in

როგორ შეცვალა იტალიურმა ბრენდმა – Bitossi-მ კერამიკა სამუდამოდ

მეთუნეობის ხელოვნება, როგორც წესი, ასახავს განმარტოებულ ოსტატს, რომელიც პატარა სახელოსნოში მუშაობს და არა გლობალური პროფილის მქონე დიდ ქარხანაში. თუმცა, იტალიურმა კერამიკის მწარმოებელმა კომპანიამ – Bitossi-მ ოსტატობის კომერციულ წარმატებასთან გაერთიანება შეძლო. Bitossi ყველაზე მეტად ცნობილია საკუთარი შუა საუკუნის გამოშვებით, განსაკუთრებით “Rimini Blu” ლარნაკებისა და სტატუეტების სერიით მოლურჯო-მოცისფრო ფერებში. თუმცა, კომპანიის პროდუქციის ფესვები რენესანსის ეპოქამდე აღწევს.

იმ დროისათვის, როდესაც 1921 წელს გვიდო ბიტოსიმ ბრენდი დააარსა, მისი ოჯახი უკვე კერამიკის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის ნაწილი იყო. 1530-იანი წლებიდან, მონტელუპო ფიორენტინოში, ფლორენციის მახლობლად, ბიტოსის წინაპრები ღუმელის მუშები, მოქანდაკეები, მხატვრები და მეთუნეები იყვნენ. ეს ტერიტორია იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამეთუნეო ცენტრი იყო, სადაც განსაკუთრებით თუნუქით მოჭიქული მაიოლიკა (ჭიქურითა და ნახატით დაფარული გამომწვარი თიხა) მზადდებოდა. მართლად, ბიტოსის ქარხანა თავდაპირველად ცნობილი იყო, როგორც “Maioliche artistiche Guido Bitossi”.

ომის შემდგომ პერიოდში, გვიდოს ოთხმა ვაჟმა (ვიტორიანო, მარჩელო, მარიო და კარლო), კერამიკოსის – ალდო ლონდის დახმარებით, Bitossi თანამედროვე დიზაინერულ კომპანიად გადააკეთეს.

ლონდი მონტეპულოს მკვიდრი იყო და მან ნიჭი ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა. საღამოობით, სკოლის დამთავრების შემდეგ, იგი კერამიკისადმი ლტოლვას ადგილობრივ ქარხანაში იცხრობდა. 11 წლის ასაკში ის Fratelli Fanciullacci-ში შეგირდი გახდა. როდესაც 1946 წელს Bitossi-ს სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავა, მან ოსტატობისა და ინოვაციების შესახებ თავისი ორმაგი იდეალები დააბალანსა. ლონდის მიერ შექმნილი საგნები თანამედროვე სახლის მკვიდრთათვის კომპანიონებს წარმოადგენდა, რაც განასახიერებს მის რწმენას, რომ ხელოვნება ყოველდღიურ ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს.

ალდო ლონდი

შთაგონებული ყველაფრით, დაწყებული უძველესი ეტრუსკული ხელნაკეთობებით, დამთავრებული პიკასოს თიხის ჭურჭლით, ლონდი თავის ნამუშევრებში სკულპტურებისა და ფერწერის ელემენტებს აერთიანებდა. იგი კათხებსა და ლარნაკებზე სახეებს გამოსახავდა, ქმნიდა ცხოველებისა და ფრინველების სტილიზებულ, ორნამენტებიან ფიგურებს. ასევე, მან Bitossi ცნობილი გახადა ფერადი მინანქრებით: “Rimini Blu” ასორტიმენტი ადგილობრივ, Colorobbia-ს ქიმიურ ქარხანასთან თანამშრომლობით შეიქმნა. ლონდი სათავეში ჩაუდგა მხატვრებთან და დიზაინერებთან მუშაობის ბიტოსისეულ ტრადიციას. 1950-იანი წლების შუა ხანებში მან არქიტექტორ ეტორ სოტსასს კერამიკა გააცნო და მათ ერთად ჭურჭლის, როგორც სახლის სკულპტურის, იდეა დახვეწეს.

სოტსასის გეომეტრიული თასები და ლარნაკები, რომელთა შეძენა კვლავ შესაძლებელია, დეკორაციას ფუნქციასთან აერთიანებს. ეს ჩვეულება ისევ და ისევ თანამედროვეობას ანიჭებს ბრენდს, რომელსაც ახლა ვიტორიანო ბიტოსის დისშვილი – ჯინევრა ბოჩინი ხელმძღვანელობს. ბოლო გამოშვებებში შედის ფრანგი მხატვრის – პიერ მარის სამაგიდო ჭურჭელი და ლარნაკები, რომლებიც ბიტოსის არქივის ისტორიული ნაწარმოებებით არის შთაგონებული, ასევე Formafantasma-ის ლარნაკები დაუმუშავებელი, მოტეხილი კიდეებით.

1983 წელს ლონდი და სოტსასი მონტელუპოს კერამიკის მუზეუმის შესაქმნელად თანამშრომლობდნენ, ამ მიღწევას ახლა ბიტოსის არქივის მუზეუმი მოჰყვა. კომპანიის დაარსებიდან 100 წლის თავზე გახსნილი ადგილი წარმოგიდგენთ ბრენდის რეტროსპექტივას, რომელიც, ბოჩინი ბიტოსის თქმით, „იტალიური დიზაინის შესახებ კერამიკის საშუალებით მოგვითხრობს და ნივთების მომავალი ფორმის ეჭვქვეშ დაყენებას არასოდეს წყვეტს.“

ფერადი ჭერის მოწყობისას დაშვებული 4 მთავარი შეცდომა

სახლად გარდასახული არტ სტუდია – Valentino Architects-ის ნამუშევარი