in

ველოსიპედებზე მისაბმელი “ბანაკი” – კომპანია CreaCon-ის ინოვაცია

კორონავირუსის პანდემიამ მგზავრობისა და ტურიზმის ინდუსტრიას დიდი ზარალი მიაყენა – გაუქმდა ფრენები, კრუიზები და , მათთან ერთად, სასტუმროს ჯავშნები. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა უსაფრთხო და კრეატიული სამგზავრო ალტერნატივების შექმნა. სწორედ ასეთია კომპანია CreaCon-ის ახალი პროდუქტი, „სკაუტ კემპერი” , რომელიც მარტო მგზავრობისთვის ინოვაციური საშუალებაა. ის ველოსიპედით სიარულს ბევრად მარტივსა და კომფორტულს ხდის. კემპერი ელექტრონული ველოსიპედებისთვის იდეალურია თავისი ზომისა და წონიდან გამომდინარე – მასში თავისუფლად ეტევა  ერთი ზრდასრული ადამიანი საკუთარი აღჭურვილობით.

„სკაუტით ნებისმიერი გრძელვადიანი მოგზაურობისთვის ხარ აღჭურვილი“,-  ვკითხულობთ „სკაუტ კემპერის“ ოფიციალურ საიტზე, – „მასში საკმარისი ადგილია ყველა ყოველდღიურად საჭირო ნივთისთვის, რომელთაც ცუდი ამინდისგან თუ  უცხო თვალისგან დაიცავს 15 მილიმეტრის სისქის, მაღალი სიმტკიცის კომპოზიციური პანელები. მასში ფეხზე მდგომიც შეძლებთ ტანსაცმლის ჩაცმას – სწორედ ესაა ხარისხიანი ცხოვრება!“

ამჟამად „სკაუტ კემპერის“ ორი ნაირსახეობაა ხელმისაწვდომი – კომპაქტური და ცენტრალური, თუმცა მალე მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ,შეიძინონ მისი ორკაციანი ვარიანტიც. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კემპერი 15 მილიმეტრის სისქის, მტკიცე პანელებისგანაა აგებული, რაც ცუდი ამინდისგან დაცვისა და პირადი სივრცის შენარჩუნების გარანტია. კემპერის მოსახერხებელი დასაკეცი მექანიზმის საშუალებით, სულ რაღაც სამ წუთში შესაძლებელია მისი ტრანსფორმაცია კომპაქტური ყუთიდან ბანაკამდე. „სკაუტ კემპერს“ , განსხვავებული მოდელების მიხედვით, აქვს 350-დან 550 ლიტრამდე შესანახი ადგილი ტანსაცმელისთვის, საძილე ტომრებისთვის, პროდუქტებისთვის, მაგიდისა და სკამებისათვის და კიდევ უამრავი ნივთისთვის.

„ველოსიპედი ეკოლოგიურად სუფთა, იაფი, ჯანსაღი და ხანდახან ურბანულ არეში გადაადგილების ყველაზე სწრაფი საშუალებაა, ამიტომ ის სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. თუმცა, ველოსიპედი მხოლოდ ურბანულ ტერიტორიაზე არ გამოიყენება.  არსებობენ ადამიანები, რომლებიც უარს უცხადებენ მასობრივ ტურიზმზე და ინდივიდუალურად მოგზაურობენ ველოსიპედებით. ისინი აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას ბუნების მიმართ და ველოსიპედების ტარებისგან მიღებულ სიამოვნებასთან ერთად, უფრთხილდებიან გარემოს, რათა მომავალში ასე მგზავრობა სხვებმაც შეძლონ. „სკაუტი“ აგებულია მსუბუქი სტრუქტურით, რომელსაც შეგვიძლია ხელოვნების ნიმუში ვუწოდოთ. ეს სტრუქტურა ამცირებს “სკაუტის” წონას და ზრდის რესურსების ეფექტურობას – ზოგავს ნედლეულს, ხარჯებსა და ენერგიას, რაც სჭირდება ბანაკის დამზადებას, გამოყენებას და გადამუშავებას“ – გვამცნობს „კემპერის“ საიტი.

7 ონლაინ მაღაზია საქართველოში, სადაც საახალწლო დეკორაციების შეძენას შეძლებთ

Factory995 და ავეჯის რესტავრაციის სპეციფიკა