in ,

“შემოქმედებითი სახელოსნო #4” – ნიკა მამულაშვილის თანამედროვე ბინა საუცხოო ხედით

ნიკა მამულაშვილი თიბისი ბანკის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ლიდერია. მან საკუთარი საცხოვრებელი ბინა 2014 წელს შეიძინა სრულიად დაუგეგმავად. თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან მიიჩნევს, რომ ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. ბინა ვაკის პარკთან ახლოს მდებარეობს და როგორც ნიკა გვიამბობს, თავდაპირველად ეს სივრცე სახელოსნოდ იყო დაპროექტებული. სწორედ ამ დეტალიდან გამომდინარე, ბინას გამორჩეული გეგმარება და საუცხოო ხედები გააჩნია, რაც არავის ტოვებს გულგრილს. სწორედ ასე მოხდა ნიკა მამულაშვილის შემთხვევაშიც. დღეს ის Homeis.ge-ს მასპინძლობს საკუთარ სახლში და მისი ინტერიერის შექმნის შესახებ გვიამბობს:

Banner M2
Banner M2
ნიკა მამულაშვილი მეუღლესთან ერთად

– ნიკა, გვიამბეთ თქვენი სახლის შესახებ. როგორ შეიძინეთ ის და რამ მოგხიბლათ მასში პირველ რიგში?

– სახლი სრულიად შემთხვევით შევიძინე. მაშინ ქირით ვცხოვრობდით და არც ვაპირებდი ბინის ყიდვას. საერთოდ არ დავინტერესებულვარ და არ მიძებნია ბინები, ერთი განცხადებაც კი არ მინახავს. ერთ საღამოს მეგობარმა უბრალოდ ახსენა, რომ მისი ახლობელი ყიდდა ვაკის პარკთან სახელოსნოს. ასე დავინტერესდი ამ ფართით. როცა აქ შემოვედი, იმდენად მომეწონა ეს სივრცე, არც დავფიქრდი, პირდაპირ ბანკირს დავუკავშირდი და ვთხოვე დამხმარებოდა.
ყველაზე მეტად დიდმა ფანჯრებმა და აქედან გადაშლილმა ხედმა მომხიბლა. არც მოველოდი, რომ ასეთ ხმაურიან გამზირზე ამდენად მყუდრო ადგილის პოვნა იყო შესაძლებელი. სხვათაშორის, როგორც მერე აღმოჩნდა, ზაფხულში აქ მდინარე ვერედან ბაყაყების ყიყინიც კი ისმის ტრანსპორტის ხმაურის ნაცვლად.

– როგორ მდგომარეობაში იყო ბინა შეძენის მომენტისთვის?

– ეს სახლი 80-იანების მიწურულს, ენგურჰესის მშენებლების მიერაა აშენებული და პირვანდელი მოწესრიგების – “რემონტის” გარდა დიდი არაფერი იყო შეცვლილი. მოგეხსენებათ, 90-იანების ტრენიდი აივნის ამოშენება და “გალოჯება” იყო. როგორც ჩანს, ამ კუთხით არც ჩვენი ბინის ყოფილი მესაკუთრე იყო გამონაკლისი. ამის გარდა ფაქტიურად არაფერი იყო შეცვლილი. არ ვიცი რა პრინციპით მოხდა, თუმცა ამ შენობის ბოლო სართული სპეციალურად სახელოსნოებისთვის იყო დაპროექტებული და აშენებული, თავდაპირველი მესაკუთრეებიც მხატვრები იყვნენ. ბინის ნომერიც კი, საჯარო რეესტრში, რეგისტრირებულია როგორც “შემოქმედებითი სახელოსნო #4”.

– გვიამბეთ რემონტის პროცესზე. როგორია თქვენი გამოცდილება ამ მხრივ?

– სიმართლე გითხრათ, სარემონტო სამუშაოებისა და ხელოსნებთან ურთიერთობის მცირე გამოცდილება მქონდა. თუმცა, ვფიქრობ, ეს პროცესი საკმაოდ გამიადვილდა. ზოგადად, ვერ ვიტან გაწელილ პროცესებს ცხოვრებაში, ამიტომ ასე ვთქვათ, უკან დასახევი ყველანაირი გზა მოვიჭერი და ბინის მესაკუთრეს (ვისთანაც მანამდე ქირით ვცხოვრობდით) შევუთანხმდი, რომ 31 დეკემბერს გავათავისუფლებდით ნაქირავებ ბინას. ასე რომ, რემონტისთვის არასრული სამი თვე დავიტოვეთ. აქედან თითქმის ერთი თვე მხოლოდ ძველი სივრცის დემონტაჟსა და სამშენებლო ნაგვის გატანას მოვანდომეთ. ახლა რომ ვფიქრობ, არც კი მჯერა, როგორ მოვასწარით ამ ყველაფერის ასე სწრაფად მოწყობა, თუმცა სხვა გზა არც გვქონდა, ახალ წელს ქუჩაში ხომ არ დავრჩებოდით.

 

– როგორც ვიცით, თქვენ აქტიურად იყავით ჩართული ბინის ინტერიერის შემუშავების პროცესში. რა იყო თქვენი მთავარი სურვილი ამ მხრივ?

– ინტერიერში ძალიან მომწონს ბეტონი და ხე, ამიტომ ძირითადი აქცენტი ამ მასალებზე გავაკეთეთ. დანარჩენ გარემოზე ბევრი არ გვიფიქრია, უბრალოდ თეთრად შევღებეთ. ბუხრის გაკეთებას საერთოდ არც კი ვაპირებდით, თუმცა ძველი რემონტის გასუფთავებისას ჭერში აღმოვაჩინეთ ნაპრალი, რომელიც შელესილი იყო. ალბათ თავის დროზე მას შეშის ღუმელისთვის იყენებდნენ, გასათბობად. სწორედ ამ ამოლესილი ნაპრალის დამსახურებაა, რომ დღეს ბუხარი გვაქვს. ჩემი მთავარი მთავარი სურვილი თავისუფალი სივრცის შენარჩუნება იყო. ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად გამოგვივიდა.

– რომელ სივრცეს გამოარჩევდით თქვენს ბინაში და რატომ?

– ვფიქრობ, ერთ-ერთ ჩვენი საყვარელი ადგილი სამზარეულოს ბარია, რომლის გარშემოც თითქმის ყოველდღიურად ოჯახის წევრები და მეგობრები ერთმანეთს პოზიტიურ ემოციებს ვუზიარებთ, მათ შორის ალკოჰოლთან ერთადაც. ამ ყველაფერში ბარის მაგიდაში ჩაშენებული ღვინის თაროებიც ძალიან გვიწყობს ხელს. ასევე გამოვყოფდი ანტრესოლზე მოწყობილ ორანჟერიასა და საძინებელს, რომელიც ძალიან კარგი ადგილია მოსასვენებლად.

– პანდემიის პერიოდში ბევრმა ადამიანმა გადაიაზრა სახლის მნიშვნელობა. როგორ მოხდა ეს თქვენ შემთხვევაში? დაინახეთ თუ არა საკუთარი საცხოვრებლის როლი განსაკუთრებული რაკურსით თანამედროვე რეალობის გათვალისწინებით?

– პანდემიის პერიოდში გაცილებით მეტი დრო გავატარეთ სახლში, ვიდრე მაქამდე მთელი ცხოვრების განმავლობაში. რაღაც მომენტში ვფიქრობდით, რომ მოგვბეზრდებოდა ეს ყველაფერი, თუმცა ჯერჯერობით ეს ასე არ არის. პირველი ლოქდაუნის გამოცხადებამდე 2 დღით ადრე შევიძინეთ ახალი ტელევიზორი, დივანი და PlayStation4, რაც ძალიან დააგვეხმარა ბავშვებისთვის სტრესი აგვერიდებინა შეძლებისდაგვარად. მისაღებში სივრცე საკმარისია, ამიტომ ხანდახან ფეხბურთსაც კი ვთამაშობდით. მართალია, ამ ყველაფერს პერიოდულად ნათურები და ჭიკები ეწირებოდა, მაგრამ სამაგიეროდ ფაქტიურად ვერც კი გავიგეთ როგორ ჩაიარა ამ ლოქდაუნმა.

– და ბოლოს, რა რჩევას მისცემდით ადამიანებს, ვინც ახლა იწყებს სახლის რენოვაციის პროცესს?

– ჩემი რჩევა იქნება, ფარდების არსებობა დაივიწყონ და რენოვაციისას ეცადონ, რაც შეიძლება მეტი სივრცე და კედელი დატოვონ შეუვსებელი. დროთა განმავლობაში ასეთი ცარიელი სივრცეების შევსებას ახალი სიცოცხლე შემოაქვს სახლში.

 

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე 

ივანე ქათამაშვილი მსოფლიოს 100 გამორჩეულ არქიტექტურის ფოტოგრაფს შორის მოხვდა

საოცნებო აბაზანა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით – გაიგეთ როგორია თქვენი სტილი