in

BenBen – ბუნებრივი მინერალებისგან დამზადებული უნიკალური ხელნაკეთი სახელურები საქართველოდან

ზაზა კოშაძე განათლებით მეღვინეა, თუმცა, უკვე 20 წელია, რაც იგი ავეჯის ბიზნესშია ჩართული. ის წლების განმავლობაში მართავდა კახეთში შექმნილ ავეჯის კომპანიას, რომელიც მალევე გაიზარდა და კახეთის ფარგლებს გაცდა. თუმცა, მოულოდნელად, ბიზნესს წარუმატებლობა დაატყდა თავს და ზაზას 2 წლის წინ თბილისში ჩამოსვლა, ახალი შესაძლებლობებისა და საქმიანობის მოძებნა მოუწია.

ზაზა კოშაძე

თუმცა, მანამდე, მისი საყვარელი საქმიანობისას – ნადირობის დროს, რიყის ქვებისგან ფორმები გამოთალა. შედეგი საკმაოდ კარგი აღმოჩნდა და მან ამ პროდუქციის მაღაზიებში განთავსება დაიწყო. შემდეგ კი გადაწყვიტა, მისთვის სრულიად ახალ, მარმარილოს, რიყის ქვისა და გრანიტის სახელურებში ეცადა ბედი. მანამ, სანამ თვითონ შეუდგებოდა საქმიანობას, მსგავსი პროფილის საკმაოდ ბევრი კომპანია მოინახულა და მიხვდა, რომ მისი ტექნოლოგია, რომლითაც ის სახელურების დამზადებას ფიქრობდა, სრულიად განსხვავებული იქნებოდა.

“მითხრეს კიდეც, მაგ ტექნოლოგიით ვერ დაამზადებ სახელურებსო, მაგრამ ადამიანი თუ საკმარისად მოინდომებს, ის აუცილებლად მიაღწევს მიზანს,” – ამბობს ზაზა კოშაძე.

მისი მომდევნო ნაბიჯები ქვის გამორჩეული და ძლიერი ხელოსნების პოვნა იყო, რომლებსაც თავად ხელოვანებს უწოდებს. ეს ადამიანები მან ქვის დამამუშავებელ ცეხში იპოვა, რომელსაც სათავეში ნიკო იაგორაშვილი უდგას. სწორედ ამ ადამიანთან ერთად დაიწყო ზაზა კოშაძემ სახელურებზე მუშაობა.

თავდაპირველად, ხელოვნური ქვით დაიწყეს, თუმცა, რადგან ბუნებრივი ქვა უფრო ძვირფასია და თანაც უცხოურ ბაზარზე გასვლაც იყო მათი მიზანი, ამიტომ მასალის შეცვლა მოინდომეს.

როგორც თავად ამბობენ, მსგავსი ტიპის სახელურებს მსოფლიოში თითქმის არავინ აწარმოებს, რადგან ეს საქმიანობა ძალიან შრომატევადია.

“იმდენად კარგადაა ჩვენი სახელურები დამუშავებული, ვერავინ მიხვდება, რომ ხელით ნამუშევარია. ვფიქრობთ, საქართველოში ამ ტიპის საქონელი თითქმის არავის შემოაქვს, არათუ ამზადებს. თითოეული სახელური 9 სხვადასხვა საპრიალებლით პრიალდება, რაც ძალიან დიდ შრომასა და დროს მოითხოვს.”

გამორჩეული, დიდი შრომით დამზადებული პროდუქციისა და ბრენდის სახელწოდების მიღმა  განსაკუთრებული ისტორიაც იმალება. სახელწოდება “ბენბენის” დარქმევის იდეა ზაზა კოშაძეს შემთხვევით არ მოსვლია. ბენბენი პირამიდების თავში მყოფ ქვას ეწოდება, რომელიც დღეს კაიროს მუზეუმში ინახება. როგორც მეცნიერები ამბობენ, ბენბენის ქვა დედამიწაზე ჩამოვარდილი მეტეორის შედეგად გამოითალა. როგორც ცნობილია, პირამიდების მშენებლებს ყველაზე საინტერესო და გასაოცარი ტექნიკა ჰქონდათ – ისინი ხომ ერთგვარად ოსტატებიც კი იყვნენ ამ საქმის. სწორედ აქედან გამომდინარე იფიქრა ბენბენის დამფუძნებელმა, რომ თავისი ახალი საქმიანობა ძველი ტრადიციისა და ტექნიკისთვის დაეკავშირებინა. სახელწოდებასთან ერთად, აღსანიშნავია ლოგოც, რომელიც ზაზა კოშაძემ თავადვე დახატა.

აქვე შეგახსენებთ, რომ “ბენბენი” ახლადგახსნილი საწარმოა და ის სწორედ ახლა იდგამს ფეხს ქართულ ბაზარზე. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, მათი სამომავლო გეგმა უცხოურ ბაზარზე გასვლაა, რადგანაც კომპანიის გუნდი თვლის, რომ მისი პროდუქცია ნამდვილად იმსახურებს არამხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალური სინათლის ხილვას.

ინტერიერი, როგორც ცოცხალი ისტორია – ხათუნა ჩხეიძის ბინა ვაკეში

5 დიზაინერული იდეა, რომელიც ნეიტრალური ელფერების სრულყოფილებამდე დახვეწაში დაგვეხმარება