ქრისტინე მორჩაძის ეს დიზაინ პროექტი თანამედროვეობისა და ბუნებრივი ელემენტების შესანიშნავ სინთეზს წარმოადგენს. მთლიანი ინტერიერი გათვლილია დახვეწილ და თბილ ესთეტიკაზე, რომელიც გამოხატულია ტექსტურებით, ფერების ფრთხილი შერჩევითა და კარგად გააზრებული ფუნქციურობით.
მეპატრონეების ცხოვრების სტილისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, ბინა ჰარმონიული და ფუნქციური უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ბინა ღია გეგმარების პრინციპზეა აგებული, რაც ბუნებრივი განათების მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას იძლევა. მისაღები ოთახი, სასადილო სივრცე და სამზარეულო ერთიანდება ერთ ჰარმონიულ გარემოში. ღია სივრცეები კარგად ეხმიანება ერთმანეთს, ქმნის სუნთქვად და მოქნილ ატმოსფეროს, რაც ქალაქურ ცხოვრებაში კიდევ უფრო ფასეულია.
სამზარეულოში მთავარი ვიზუალური აქცენტი კედლის ვერტიკალურად განლაგებულ, მუქ, ზეთისხილისფერ კერამიკულ ფილებზე კეთდება. მათი ტექსტურა და საინტერესო ვიზუალი სივრცეს სიღრმესა და დინამიკას მატებს.
სამზარეულოს დიზაინში თვალსაჩინოა პრაქტიკულობა — ჭურჭლის სათავსოები, ბარისებრი კუთხე და ინტეგრირებული საღვინე თარო ფუნქციურობასა და ესთეტიკას ადვილად უთავსებს ერთმანეთს.
მისაღებში დომინირებს მუქი ტერაკოტას ტონის მქონე დივანი მოდულური სტრუქტურით, რომელიც ვიზუალურად განსაზღვრავს დასვენების ზონას. რბილი ქსოვილი, ხის იატაკი და მრგვალი კუთხეები კომფორტისა და სიმშვიდის განცდას აძლიერებს. განათების გადაწყვეტები, როგორებიცაა ჭაღი მრგვალი შუშის ბურთებით და კედლის დეკორატიული სანათი, არქიტექტურულ შტრიხებს ხაზავს და სივრცეს სიმსუბუქეს ანიჭებს. ჭერზე დამონტაჟებულია ხაზოვანი განათება, რომელიც ზონალურად ანათებს კედლებს და აქცენტს აკეთებს ბინის სხვადასხვა საინტერესო დეტალზე.
საძინებელში გამარტივებული ფერების პალიტრა და მინიმალისტური ფორმები ქმნის დასვენებისთვის იდეალურ გარემოს. რბილი ტექსტილი და ბუნებრივი განათება ეხმიანება სხვა სივრცეების ესთეტიკას. შავი სანათები და ხის იატაკი ინტერიერის იდენტობას ინარჩუნებს და საძინებელს სტილურ კონტრასტს სძენს.
აბაზანა გემოვნებით აერთიანებს ბეტონის ტექსტურის ვიზუალის მქონე კედლებსა და ხის იმიტაციის ფილებს. შავი მეტალის დეტალები — სველი ზონის ჩარჩო, ონკანი ნიჟარასთან და საშხაპე სისტემა — კონტურებს აძლიერებს და სივრცეში განსაზღვრული ხასიათი შემოაქვს.
ქრისტინე მორჩაძის ინტერიერის დიზაინის პროექტი ყურადღებით ეკიდება როგორც ფორმას, ისე ფუნქციას — ის გამოხატავს თანამედროვე დიზაინის პრინციპებს, რომელიც თანაბრად ითვალისწინებს ესთეტიკას, კომფორტს და მყუდროებას.
პროექტის ავტორი: ქრისტინე მორჩაძე
დიზაინ სტუდია: KM Interior Design