Night mode

რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის დაგეგმარების დროს – ინტერვიუ დიზაინერ ნინო გამცემლიძესთან

რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის დაგეგმარების  დროს – ინტერვიუ დიზაინერ ნინო გამცემლიძესთან
ფონტის ზომა


სახლი ადამიანისთვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია, სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ.  შესაბამისად, ის  კომფორტული და მრავალფეროვანი უნდა იყოს. იმ სივრცის შექმნა, სადაც ცხოვრების უმეტესი ნაწილის გატარება გვიწევს, სწორედ ჩვენი დავალებაა, შესაბამისად პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ რენოვაციას. რემონტის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ფართის სწორი დაგეგმვაა. Homeis.ge ესაუბრა ნინო გამცემლიძეს, რომელსაც ინტერიერის დიზაინის სფეროში 20 წლიანი გამოცდილება აქვს.

Tbc Insurance
Tbc Insurance

  1. ნინო გვიამბეთ თქვენ შესახებ, როგორ მოხვდით ინტერიერის დიზაინის სფეროში? მოგვიყევით შესრულებული პროექტების შესახებ.

პროფესიით ვარ არქიტექტორი, დავამთავრე თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი და დასრულებისთანავე დავიწყე მუშაობა სამშენებლო კომპანია „არსში.“ კომპანიაში გავიზარდე შემოქმედებითი კუთხით და ვისწავლე ყველაფერი რასაც დღეს ვაკეთებ. 2005 წლიდან ინტერიერის დიზაინის სფეროში ვმოღვაწეობ. განხორციელებული მაქვს, როგორც საცხოვრებელი ბინების, ასევე საოფისე ფართების პროექტები.

  1. ნინო, მოგვიყევით, რას გულისხმობს ბინის დაგეგმარების პროცესი და რატომ გვჭირდება ამ დროს პროფესიონალის დახმარება?

დაპროექტების დროს პირველი საფეხურია ბინის დატიხვრა. პირველ რიგში, ბინის გეგმარება გვაძლევს კონკრეტულ მიმართულებას. რამდენად ნათელია ბინა, არის თუ არა სრულფასოვანი კონტურის, როგორ შემოდის ბუნებრივი განათება სახლში და რის საშუალებას გვაძლევს მისი ზომა. სახლის პროექტში წინასწარაა განსაზღვრული სველი წერტილების ადგილები. მეპატრონე  უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმაზე, თუ რა უნდა, რა სჭირდება.

მიუხედავად იმისა, ჩართულია თუ არა დიზაინერი პროცესში, დაგეგმარების დროს ადამიანებმა (ტიხრების ეტაპზე), უნდა წარმოიდგინონ დაახლოებით მაინც, ავეჯი შიგნით როგორ განთავსდება. მნიშვნელოვანია ტიხრები იმის მიხედვით მოეწყოს სახლში, რომ საწოლის ზომა, სივრცე რომელიც ადამიანს გასავლელად სჭირდება, იქნეს გათვალისწინებული.  ყველაფერს თავისი სტანდარტი აქვს. აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ საწოლის ორივე მხარეს მინიმუმ 60-65 სანტიმეტრი უნდა დარჩეს გასავლელ ნაწილად.

ხშირად სახლი არ გვაძლევს საშუალებას, რომ მოხდეს სამზარეულოს ცალკე სივრცედ გამოყოფა. ამ შემთხვევაში  ვიტრაჟით ხდება მისი მისაღები სივრციდან გამოყოფა.

ავეჯის განლაგების დახმარებით კეთდება ელექტროობის პროექტი. იცი სად გჭირდება სამუშაო ჩამრთველები, სად დაიკიდება სანათები და ა.შ

მნიშვნელოვანია სველი წერტილების დაპროექტება. სად დაიდგმება ნიჟარა, აბაზანა, სარეცხის მანქანა. ყველაფერს აქვს სტანდარტული ზომები. ამ დეტალების გათვალისწინება უნდა მოხდეს უშუალოდ სარემონტო პროცესის დაწყებამდე.

იატაკის მოჭიმვის დროს აუცილებელია დონეების გათვალისწინება იმისთვის, რომ გრანიტის დაგების შემდეგ არ შეიქმნას საფეხური. ხშირად ხდება, რომ ჩნდება დონე სველ წერტილსა და ძირითად სივრცეს შორის. ეს ნიუანსი სამომავლოდ ინტერიერს აფუჭებს.

ასევე, მნიშვნელოვანია კარის სიმაღლის გათვალისწინება. სტანდარტული 220 სანტიმეტრის კარი არ არის ინტერიერში ლამაზი, ამიტომ სასურველია მოხდეს კარის სიმაღლის გაზრდა.

  1. რა არის სივრცის დაგეგმარების პროცესში მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორები და გამოწვევები? საინტერესოა, როგორია თქვენი პირადი გამოცდილება?

პირველ ეტაპზე სწორად დაპროექტებული ფართი  ნიშნავს სივრცის კარგად დაგეგმარებას. არსებული ფართის ათვისება უნდა მოხდეს სრულად, მინიმალური დანაკარგებით. შემდეგ ნებისმიერი ინტერიერის ვიზუალი შეიძლება გააკეთო. ფართს აფუჭებს დიდი ზომის შემოსასვლელი სივრცე და დერეფანი. სასურველია  უფუნქციო სივრცეს რაც შეიძლება ნაკლები ადგილი  დავუთმოთ. შესაძლებელია ამ ნაწილების საინტერესოდ გაკეთება, რომ სახლის საერთო შინაარსიდან არ ამოვარდეს.

ხელისშემშლელი ფაქტორია სახლის ფორმა. კონტური შეიძლება არ აძლევდეს ადამიანს საშუალებას, რომ  მოხდეს მისი ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება. შესაძლებელია შენობის ფორმამ საცხოვრებელ სივრცეში არ მისცეს საშუალება მფლობელს აითვისოს არსებული ფართი სრულფასოვნად.

  1. რამდენად რთულია პატარა ზომის ბინის დაპროექტება? ზოგადად რა მნიშვნელბა აქვს ფართის ზომას დაგეგმარების დროს?

პატარა ფართის მქონე ბინის კომფორტულად დაპროეტება შესაძლებელია.  ძირითადად კეთდება საერთო სტუდიოს ტიპის სივრცე და ასეთ დროს რთულია გამოყო სამზარეულო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიდი ზომის ბინაში არ შეგვხვდება მსგავსი პრობლემა. დიდი მნიშვნელობა აქვს შენობის პროექტს. შესაძლებელია ფართი იყოს დიდი ზომის, მაგრამ შენობის ფორმის და სველი წერტილების არასწორი მდებარეობიდან გამომდინარე, გართულდეს მფლობელის მოთხოვნების დაკმაყოფილება.  შესაძლებელია, პატარა ზომის ბინაშიც გამოვიდეს დამოუკიდებელი სამზარეულო.

  1. რა რჩევებს მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებსაც არსებული სივრცის დაგეგმარების ცვლილება სურთ?

მათ უნდა გაითვალისწინონ, რა ცვლილების საშუალებას გვაძლევს სახლის პროექტი.  სად არის ბუნებრივი განათება, რისი შეცვლა შეიძლება. მაგალითად, შეუძლებელია სამზარეულოს სივრცე გადაიტანო სხვა ადგილას, რადგან მას აუცილებლად სჭირდება სავენტილაციო დგარზე დაერთება. ასე რომ, ამ პროცესში ყველა ტექნიკური დეტალი უნდა იყოს გათვალისწინებული.