in

House in Torón — ბუნების პატივისცემითა და მასთან უწყვეტი კავშირის განცდით შექმნილი არქიტექტურა

Alliance Group
Alliance Group

House in Torón მექსიკაში, ოახაკას სანაპიროზე მდებარეობს. ტერიტორია ფლორისა და ფაუნის სიმდიდრით გამოირჩევა, თავად ნაგებობა კი გარემოსა და ადამიანის უწყვეტი ურთიერთობის იდეას გამოხატავს. სახლი ოთხი დამოუკიდებელი პავილიონისგან შედგება. მათი განლაგება ადგილმდებარეობის ტოპოგრაფიასა და აქ არსებულ მცენარეულ სამყაროს ეხმიანება. პირველი კონსტრუქცია საერთო სივრცეს მოიცავს, დანარჩენი სამი კი საძინებლებს, რომელთაგან ორი სანაპიროსკენ, ერთი კი ტყისკენაა მიმართული.

მთავარი ზონა, რომელსაც სამ მხარეს კარ-ფანჯარა არ აქვს, ღია ადგილს ქმნის. სივრცე, თითოეული ნაწილის ხაზოვანი თანმიმდევრობისგან მიიღება, რომელიც სამზარეულოს ტერასით იწყება და სასადილო ოთახი, მისაღები, საცურაო აუზი მოსდევს. ამ ყველაფრს კი ხისა და თიხისგან დამუშავებული სახურავი აერთიანებს. სახურავი, რომელიც დახრილი ფორმისაა, ექსტერიერს ჰარმონიულად ესადაგება და ამავდროულად, ინტერიერს მზისგან ჩრდილავს.

პავილიონებს  3 ღია და ფუნქციონირებადი მხარე აქვს, მეოთხე კი ქვის კედლითაა დახურული. თითოეული ზონის წინა ნაწილი სანაპიროს ჰორიზონტს გადაჰყურებს და ლანდშაფტს ბუნებრივად ერწყმის. ნაგებობა წარმოადგენს არა ერთიან კონსტრუქციას, არამედ ოთხი ნაწილისგან შემდგარ სივრცეს, რომელიც ერთ პროექტში ერთიანდება და  გარემოსთან ზღვარს შლის, რის გამოც არქიტექტურული ქმნილება ექსტერიერის ორგანული ნაწილი ხდება.

ინტერიერში გამოყენებულია ბეტონი, ტროპიკული ხე, ადგილობრივი ქვა, ადგილობრივი ტექის ხე (ტექტონა), თიხა, პალმა, ბამბა. ბუნებრივი მასალებით შექმნილი ავეჯი და ინტერიერი დახვეწილ, სადა და მშვიდ გარემოს ქმნის. აღსანიშნავია ისიც, რომ არქიტექტურასა და ინტერიერში არსებულ ელემენტებს მაქსიმალურად აქვს შენარჩუნებული პირველადი სახე და ბუნებრიობა.

ადგილობრივი პროდუქტების გამოყენება, ბუნებრივი გარემოს დაცვა,  ინტერიერის დეტალები, რომლებიც ექსტერიერთან კავშირს ქმნის, ღია ფერის ტრავერტინის იატაკი, რომელიც სიარულისას სასიამოვნო ტემპერატურას უზრუნველყოფს, სადა ფერებისა და მასალის საინტერესო სინთეზი, კონსტრუქციას ავთენტურ სტილსა და ხასიათს ანიჭებს. ამ პროექტის უნიკალურობა იმაშია, რომ ნათლად ჩანს გარემოსა და ლანდშაფტის პატივისცემა, არქიტექტურული ნაგებობისა და ბუნების ორგანული კავშირი, რომელიც საშუალებას გაძლევთ განიცადოთ გარე სამყარო და არ გაწყვიტოთ მასთან ურთიერთობა.

არქიტექტურული ფირმა: IUA Ignacio Urquiza Arquitectos

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

ავტორი: მეკო მეტრეველი

რისგან მზადდება მოლდინგები და როგორია მათი ფასი ქართულ ბაზარზე?

ღირს თუ არა ორთქლის ღუმლის შეძენა? – უპირატესობები და ნაკლოვანებები