in

HOUSE – კომპაქტური და ეკოლოგიურად სუფთა სახლის პროექტი

თანამედროვე სამყაროში ეკოლოგიური პრობლემები და დედამიწის ბიომრავალფეროვნების საფრთხე სულ უფრო და უფრო მძიმდება და, შესაბამისად, აქტუალური ხდება. არქიტექტორები დღითიდღე უფრო აქტიურად იწყებენ მუშაობას ისეთ პროექტებზე, რომელთა მიხედვით აგებული სახლებიც ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო იქნება და ყველა ტიპის რელიეფს მოერგება. სწორედ ასეთია H&P Architects-ის შემუშავებული ახალი, ეკოლოგიურად სუფთა და კომპაქტური სახლის დიზაინი HOUSE (Human’s Optional USE) , რომელიც  სამი მთავარი ნაწილისგან შედგება: ფოლადის ჩარჩოსგან, ორშრიანი დაფარვისა და მომარაგების სისტემისა და ავეჯის ინსტალაციისგან. თითოეული კომპონენტი სპეციალურადაა შექმნილი დაბალშემოსავლიანი, დატბორვადი, მთიანი სოფლის ტიპის ტერიტორიებისთვის, რადგან მისი აშენება მცირე თანხებთანაა დაკავშირებული. სულ რაღაც 75 კვადრატულ მეტრში არქიტექტორებმა მოახერხეს, შენობა მრავალფუნქციური ყოფილიყო. HOUSE-ს , საცხოვრებლის გარდა, შეუძლია შეითავსოს საგანმანათლებლო, გასართობი ან სამედიცინო დანიშნულებები – დახვეწილი პროექტის წყალობით მას შეუძლია, ნებისმიერ საჭიროებას მოერგოს. ამასთან ერთად , HOUSE-ს პროექტის განხორციელება , მისი აშენება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

Alliance Group
Alliance Group

ფოლადის ჩარჩო, რომელსაც ეყრდნობა შენობის კონსტრუქცია, 3 მეტრის სიგრძის ძელებისგან შედგება. სვეტები ერთმანეთზე მრავალპუნქტიანი „სახსრებითაა“ გადაჯაჭვული, რაც დამატებითი სართულების დაშენების პოტენციალს იძლევა. ჩარჩოს სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა სახლის საძირკვლის ძელების მაღლა ამოწევა, რაც HOUSE-ის შენობის მთიან ზედაპირზე აშენებას შესაძლებელს ხდის. HOUSE-ის აგება პირდაპირ წყალშიცაა შესაძლებელი, რადგან ის მსუბუქია და ზედაპირზე ტივტივს მარტივად შეძლებს.

 

ორშრიანი დაფარვის მასალები ყველა ტიპის რეგიონზეა ინდივიდუალურად მორგებული, ერთმანეთისგან განსხვავდება  და რაც მთავარია, ეკოლოგიურად მეგობრულია – იქნება ეს დაპრესილი, გამოუმწვარი თუ ნარჩენებისგან დამზადებული აგური, გოფრირებული რკინა თუ კილიტა. სახურავზე დამონტაჟებულია ასევე მზის ენერგიის გამომმუშავებელი პანელები, რომლებიც სახლის ტექნიკისთვის საჭირო საშუალო ელექტროენერგიაზე ორჯერ მეტს გამოიმუშავებს. HOUSE-ის მფლობელს გამოუყენებელი ელექტროობის გაყიდვა ან დაზოგვა და შენახვა შეუძლია. გარდა ამისა, მზის პანელებთან ერთად, აქვე დამონტაჟებულია სარწყავი სისტემა, რომელიც ზაფხულის ცხელი დღეების განმავლობაში სახურავს მორწყავს და გააგრილებს. HOUSE-ის არქიტექტორებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სახლის წყალგაყვანილობას – მფლობელებს წყლის დაგროვება და მრავალჯერ გამოყენება შეუძლიათ.

 

 

HOUSE-ს სახლებში ავეჯი, გამყოფი კედელი და კიბეები ბოლოს მონტაჟდება, რადგან თითოეული მფლობელის გემოვნებას ინდივიდუალურად მოერგოს. მისი მყიდველები თავად იქნებიან ჩართულნი მშენებლობის პროცესში, შეეძლებათ სივრცის საკუთარი სურვილის მიხედვით დაყოფა და თავიანთი მომავალი სახლის აგებისთვის თვალყურის დევნება. HOUSE მომავლის პროექტია, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უაღრესად ეკომეგობრულია საკუთარი მზის ენერგიის პანელებით, წყალმომარაგების სისტემითა და სუფთა მასალით, რომელთა გადამუშავებაც უპრობლემოდ შეიძლება.

 

სასტუმრო ქაღალდის ფრანის ვიზუალით შანხაიში

როგორ შევქმნათ საახალწლო დეკორაციები მაკულატურისგან – ქეთა ცუცქირიძის გიდი