in ,

ინტერიერი, როგორც ცოცხალი ისტორია – ხათუნა ჩხეიძის ბინა ვაკეში

Banner M2
Banner M2

ბინა, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნების ნიმუშია. საკმარისია ერთი წამით შეიხედოთ აქ და მაშინვე თვალში მოგხვდებათ ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრების დატვირთული კედლები, ძველებური ავეჯი და ნივთები, ძველი ფოტოები.. ამ სახლს ხელოვნების ნიმუშად არამხოლოდ ნახატები, არამედ აქ მომხდარი ისტორიები და აქ ნამყოფი ადამიანები აქცევს.

თავდაპირველად გეტყვით იმას, რომ ეს სახლი 1956 წელს აშენდა და მისი პირველი მფლობელები რეჟისორ რეზო ჩხეიძის დედ-მამა იყვნენ. შემდეგ სახლი შვილსა და შვილიშვილებს გადმოელოცათ და მან თითქმის პირვანდელი სახით მოაღწია დღემდე. დღეს უკვე აქ რეზო ჩხეიძის ქალიშვილი, ხათუნა ჩხეიძე ცხოვრობს.

ხათუნა პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, ის “გალერეა შარდენის” დამფუძნებელი და დირექტორია. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი მისთვის რელევანტურ გარემოში ცხოვრობს – გარემოში, რომელიც დროთა განმავლობაში თავისთავად შეიქმნა.

“მთელი ცხოვრებაა, ამ სახლში ვცხოვრობ, აქ დავიბადე და აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი ისტორია მაკავშირებს მასთან. თვითონ სახლის ინტერიერიც პერიოდულად, თავისით ჩამოყალიბდა – აქ სპეციალურად არაფერია გაკეთებული,” – გვიყვება ხათუნა ჩხეიძე.

თითქმის შეუძლებელია თანამედროვე ენაზე ვისაუბროთ ამ სახლზე, როცა აქ ყველაფერი საკმაოდ ძველია. თუმცა, როგორც ყველა სახლი, აქაურობაც აერთიანებს – მისაღებ და სასადილო ოთახებს, სამზარეულოს, საძინებელსა და ერთ სველ წერტილს. მისაღები და სასადილო ოთახები ერთგვარად ერთმანეთის გაგრძელებაა – ისინი ძალიან ჰგავს ერთმანეთს სწორედ იმ ნამუშევრების გამო, რომლებიც ორივე ოთახში უხვადაა კედლებზე გამოფენილი.

“სახლში არსებული ნამუშევრების დიდი ნაწილი ძველი მხატვრების შემოქმედებაა – გუდიაშვილი, კაკაბაძე, თენგიზ მირზაშვილი, ფარაჯანოვი, გოგი მესხიშვილი, რეზო გაბრიაძე, ზურაბ ნიჟარაძე.. ისინი თავად ჩუქნიდნენ მამაჩემს ამ ნამუშევრებს; შედარებით უფრო თანამედროვე მხატვრების ნამუშევრების ნაწილი კი თავად მე შევიძინე.”

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სახლის უმეტესი ნაწილი ძველი ფორმითვეა დღემდე მოტანილი. ასევე, არის კონკრეტული დეტალები, რომლებიც განახლდა (მაგალითად, წიგნების კარადა, დივანი და სხვა დეტალები). მასიურად განახლდა სამზარეულოს ნაწილი და აბაზანა 2 წლის წინ. როგორც ხათუნა გვიყვება, სახლის მოცემულობის გამო, სამზარეულოს განახლება აღმოჩნდა ძალიან რთული. გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ სამზარეულო უნდა განახლებულიყო, საჭირო იყო მისი მიმდებარე ნაწილების ე.წ “შეფუთვა”. საბედნიეროდ, სარემონტო სამუშაოები ძალიან ფრთხილად ჩატარდა და არაფერი დაზიანებულა. მისივე შეფასებით, სამზარეულოსა და სხვა ოთახების ინტერიერებს შორის დიდი დისონანსი არაა და საერთო ინტერიერიდან ეს ნაწილები განახლების შემდეგ არ ამოვარდნილა.

შესავალში ვახსენეთ, რომ ამ სახლში რეზო ჩხეიძე ცხოვრობდა. ლოგიკურია, რომ ეს სახლი არამხოლოდ საცხოვრებელი სივრცე, არამედ ძალიან ხმაურიანი, მხიარული და საინტერესო აქტივობებით დატვირთული სივრცე უნდა ყოფილიყო.

“მე ძალიან მიყვარს, როცა სახლში მყუდრო გარემო და საინტერესო ატმოფეროა – ვფიქრობ, ჩემი სახლიც ასეთია. ამ ატმოსფეროს, რასაკვირველია, ხელოვნების ნიმუშები ქმნის და, ასევე, ამაში ბიბლიოთეკაც დიდ როლს თამაშობს. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ცოცხალი ისტორიაა ამ სახლთან დაკავშირებული – ბევრი სტუმარი და საინტერესო ადამიანი დადიოდა აქ, სულ სიცოცხლით და აქტუალური ამბებით იყო სავსე აქაურობა, რაც, რა თქმა უნდა, ხელოვნების აურას ქმნიდა – ვგულისხმობ არამარტო სახვით ხელოვნებას, არამედ კინოს, თეატრს, ლიტერატურას და ა.შ მოკლედ რომ ვთქვათ, ამ სახლში სულ სადღესასწაულო განწყობა იყო.”

კითხვაზე, თუ სახლის რომელ კუთხეში უყვარს ყველაზე მეტად ყოფნა, ხათუნა ჩხეიძე გვპასუხობს, რომ მისთვის ამგვარი კუთხე საძინებელი და მისაღები ოთახია. მისი მშობლების დროს სხვანაირად იყო – მთავარი მოქმედება სასადილო ოთახში ხდებოდა, სტუმრები იქ იყრიდნენ თავს, ხათუნას მეგობრები კი მისაღებ ოთახში იკრიბებიან ხოლმე.

“მე მიყვარს სახლები, სადაც იგრძნობა ინდივიდუალიზმი – რომ შედიხარ და მაშინვე ჩანს სამყაროსადმი დამოკიდებულება, იდენტობა. როცა ჩანს ადამიანის სული, მისი მისწრაფებები, რა სიამოვნებს, სად გრძნობს თავს ჰარმონიულად და ა.შ როცა ეს ყველაფერი ინტერიერში ჩანს, ამით შენ გარკვეული შთაბეჭდილება გექმნება მასპინძელ ოჯახსა თუ ადამიანზე.”

და ბოლოს, აპირებს თუ არა ამ სახლში რაიმე შეცვალოს, იგი ასე გვპასუხობს: “არა, არა და არა.. როდესაც რაიმე ცვლილებაზე მიფიქრია, მაშინვე გადამიფიქრებია. სიახლეების წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, არ ვარ, მაგრამ ჯერჯერჯობით მომწონს როგორიც არის და მერე ვნახოთ რა იქნება.”

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე 

ტური მოდელ Elsa Hosk-ის ნიუ იორკის სახლში

BenBen – ბუნებრივი მინერალებისგან დამზადებული უნიკალური ხელნაკეთი სახელურები საქართველოდან