in

რაზე დავზოგოთ თანხა და რაზე არა – ინტერიერის დიზაინერების რჩევები

ინტერიერის დიზაინის პროექტზე მუშაობა ხანგრძლივი და სასიამოვნო, თუმცა საკმაოდ ხარჯიანი პროცესია. ხშირად მცირე ბიუჯეტის გამო გვიჭირს გადაწყვეტილებების მიღება იმის შესახებ, თუ რისი შეძენა ღირს და რისი – არა, იმისთვის, რომ ჩვენი სახლის ინტერიერი მაქსიმალურად მოსაწონი და ტრენდული გავხადოთ. ამ ნაცნობი, არასასიამოვნო სიტუაციიდან თავის დასაღწევად homeis.ge გთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი ინტერიერის დიზაინერების რჩევებს – რაზე უნდა დავხარჯოთ ფული და რაზე არა სახლის თითოეულ ოთახში.

Tbc Insurance
Tbc Insurance

სასტუმრო ოთახი

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მისაღები/სასტუმრო ოთახებისთვის სავარძლებისა და სკამების შეძენა სარფიანი ინვესტიციაა – მათ გარეშე სახლი წარმოუდგენელია. დიზაინერების აზრით, დივნები და სავარძლები ისეთი შენაძენია, რომლებმაც შესაბამისი მოპყრობის შემთხვევაში შესაძლოა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გაგვიძლონ, თან შეიძლება მათი შეცვლა ისე, რომ თუ სახლს გავარემონტებთ, ახალ სტილსაც მოვარგოთ. აქედან გამომდინარე, ავეჯზე ბევრი ფულის დახარჯვა საკმაოდ გამართლებული და ჭკვიანურია.

ამასთან ერთად, დიზაინერები ფიქრობენ, რომ ფულის გადახდა ღირს წიგნების შესანახ თაროებში, სათავსოებსა და ტექნოლოგიაში. თანამედროვე არქიტექტურაში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მცირე, ე.წ. სტუდიო ტიპის ბინები, ამიტომ თითოეული კვადრატული მეტრი ძვირფასი ხდება, რაც მეტად მნიშვნელოვანს ხდის სათავსოების, თაროებისა და კარადების არსებობას, რაც ფართს დაგვიზოგავს.

რაც შეეხება ფულის დაზოგვას, დიზაინერების აზრით, ფარდებში დიდი თანხის გადახდა არ ღირს, ვინაიდან იაფი მასალისგანაც შეიძლება საკმაოდ ხარისხიანი და კოხტა ფარდების დამზადება. მეტრობით ქსოვილის ფარდებში დახარჯვა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და თანაც დრომოჭმული, ამიტომ ფულის დასაზოგად შეგვიძლია ბამბისა და სელის ფარდებზე გადავიდეთ.

დიზაინერების აზრით, დიდი თანხა არც იატაკის გაფორმებაზე უნდა დაიხარჯოს – ძვირადღირებული შალისა და აბრეშუმის ხალიჩები შეიძლება ჩანაცვლდეს კანაფის, სელის, აგავასგან დამზადებული ნოხებით.

კომოდების, მაგიდებისა თუ სხვა ავეჯის შეძენას დიზაინერები ფულის დასაზოგად მეორად მაღაზიებში გვირჩევენ, ვინაიდან ამ გზით ფულსაც დავზოგავთ და თანამედროვე ინტერიერს ძველებურ, ანტიკურ იერსაც შევმატებთ.

სამზარეულო

დაკვირვების საფუძველზე, დიზაინერები ფიქრობენ, რომ სამზარეულოს ძვირფას იერს კარადები და ზედაპირი აძლევს, ამიტომ გვირჩევენ, რომ ბიუჯეტის დიდი ნაწილი სწორედ ამ ორი მიმართულებით დავხარჯოთ.

ყველა თანხმდება, რომ სამზარეულოს იატაკში ფულის გადახდა ნამდვილად ღირს. ხარისხიანი იატაკი მთლიანად კრავს სამზარეულოს სქემას და მას კომფორტულ ატმოსფეროს მატებს, ამიტომ დიზაინერები ძირითადად ხის იატაკის დაგებას გვირჩევენ.

სამზარეულოში პატარა საკუჭნაოს დაპროექტებით ან ბევრი სათავსოს გამოძებნით, დიზაინერთა აზრით, აუცილებლად დავზოგავთ დიდ თანხას, ვინაიდან ეს ისეთი ოთახია, რომელსაც არასდროს ყოფნის სივრცე და ოჯახის ზრდასთან ერთად, სულ უფრო და უფრო მეტი ადგილი სჭირდება.

საძინებელი ოთახი

ჩვენი ცხოვრების მესამედს ძილში ვატარებთ, ამიტომ კარგ მატრასზე ფულის დახარჯვისგან თავი არ უნდა შევიკავოთ. დიზაინერები ფიქრობენ, რომ საძინებელი აუცილებლად კომფორტული უნდა იყოს, ამიტომ გვირჩევენ, რომ მისაღები ოთახისგან განსხვავებით, საძინებლისთვის ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებული ხალიჩები შევიძინოთ – ისინი ოთახს ბუნებრივ სქემას მიანიჭებენ და თან ისე სწრაფად არ გაიცვითებიან, როგორც სასტუმრო ოთახში, სადაც თავს ბევრი ხალხი იყრის ხოლმე.

პანელების აკვრა, კედლების შეღებვა, ტანსაცმლის სათავსოები, განათება – ეს ის ჩამონათვალია, რომლებზეც, დიზაინერების აზრით, საძინებელ ოთახში ბევრი ფულის დახარჯვა არ ღირს, რადგან მცირე ბიუჯეტითაც შეიძლება ამ ყველა საჭიროების მოგვარება.

საპირფარეშო

ონკანი – ეს ის დეტალია, რომელიც საპირფარეშოებში შესვლისას მაშინვე იქცევს ჩვენს ყურადღებას და რომელსაც ყველაზე მეტად ვეხებით, ამიტომ დიზაინერების რჩევით, სწორედ ამ ელემენტზე ღირს ფულის დახარჯვა. სამზარეულოებსა და საპირფარეშოებს ერთი მსგავსება აქვთ – მათში განთავსებულ ავეჯს თან ვერ წაიღებ იმ შემთხვევაში, თუ სხვაგან გადასახლდები, ამიტომ ისეთ ნივთებში უნდა დავხარჯოთ დიდი თანხა, რომლებიც გადაადგილებადი და მოძრავია. ასეთი ნივთია, მაგალითად, სარკე –  ძვირფასი სარკე სახლს მთლიანად უცვლის ელფერს და მას ბევრად უფრო მშვენიერს ხდის.

დიზაინერები ფიქრობენ , რომ ფილები, იქნება ეს იატაკის თუ კედლების, ფულის დაზოგვის საშუალებას იძლევა. თუ მცირე ბიუჯეტი გვაქვს, ამ დროს სააბაზანოს მოწყობისას საღებავზე უკეთეს მეგობარს ვერ გავიჩენთ. საღებავით შეიძლება საკმაოდ საინტერესო ორნამენტების გაკეთება და ინტერიერის მრავალფეროვანი, სახასიათო დეტალებით გამდიდრება.

თუ გსურთ, რომ საპირფარეშო ძვირადღირებული მასალით, მაგალითად მარმარილოთი გააწყოთ, დიზაინერები გვირჩევენ, რომ მისი რაოდენობა შეამციროთ და სივრცის გაზრდის ეფექტისთვის მის მოპირდაპირე მხარეს სარკე დაკიდოთ. ფულის დაზოგვა რეკომენდებულია აქსესუარებზეც, ვინაიდან ისინი მაინცდამაინც რადიკალურ ღირებულებას არ მატებენ ოთახს.

რატომ უნდა ავიღოთ ნაძვის ხე ნათლისღებამდე?

განმარტოვებული სახლი დანიისა და გერმანიის საზღვართან – Norm Architects-ის პროექტი