ივ ბეჰარი (Yves Béhar) მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ინდუსტრიული დიზაინერი და ანტრეპრენერია. მის სახელს მიეწერება ისეთი პოპულარული დიზაინისა და ბრენდინგის კომპანიის დაარსება, როგორიცაა Fuseproject. ბეჰარის კონცეფცია და ფილოსოფია დიზაინთან დაკავშირებით ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა განსახორციელებლად საკმაოდ რთულია – ის ცდილობს დიზაინი მაქსიმალურად გაამარტივოს ისე, რომ 21-ე საუკუნის ადამიანის ცხოვრების სტილს მოარგოს.
ბეჰარი 1967 წლის 9 მაისს დაიბადა შვეიცარიაში, ლოზანაში. მან ხატვა და ინდუსტრიული დიზაინი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში შეისწავლა – სკოლა ლოზანაში დაამთავრა, შემდეგ კი პასადენაში, კალიფორნიაში, Art Center College of Design-ში სწავლობდა. Fuseproject-ის, თავისი შემოქმედების დამაგვირგვინებელი კომპანიის შექმნამდე ბეჰარი სილიკონის ველის ოფისებში მუშაობდა და ისეთ გიგანტ კომპანიებს უწევდა მომსახურებას, როგორებიცაა Apple, Hewlett-Packard, Silicon Graphics და ა.შ.
სან-ფრანცისკოსა და ნიუ-იორკში დაფუძნებული დიზაინისა და ბრენდის მენეჯმენტის კომპანია Fuseproject ბეჰარმა 1999 წელს დააარსა. ბეჰარი და მისი გუნდი დიზაინის რამდენიმე დარგში ქმნიან პროდუქტებს – მოდაში, ინტერიერში, სპორტსა და ტექნოლოგიაში. კომპანია ისეთი ბრენდებისთვის ქმნის დიზაინს, როგორებიცაა Herman Miller, PUMA, One Laptop per Child, Jawbone, Kodak, See Better to Learn Better, General Electric, Swarovski, Samsung, Jimmyjane და Prada.
ბეჰარის სახელს მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი უკავშირდება. Fuseproject-ის შექმნილი რობოტული ავეჯის კოლექცია „ori” ნამდვილი ინოვაცია იყო ინტერიერის დიზაინში. ქალაქური ცხოვრებისთვის დამახასიათებელია ბინების ავეჯისგან დაცლა და მაქსიმალურად დიდი სივრცის გამოჩენა, ამიტომ ბეჰარმა შეიმუშავა ისეთი ავეჯის დიზაინი, რომელიც მინიმალურ ადგილს დაიკავებდა და ამავდროულად სახლში სრულ იდილიას შექმნიდა სათავსოების მხრივ.
21-ე საუკუნის გამოწვევები ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ბეჰარისა და მისი კომპანიისთვის. დიზაინერს ეკუთვნის ასევე პროექტი „LivingHomes YB1“, ანუ მიკროსახლები, რომლებიც განკუთვნილია ახალგაზრდა ოჯახებისთვის, მოხუცებისთვის, სტუდენტებისა თუ სხვა ადამიანებისთვის, რომელთაც უჭირთ საკუთარი სახლების შეძენა. LivingHomes YB1-ს დიზაინი მორგებულია ნებისმიერი ტიპის კლიმატისთვისა და სივრცისთვის. მისი მრავალფუნქციურობის საშუალებით შესაძლებელია მფლობელმა ის თავის გემოვნებას მოარგოს და პატარა სივრცეში ინტერიერი სრულიად აღჭურვოს თავისი საჭიროებების მიხედვით.
ბეჰარი არ ქმნის მხოლოდ პროდუქტის დიზაინს – ის ინტერიერის პროექტებზეც აქტიურად მუშაობს. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი კოლაბორაცია დიზაინერ ამირ მორთაზავისა და სტივ მოჰებისთან. დიზაინერებმა ერთად შექმნეს სამუშაო სივრცე სან-ფრანცისკოში, სადაც 1200 კვადრატული მეტრის ფართობზე ადამიანებს კომფორტულად შეუძლიათ იმუშავონ ერთად და ამავე დროს ინდივიდუალურად. სივრცე მინიმალისტურად, ნათელ ფერთა პალიტრაშია გადაწყვეტილი და იდეალურ გარემოს ქმნის ინსპირაციის მიღებისთვის.