in

ბეტონი ინტერიერში როგორც თანამედროვე დიზაინ ტრენდი

ბეტონის ინტერიერის დიზაინში გამოყენების ფენომენი ნამდვილად არაა ახალი, თუმცა, დიდი ხანი არაა, რაც ეს მასალა პოპულარულ ტრენდად იქცა, რისი შემჩნევაც განსაკუთრებით თანამედროვე პროექტებში შეგვიძლია.

Tbc Insurance
Tbc Insurance

ბეტონის დიზაინში გამოყენებას მრავალი ვიზუალური და პრაქტიკული პლიუსი აქვს, ამიტომ მან ექსტერიერიდან ინტერიერში მარტივად გადმოინაცვლა. დღეს ბეტონი არა მხოლოდ კედლებსა და იატაკებზე გვხვდება, არამედ ავეჯში, განათებებსა და აქსესუარებშიც კი.

ვილა წყნეთში, ნინო ნოზაძის პროექტი, ფოტოგრაფი: ლუიზა ჩალათაშვილი

ბეტონის დეტალები სახლს ურბანულ, თანამედროვე იერს აძლევს და მას თავისი მარტივად დამუშავებადი ბუნების გამო წარმოუდგენლად კრეატიული გამოყენებები შეგვიძლია მოვუძებნოთ და მისი მოდერნული ბუნების სახლის შინაურულ ატმოსფეროსთან შეხამებით ორიგინალური ინტერიერი შევქმნათ.

იატაკები და ჭერი, რომლებიც ბეტონისგანაა დამზადებული, განსაკუთრებით პოპულარულია, ვინაიდან ისინი არ ლპება და დიდ მოვლას არ საჭიროებს ხის მასალისგან განსხვავებით. ბეტონს მარტივად არ ედება მტვერი და არ იკაწრება ან ფუჭდება ერთი არასწორი ნაბიჯის გადადგმის შედეგად. ცემენტი სახლის მფლობელის სურვილის მიხედვით შეიძლება დამუშავდეს და მისგან შეიქმნას სწორი ზედაპირის მქონე იატაკი – ამიტომ სტერეოტიპი, რომ ბეტონს სიცივე და სიუხეშე შეაქვს სახლში, მცდარია.

ერთსართულიანი ვილა წყნეთში,ქეთუნა ყრუაშვილის პროექტი. არქიტექტურული სტუდია NOAStudios

შეიძლება, ნაცრისფერი არ ჯდებოდეს ჩვენს გემოვნებაში. თუმცა, ამ შემთხვევაშიც არსებობს გამოსავალი, რომლითაც ბეტონის შეფერვა და „დარბილებაა“ შესაძლებელი. ინტერიერის დიზაინერები ხშირად იყენებენ ეპოქსიდის ფენას. ეპოქსიდის რეზინა შესაძლოა იყოს გამჭვირვალე ან ფერადი, დამკვეთის გემოვნების მიხედვით. ვიზუალურ მხარესთან ერთად, ეპოქსიდის საფარველი იატაკს ბევრად გამძლეს ხდის.

ბეტონის გამოყენება კედლებზეცაა შესაძლებელი. ბეტონის პანელები ამ მხრივ განსაკუთრებით პოპულარულია, რადგან ამ მასალით შესაძლებელია სამგანზომილებიანი ეფექტის შექმნა. ბეტონის კედლები განსაკუთრებით უხდება ხის მასალისგან დამზადებულ დეტალებს, რაც სახლის ინტერიერში ფუფუნებისა და ძვირადღირებულობის ეფექტს ქმნის.

ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა ცემენტის ავეჯიც – იქნება ეს სამზარეულოს კუნძულების ზედაპირები თუ სავარძლები. ბევრი ფიქრობს, რომ ბეტონის ავეჯი ნაკლებად ფუნქციონალურია, თუმცა მისი ინტერიერის დიზაინში შეტანა შეიძლება, როგორც ხელოვნების ნიმუში, რაც სახლს ბევრად საინტერესოს ხდის.

უკანასკნელი ტრენდია, ასევე, ბეტონის სანათები, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. ბეტონის საფარით დაფარულ სანათებს ნამდვილად შეუძლიათ ნებისმიერი სახლის სტუმრის გაოცება და დაინტერესება.

ბენჯამინ ჰუბერტის (Benjamin Hubert) ბეტონის სანათები

“Mind the shop” – ქართული კონცეფტუალური მაღაზია უნიკალური ნივთებით

ჰაერის ვენტილაციის სისტემები – Homeis.ge-ს გიდი