in

ჰაეროვანი საზაფხულო სახლი სალენტოში

პულიის პატარა სოფელში ორი ძალიან განსხვავებული კოშკია, სადაც ლორენცო გრიფანტინიმ და მისმა მეუღლემ – ალეგრა ფიგუსმა საცხოვრებელი მოიწყვეს. ერთი მათგანი არის ეკლესიის სამრეკლო, ხოლო მეორე – La Torre Bianca (თეთრი კოშკი). სანაპიროდან რამდენიმე მილის დაშორებით განთავსებული თეთრი კოშკი უნიკალური საოჯახო თავშესაფარია.

„კოშკის კენწეროდან ზღვისკენ მიმავალ მთლიან გზას ვხედავთ“ – ამბობს ლორენცო, ლონდონში დაფუძნებული არქიტექტურული ფირმის – DOS-ის თანადამფუძნებელი. „თეთრი კოშკი ჰარმონიულად არის შეხამებული ეკლესიის სამრეკლოსთან, მაგრამ ასევე მოგვაგონებს სალენტოს სანაპიროზე მიმოფანტულ მრავალ კოშკს, რომლებიც თავდაპირველად საუკუნეების წინ, ადგილობრივი მოსახლეობის სარაცინებისგან დასაცავად აშენდა.“

ლორენცო და ალეგრა, ორივენი რომში გაიზარდნენ, მაგრამ ერთმანეთს ფილიკუდის კუნძულზე შეხვდნენ. ისინი ახლა ლონდონში ორ შვილთან, 10 წლის მარგერიტასთან და 8 წლის ალესანდროსთან ერთად ცხოვრობენ. საზაფხულო არდადეგების ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გატარება კი მათ სალენტოში დაიწყეს.

“დაახლოებით 10 წლის წინ, ჩემს მშობლებთან, დასთან და ძმისშვილებთან ერთად დავიწყეთ დიდი ფერმების დაქირავება, რათა ტიპური იტალიური დიდი ოჯახური შეკრებები მოგვეწყო“ – ამბობს ლორენცო. „მე და ალეგრამ გადავწყვიტეთ, რომ ეს შესანიშნავი ადგილი იქნებოდა სახლისთვის. ძიებაში სამი წელი გავატარეთ. არ ვიცოდით უბრალოდ ქალაქგარეთ გვინდოდა ყოფნა, თუ – ძველი სახლი რომელიმე სოფელში. შემდეგ ვიპოვეთ რეკლამა ადგილის შესახებ, საიდანაც ზღვამდე მისვლა 10 წუთში შეიძლებოდა“.

გასაყიდი მიწის ნაკვეთის ცარიელი ნაწილი ფერმერს პომიდვრის მოსაშენებლად ჰქონდა გამოყენებული. ლორენცომ დაინახა, რომ თანამედროვე, შიდა ეზოს მქონე სახლი, კედლით შემოღობილი ბაღით, შესანიშნავად მოერგებოდა გარემოს და, იმავდროულად, პრივატულობას უზრუნველყოფდა. არქიტექტორმა, რომელსაც ტევის რაითთან ერთად DOS-ის შექმნამდე ზაჰა ჰადიდთან და კენ შატლვორსთან ერთად უმუშავია, კოშკის პირველ სართულზე ორი საძინებელი და სველი წერტილი განათავსა. კიდევ სამი საძინებელი და აბაზანაა მოწყობილი შიდა ეზოს გასწვრივ შენობის L ფორმის ნაწილში.

„ამ ადგილის დანახვისთანავე წარმოუდგენელი ენერგია ვიგრძენით“ – ამბობს ლორენცო. „თითქმის მაშინვე წარმოვისახე, თუ რისი გაკეთება შეგვეძლო აქ. ეზოსა და კოშკის ერთობლიობამ მოგვცა საშუალება, რომ შეგვექმნა სახლი, რომელიც გარემოსთან არის შერწყმული და, იმავდროულად, საკუთარი უნიკალური ხასიათის მქონეა“.

ინტერიერის შექმნისას ლორენცო და ალეგრა თანამშრომლობდნენ. ალეგრა ჟურნალებისა და ფილმებისთვის სტილისტად მუშაობდა. საძინებლებში წყვილმა გარკვეულ სიმარტივესა და თავშეკავებულობაზე გააკეთა არჩევანი, ხოლო სამზარეულოსა და მისაღები ოთახისთვის ღია დაგეგმარება შეარჩია.

„ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა რაღაც მარადიული და ჰარმონიული, წარსულსა და აწმყოს შორის არსებული ატმოსფერო“ – ამბობს ალეგრა. „არქიტექტურის თანამედროვე ფორმები შესანიშნავად არის შერწყმული ინტერიერის ადგილობრივ ელემენტებთან“.

„ლონდონში გატარებული ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ, ძველმოდურ სოფელში ყოფნა და ცხოვრების ნელი ტემპით ტკბობა არის ის, რაც სალენტოში ყველაზე მეტად მიყვარს“­ – ამბობს ალეგრა. „თვალისმომჭრელი შუქის, ლურჯი ცისა და წითელი მიწის შემყურეს, გვეუფლება შეგრძნება, რომ La Torre Bianca ნამდვილად ჩვენი ადგილია“.

8 მაღაზია თბილისში, სადაც კერამიკული ფილების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ

ჰანს ვეგნერი – დანიური დიზაინის კაშკაშა ვარსკვლავი