პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე 28 კვადრატული მეტრის ბინა თაკო ტომარაძისთვის მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე არ არის — ის ზუსტი დაგეგმვის, ესთეტიკური დეტალებისადმი სიყვარულისა და ფუნქციურობის მაგალითია. თავდაპირველად, როცა ბინა თეთრი კარკასის მდგომარეობაში შეიძინა, მისი ჩანაფიქრი იყო ერთი დიდი ღია სივრცის შენარჩუნება, რომელშიც მხოლოდ სამზარეულო და გასაშლელი დივანი განთავსდებოდა. თუმცა, პროექტის განვითარებასთან ერთად, თაკომ მიზნად დაისახა, ბინაში სამივე ძირითადი ზონა — საძინებელი, მისაღები და სამზარეულო — ერთმანეთისგან გამიჯვნილი ყოფილიყო ისე, რომ სივრცის გახსნილობა არ დაეკარგა.
ამ ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ჩანაფიქრის რეალობად ქცევა პრაქტიკული გადაწყვეტილებების წყალობით გახდა შესაძლებელი. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სივრცის ზონირება მინიმალური ჩარევით. სწორედ ამიტომ, თაკომ აირჩია ალუმინის ვიტრაჟული კონსტრუქცია, რომლის მეშვეობითაც საძინებელი დამოუკიდებელ სივრცედ ჩამოყალიბდა ისე, რომ ბუნებრივი განათება მთელ ბინას შეუნარჩუნდა.
სამზარეულოსა და მისაღების კომპაქტურად განლაგება სპეციალურად შერჩეული მცირე ზომის ავეჯის დახმარებით მოხერხდა, რაც საშუალებას აძლევს სივრცეს, ვიზუალურად მსუბუქი და თავისუფალი დარჩეს.
აბაზანაც ერთ-ერთი კარგად დაგეგმილი კუთხეა, სადაც სხვადასხვა განლაგების სცენარების განხილვის შემდეგ, თაკომ იდეალური კომბინაცია აირჩია.
თუმცა ბინის განსაკუთრებულობას მხოლოდ გონივრულად დაგეგმილი გეგმარება არ განსაზღვრავს. როგორც თავად ამბობს, მცირე დეტალები, როგორებიცაა დეკორატიული განათება, კედლის მოლდინგები, ხის პანელები, მცენარეები და ნახატები, საბოლოო შედეგს განსაზღვრავს. ამ ელემენტებმა ინტერიერს შემატა ინდივიდუალური ხასიათი და მყუდროება — ის განცდა, რომელსაც თაკო საკუთარ სივრცეში ყველაზე მეტად აფასებს. მისთვის სახლი მხოლოდ ფუნქციური სივრცე კი არა, ემოციური თავშესაფარიც არის, სადაც დეტალებისადმი სიყვარული ყოველდღიურ ცხოვრებას განსაკუთრებულად აქცევს.