისაზღვრება.

არქიმედეს სარკეები უხდება როგორც თანამედროვე, ისე კლასიკური სტილის ინტერიერს და მისი დამზადება სასურველი დიზაინითა და მასალით შეგიძლიათ. სარკეს სივრცეში შუა საუკუნეების დახვეწილი სტილი და ხასიათი შემოაქვს და განსაკუთრებით უხდება ვინტაჟურ სტილში მოწყობილ ინტერიერებს.

House 2 – სინათლითა და მინიმალიზმით სავსე სახლი პორტუგალიაში

ოფისი “სახლური” ინტერიერით – სალომე ავალიანის ნამუშევარი