in ,

ბინა ვაკის პარკთან – უმშვენიერესი კონდიტერის ინტერიერი

Banner M2
Banner M2

მირანდა ნადიბაიძე პროფესიით ფინანსისტია, თუმცა დღეს ის კონდიტერობით არის დაკავებული და მისი ყოველდღიური საქმიანობა უგემრიელესი დესერტების მომზადებას გულისხმობს. სწორედ აქედან გამომდინარე, სამზარეულო მისთვის განსაკუთრებით საყავრელი ადგილია სახლში, სადაც ის ყველაზე მეტ დროს ატარებს. როგორც Homeis.ge-თან საუბრისას აღნიშნავს, მირანდასთვის სახლი არის “მაქსიმალურად მყუდრო და კომფორტული ადგილი, სადაც შესაძლებელია გარე სამყაროსგან მოწყვეტა და საკუთარი “მიკროკლიმატის” შექმნა”.

ბინა, რომელშიც მირანდა მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს, მათ 4 წლის წინ შეიძინეს. მომავალი საცხოვრებლის შეძენის დროს მირანდა ორსულად იყო, სწორედ ამიტომ მისთვის მთავარ კრიტერიუმს ვაკის პარკთან სიახლოვე წარმოადგენდა, რათა მას იქ შვილებთან ერთად სეირნობის საშუალება ჰქონოდა.

“მიუხედავად იმისა, რომ ბინა იყო გარემონტებული, გადმოსვლამდე ჩვენ მაინც განვაახლეთ ყველაფერი და სივრცის გეგმარებაც შევცვალეთ. ეს პროცესი იყო ძალიან რთული, რადგან როგორც ცნობილია, ხელოსნებთან ურთიერთობა საკმაოდ სტრესულია, ვინაიდან უმრავლეს შემთხვევაში რემონტის გეგმის მიხედვით დასრულება შეუძლებელია.  ჩვენ კი იმ დროს ძალიან ვჩქარობდით, რადგან გვსურდა ახალ ბინაში ბავშვის დაბადებამდე გადავსულიყავით, მაგრამ ეს არ გამოგვივიდა. კიდევ ერთი მომენტი, რის გამოც ჩვენი გადმოსვლა შეფერხდა, იყო ის, რომ მიუხედავად თბილისში არსებული მაღაზიების სიმრავლისა, ადგილზე ძალიან მწირი არჩევანი აღმოჩნდა, ხოლო შეკვეთილი ნივთების საქართველოში ჩამოტანა 3-4 თვიან ლოდინს საჭიროებდა”, – იხსენებს მირანდა

სახლის მდებარეობა, ბინის ფერთა კონკრეტული პალიტრა, ფუნქციური ნივთების არსებობა ინტერიერში, სისადავე და მარტივი გადაწყვეტილებები – ეს ის ჩამონათვალია, რაც მირანდამ ზუსტად იცოდა მისი საოცნებო სახლის შესახებ, თუმცა კონკრეტული წარმოდგენა მომავალ საცხოვრებელზე მას არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ, მან პროფესიონალი დიზაინერს მიმართა დახმარებისთვის. “ჩემი აზრით, ინტერიერის მოწყობის პროცესში აუცილებელია პროფესიონალის ჩართულობა, რადგან  სწორედ მისი საშუალებითაა შესაძლებელია სასურველი გარემოს მოწყობა “დიზაინერული ხრიკებით” ისე, რომ წინასწარ განსაზღვრულ ბიუჯეტს არ გადავაჭარბოთ, მოვახდინოთ ფერთა სწორი შეხამება, ზონალური დაყოფა და ასევე შევძლოთ ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ოჯახის ყველა წევრი კომფორტულად იგრძნობს თავს მათი განსხვავებული გემოვნების მიუხედავად”, – ამბობს მირანდა

ფოტოგრაფი: ნინუცა მანდარია

ელექტროობის გეგმარების მთავარი პრინციპები – რუსუდან თუმანიშვილის გიდი

3 გავრცელებული მითი შეკიდული უნიტაზების შესახებ