in

ბინა თანამედროვე და მინიმალისტურ სტილში ავლაბარში — თამარა წითლიძის ნამუშევარი

დღეს გაგაცნობთ თამარა წითლიძის ახალ პროექტს, რომელიც ავლაბარში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 50 მ2-ია. საპროექტო დავალება გულისხმობდა საინვესტიციო სივრცის მოწყობას, რომელიც როგორც საცხოვრებლად, ასევე დღიურად გაქირავებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნიდა და 2-3 ადამიანისთვის კომფორტულ გარემოს უზრუნველყოფდა. დიზაინერისთვის ერთგვარი გამოწვევა აღმოჩნდა ის, რომ პროექტზე მუშაობა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა, რაც დიდ პასუხისმგებლობას აკისრებდა პროექტის ავტორს, რომელმაც დავალებას წარმატებით გაართვა თავი.

ბინის თავდაპირველი გეგმარება არ შეცვლილა, თუმცა დიზაინ გადაწყვეტილებების შედეგად, თითოეული ოთახი საკმაოდ გაშლილი და კომფორტული გამოვიდა.

დიზაინ კონცეფცია მინიმალისტური სტილისა და მცირე, კონტრასტული აქცენტების ჰარმონიული სინთეზით შეიქმნა. ინტერიერი კი ტილოსა და ხავერდის ფაქტურების გამოყენებით მოეწყო. კედლები თეთრ ფერშია გადაწყვეტილი და ღია ფერის იატაკის საფარს ეხამება.

შემოსასვლელი საკმაოდ პატარა, თუმცა ფუნქციურია. კედლებზე ჩაშენებული კარადებია დაპროექტებული, რაც დამატებით სათავსოს ქმნის. სარკეს კი პრაქტიკული და ესთეტიკური დანიშნულება აქვს, ასევე სივრცის ვიზუალურად გაზრდას უწყობს ხელს.

ბინა სტუდიოს ტიპისაა, სადაც გაერთიანებული მისაღები და სამზარეულო ზონა გვხვდება. სივრცეში თანამედროვე ესთეტიკა და მინიმალისტური სტილი იგრძნობა, რომელშიც ფერადი აქცენტები ავეჯის, ნახატებისა და აქსესუარების სახით შემოდის.

მისაღები სივრცის მთავარ ელემენტს ნარინჯისფერი ხავერდის დახვეწილი დიზაინის ტახტი წარმოადგენს, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ტილოს ლურჯ ფარდებს. ამავდროულად, ერთგვარ კავშირს ამყარებს ამავე ტონალობის ნახატებთან, რომლებიც სივრცეს თანამედროვე იერსახეს სძენს.

მოსასვენებელ კუთხეში გვხვდება ტელევიზორის კედელი, რომელიც მინიმალისტურადაა მოწყობილი და მცირე ზომის აქსესუარებითაა გაფორმებული.

სამზარეულოში მსუბუქად შემოდის ღია ვარდისფერი ტონალობა, რომელიც ჩაშენებულ კარადებზე გვხვდება, რაც ოთახში ერთიანობისა და მინიმალიზმის განცდას აძლიერებს. სამზარეულოს კუნძული, რომელიც სასადილო მაგიდის ფუნქციასაც ითავსებს, მისაღებსა და სამზარეულოს ერთმანეთისგან მიჯნავს. სივრცის ფუნქციურ ზონებად დასაყოფად მნიშვნელოვან როლს ასრულებს წერტილოვანი განათებაც, რომელიც საინტერესო დეკორატიულ შტრიხებს ქმნის.

საძინებელში მსუბუქი ფერთა პალიტრა მეორდება, რომელშიც მუქი მწვანე აქცენტი იჩენს თავს. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ხავერდის მწვანე საწოლი და სკამი, რომელიც სამუშაო კუთხეშია მოთავსებული. მიმზიდველი დიზაინ ელემენტია საწოლთან არსებული კედლის პანელიც, რომელიც განათებასთან ერთად მარტივ, მინიმალისტურ ფორმებს უსვამს ხაზს. საძინებელში გამოყოფილია საგარდერობო ზონაც და კედლის ერთ მხარეს სრულად სათავსო კარადებია მოწყობილი.

სააბაზანო ოთახი ტერაცოს ფერადი ფილებითაა მოპირკეთებული, რომელსაც მუქი ლურჯი ავეჯი იდეალურად ეხამება, მიმზიდველი შტრიხები კი შავი ფერის ელემენტებს შეაქვს. პატარა სივრცის მიუხედავად, კომპაქტურადაა გადანაწილებული თითოეული ზონა და მაცხოვრებლებს კომფორტულ პირობებს სთავაზობს.

თამარა წითლიძის ნამუშევარი თანამედროვე მინიმალისტური ინტერიერით ხასიათდება, რომელშიც გემოვნებიანად ინტეგრირდება მკვეთრი და თამამი აქცენტები. ბინა მაცხოვრებლებს სრულ კომფორტს უქმნის და სწორი გეგმარებით და დიზაინ გადაწყვეტილებების შედეგად ფუნქციურ, მოსახერხებელ და დახვეწილ სივრცეს უზრუნველყოფს.

პროექტის ავტორი: თამარა წითლიძე

ინტერიერის დიზაინის სტუდია: Khazi studio

გამოყენებული მასალა:   

აბაზანის ფილები: „იდეალი“

შემრევები: „VitrA Georgia“

კედლის მოპირკეთება: „Derufa Georgia“

განათება: „Brand R“

ავეჯი: „MODERNO“, „ლაბორატორია ჩემი სახლი“, „Scala Home“, „JYSK“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: Yaroslav Lukiyanchenko

The Bank of America Tower – თანამედროვე სტანდარტებით შექმნილი ცათამბჯენი ნიუ-იორკში

მარიამ მენაბდე და დავით დანელია ბრიტანეთის სამეფო არქიტექტორთა ინსტიტუტის (RIBA) სავალიდაციო პანელის წევრები გახდნენ