in

ჰეიდი ბეკერის “მხატვრის თვალით მოწყობილი სახლი” ლონდონში

Banner M2
Banner M2

იმ მომენტიდან, როდესაც ამ ჩრდილო-აღმოსავლეთ ლონდონში მდებარე სახლში შეხვალთ, თქვენთვის ცხადი გახდება, რომ ხელოვანთა სამყაროში შეაბიჯეთ. ეს არის ჰეიდი ბეკერის საცხოვრებელი სახლი – მხატვრის, რომელიც ბოლო 50 წლის განმავლობაში თავისი საგნების შინაგან ცხოვრებას დახვეწილი, დაფიქრებული ნატურმორტებითა და პორტრეტებით ასახავს. „ნახატები დროის მომენტს წარმოადგენს“ – განმარტავს ჰეიდი. „ჩემი ნამუშევრები ყოველთვის სიკვდილს, მაგრამ ხატვის საშუალებით მის დამარცხებას ეხებოდა“.

მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, მისი ოსტატურად მოწყობილი სახლი სხვაგვარად მიგვანიშნებდეს, მხატვარი აქ მხოლოდ 2019 წლიდან ცხოვრობს. „აქ ლოკოკინასავით ჩამოვედი, მთელი ქონება ზურგზე მაქვს მოკიდებული“ – ამბობს ჰეიდი და მიანიშნებს კაბინეტზე, რომელიც სავსეა მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული და წლების განმავლობაში შეგროვებული ძვირფასი წიგნებითა და ნახატებით.

ჰეიდი ბეკერი 1950 წელს ჰოლივუდში, ამერიკულ ოჯახში დაიბადა – მისი მამა სამოქალაქო უფლებების აქტივისტი და გალერისტი იყო, ხოლო დედა – ჰოლივუდის ვარსკვლავი. ჰეიდი ორი წლის ასაკში საცხოვრებლად რომში გადავიდა და რენესანსულ სასახლეში გაიზარდა. ოჯახი საცხოვრებლად ლონდონში 1969 წელს გადაბარგდა, სადაც ბინა ჩელსიში, Glebe Place-ზე მდებარე ერთ-ერთ სანახაობრივ მხატვრულ სტუდიაში დაიდო. მამის გარდაცვალების შემდეგ, ეს გახდა ჰეიდის სტუდია, სადაც ის 2012 წლამდე დარჩა.

იქიდან მხატვარი საცხოვრებლად კენონბერიში გადავიდა, სადაც თავის პარტნიორთან, მწერალ კლაივ სინკლერთან ერთად ცხოვრობდა. თუმცა, ყველაფერი შეიცვალა 2018 წელს, როდესაც კლაივი კიბოსთან ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. ჰეიდის სურდა ისეთ სახლში გადასულიყო, სადაც საყვარელი საქმით დაკავებას შეძლებდა, მაგრამ ეს იმდენად რთული პერიოდი იყოს მისთვის, რომ ხატვაც კი არ შეეძლო. შემდეგ, უძრავი ქონების აგენტმა მას ნიუინგტონ გრინში მდებარე სახლი შესთავაზა. „მახსოვს მას ვუთხარი, რომ ეს სასაცილო იდეაა, შემდეგ კი სახლი დავინახე” – იხსენებს ჰეიდი. „ჩემი ქალიშვილი – რეიჩელი ჩემთან მოვიდა, შემომხედა და უბრალოდ მითხრა: „ვფიქრობ, ეს არის“.

ჰეიდიმ, რამდენიმე შესწორების შესატანად, მოუხმო თავის არქიტექტორ მეგობრებს – იოჰან ჰიბშმანსა და მარგარეტ ბურსას, რომლებიც Archmongers Architects-ს მართავენ. ისინი ჰეიდის წინა სახლში, სხვა საკითხებთან ერთად, თაროების დაპროექტებაში დაეხმარნენ, რათა მხატვრის უამრავი წიგნის მოთავსება შესაძლებელი გამხდარიყო. ამ სახლის პირველი სართული, ძირითადად, იგივე დარჩა. მისაღები ოთახი საკმაოდ ბნელი იყო, ამიტომ აქ რამდენიმე ფანჯარა დაამატეს.

ყველაზე დიდი ცვლილება ზედა სართულზე განხორციელდა, სადაც ორი საძინებელი გააერთიანეს იმისთვის, რომ ჯადოსნური, შუქით სავსე სტუდია შეექმნათ. ეს არის შესანიშნავი სივრცე, რომელსაც მრავალი ფანჯარა აქვს (ახალი დანამატების ჩათვლით). ჰეიდის საძინებელი (სტუდიასთან შედარებით პატარა ოთახი) საოცრად მოკრძალებულია და წინა მფლობელის კაბინეტის ადგილს იკავებს.

დღეს სახლი ხელოვნებით, წიგნებითა და ავეჯით არის დაფარული. „ჩემთვის ეს არ არის გაფორმება, მიზანი საკუთარი თავის გარემოცვაა ისეთი საგნებით, რომლებიც ჩემთვის რაღაცას ნიშნავს“ – ამბობს ჰეიდი და მიუთითებს მისაღები ოთახის კედელზე დაკიდებულ ტილოზე, რომელზეც გამოსახულია ნავები. ეს ნახატი მისმა შვილმა, რესტავრატორმა ჯეიკობ კენედიმ მაშინ დახატა, როდესაც ჯერ კიდევ პატარა იყო. „რეიჩელი და ჯეიკობი ახალგაზრდობიდანვე ხატავდნენ. ალბათ იმიტომ, რომ ამას მე ვაკეთებდი და ყველა საჭირო ხელსაწყოც ჰქონდათ“ – განმარტავს ის. სახლში რეიჩელის ლინოგრავიურაც გვხვდება – დერეფანში და, ასევე, სამზარეულოში, სადაც მისი ერთ-ერთი დიზაინი მაცივრის ხის კარზეა დაბეჭდილი.

ჰეიდის ზოგიერთი ნამუშევარი კედლებზე მისი მეგობრებისა და მასწავლებლების ნამუშევრებთან ერთად არის გამოფენილი. ბავშვობაში ჰეიდის მხატვრობაზე არასოდეს უფიქრია – პირიქით, მას ყოველთვის სურდა მშობლებისთვის რაღაც „საკმაოდ განსხვავებული“ გაეკეთებინა, მაგრამ აზრი ერთ დიდებულ ზაფხულს შეიცვალა, როდესაც საშუალო სკოლა დაამთავრა და ხატვა დაიწყო. „ხატვისკენ ადამიანებმა მიბიძგეს – ეს ურთიერთობისა და კავშირების დამყარების საშუალება იყო“ – განმარტავს ჰეიდი. იგი ისტ ჰემის კოლეჯში, ხელოვნების კურსზე ჩაირიცხა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს არ იყო ისეთი განათლება, როგორსაც ის ეძებდა. „ხელობის სწავლა მინდოდა“ – ამბობს მხატვარი. 1970 წელს ჰეიდი შეხვდა პრუსიელ მოქანდაკეს – ნიმპტჩს, რომელიც 1977 წელს გარდაცვალებამდე მისი მასწავლებელი იყო. „დღეში ექვს საათს, კვირაში შვიდ დღეს, მის სტუდიაში ვატარებდი – ფულჰელმ როუდზე“ – იხსენებს ჰეიდი. ნიმპტჩმა ჰეიდის გააცნო მხატვარი ადრიან რაიანი, რომელთანაც იგი მრავალი წლის განმავლობაში ხატვას აგრძელებდა და საკუთარი სტილი გამოკვეთას ცდილობდა.

ჰეიდის სტუდიის კედლები გაფორმებულია ნამუშევრებით, რომლებიც Patrick Bourne & Co.-ში იყო გამოფენილი. ბევრი მათგანი, პანდემიით გამოწვეული ლოკდაუნის პერიოდშია შექმნილი და გარკვეულ დაძაბულობას, მოუსვენრობას ასახავს. „ის, რისი გაკეთებაც მსურს, არის ქუჩაში გასვლა და ხალხის მოწვევა“ – ამბობს ჰეიდი. სწორედ ეს სულისკვეთება ასაზრდოებს 2010 წელს შესრულებულ იერუსალიმის სამსახიობო დასის ნახატებს. „მე ერთი ცნობისმოყვარე კაცი შევნიშნე. მას ყველაზე ცოცხალი თვალები ჰქონდა, რაც კი ოდესმე სოჰოში მინახავს. როდესაც იგი მეორე დღეს დავინახე, უკან გავყევი, აღმოჩნდა, რომ აპოლონის თეატრში მიდიოდა“ – განმარტავს მხატვარი. ჰეიდიმ მას დახატვის ნებართვა სთხოვა, ეს კაცი მსახიობი მარკ რაილანსი აღმოჩნდა და საბოლოოდ ეს ამბავი კულისებში მთელი სამსახიობო დასის დახატვით დასრულდა.

ჰეიდის სახლი მისი გულითადი და შემოქმედებითი სულის მტკიცებულებაა. ეს არის სიმშვიდის მომგვრელი სივრცე, რომელიც მხატვრის ხელოვნებისადმი მიდგომას სრულიად შეესაბამება. „ეს არის მხატვრის თვალით მოწყობილი სახლი“ – ასკვნის ჰეიდი.

10 მაღაზია თბილისში, სადაც მატრასების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ

დუპლექსი საუცხოო ხედით იოსელიანის ქუჩაზე – ნინო პაიჭაძის არაორდინალური ინტერიერი