in

როგორ გავაკეთოთ არჩევანი კერამიკული ფილების სახეობებს შორის?

ინტერიერის დიზაინისთვის კერამიკული ფილები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სარემონტო მასალაა. მისი თავისებურება ის არის, რომ შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც კედლის, ასევე იატაკის დიზაინისთვის და ზოგჯერ ჭერის მოსაპირკეთებლადაც კი.

ფილის შესარჩევად მთავარია, ვიცოდეთ თუ რომელი ოთახისთვის გვსურს მისი შეძენა. თანამედროვე ბაზარზე კერამიკული ფილების მრავალფეროვან არჩევანს გადააწყდებით, სადაც ყველა ზომის, ფერის, დიზაინისა და სტილის ფილა მოიძებნება. თუმცა, სწორად შერჩეული ფილა არა მხოლოდ გარეგნული თვალსაზრისით, არამედ ტექნიკური კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორი სახის კერამიკული ფილები არსებობს?

მაღაზიებში შეიძლება შეხვდეთ ფილების მთელ ასორტიმენტს, თუმცა ისინი სამი ძირითადი მახასიათებლის მიხედვით განირჩევა, რომელთა შორის მთავარია მასალა, შემდეგ სტრუქტურა და ბოლოს – საფარის ტიპი, რომელიც შეიძლება იყოს მოჭიქული ან სტანდარტული.

ექსპერტები ფილების შემდეგ ძირითად ტიპებს გამოყოფენ:

  • ფილები, რომლებიც გამიზნულია იატაკისა და კედლებისთვის და მათი გამოყენება შეიძლება როგორც სახლში, ასევე ეზოსა და ბაღის ნაწილშიც.
  • ფაიფურისგან დამზადებული ფილები, რომლებსაც აქვთ მაღალი სიმტკიცე და არ საჭიროებენ დამატებით მყარ მასალას იატაკის მოსაპირკეთებლად.
  • კერამიკული გრანიტი, რომელიც არის გარემოსადმი მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა მასალა, იდეალურია ეზოსთვის და ეფექტურად ჯდება ინტერიერის დიზაინში.
  • მოჭიქული კერამიკული ფილები, რომლებიც გამოიყენება როგორც იატაკის, ასევე კედლის საფარის სახით.
  • კლინკერის ფილები, რომლებსაც ახასიათებს მაღალი მექანიკური სიმტკიცე და ქიმიკატებისადმი გამძლეობა. შესაფერისია იატაკისთვის და კედლებისთვისაც.

რომელი ფილის შერჩევა სჯობს სამზარეულოსთვის?

კერამიკულ ფილებს ხშირად იყენებენ სამზარეულოს კედლებისა და იატაკისთვის, რადგან ამ მასალას აქვს მაღალი სიმტკიცე, უძლებს ტემპერატურის ცვლილებებს, არის მდგრადი ტენიანობის მიმართ, შეიცავს ბუნებრივ ნივთიერებებს, ზოგიერთი მათგანი ეკოლოგიურად სუფთაა და ა.შ.

სამზარეულოს იატაკზე კერამიკული ფილების დაგება პრაქტიკული გამოსავალია, თუმცა, სჯობს, რომ ის იყოს გლუვი ზედაპირის მქონე, რადგან ასეთი ფილა შედარებით ნაკლებად იგროვებს ჭუჭყს და ნაკლები სიხშირით საჭიროებს გაწმენდას.

ამას გარდა, ფილა უნდა გამოირჩეოდეს ტენის შთანთქმის მახასიათებლით და ულტრაიისფერი სხივებისადმი გამძლეობით.

იატაკისთვის ხშირად ირჩევენ დიდ ფილებს (60×40 ან 60×60 სმ), რადგან ისინი მინიმუმამდე ამცირებენ გადაბმების რაოდენობას და ქმნიან უფრო გამძლე ფენას. რაც შეეხება ფერებს, ეს დეტალი დამოკიდებულია მფლობელების გემოვნებაზე.

რომელი ფილის შერჩევა სჯობს სააბაზანოსთვის?

აბაზანაში ყველაზე ხშირად კერამიკულ ფილებს იყენებენ, რადგან მათ აქვთ განსაკუთრებული გამძლეობა ტენიანობის მიმართ. აბაზანისთვის ფილების შერჩევისას რამდენიმე მთავარი დეტალი უნდა გაითვალისწინოთ:

  • პროდუქტის დიზაინი;
  • ტექნიკური მახასიათებლები;
  • ფილების ფორმა და ზომა;
  • უსაფრთხოების პარამეტრები, სიმტკიცე და ა.შ;

დღევანდელ ბაზარზე კერამიკის დიდი არჩევანი გვხვდება, თუმცა, იმისთვის რომ აბაზანა მოპირკეთების შემდეგ იდეალურად გამოიყურებოდეს, აუცილებელია გავითვალისწინოთ არა მხოლოდ გემოვნება და სურვილები, არამედ ოთახის ზომა და ფერიც.

სწორად შერჩეული ფილები საშუალებას მოგცემთ, რომ ვიზუალურად დაარეგულიროთ ოთახი, გახადოთ ის უფრო მყუდრო და ლამაზი. მაგალითად, ვერტიკალური ნიმუშით მოხატული ფილები გაზრდის ჭერის სიმაღლეს, ხოლო გრანიტის მუქი ფერის ფილა ვიზუალურად ამცირებს სივრცეს. ფილებზე დიდი და ნათელი ფერის ნიმუში დაიკარგება პატარა ზომის აბაზანაში, თუმცა იდეალურად მოერგება 10 კვადრატულ მეტრზე დიდი სივრცის მქონე აბაზანას.

რაც შეეხება ტექნიკურ პარამეტრებს, აბაზანისთვის რეკომენდებულია პირველი კლასის ფილების შერჩევა, რომლებსაც აქვთ გარემოსადმი გამძლეობის მაღალი მახასიათებლები.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ფილის ზომაც, რადგან, რაც უფრო პატარაა ის, უფრო მეტი ადგილი რჩება გადაბმებს შორის, სადაც გროვდება ტენი, ობი და სოკო. სტანდარტული აბაზანისთვის სჯობს 60×30 ან 60×40 ზომის ფილების შერჩევა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია თუ როგორ უნდა გავაკეთოთ არჩევანი მქრქალ და პრიალა ფილებს შორის. არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ მქრქალი ფილები უფრო მეტად შეეფერება იატაკს, ვიდრე კედლებს, ხოლო კედელზე სჯობს პრიალა ფილების გამოყენება, რადგან ისინი ირეკლავენ სინათლეს და მას მთელს ოთახში ავრცელებენ.

როგორ შევარჩიოთ ფილა ბაღისთვის ან აივნისთვის?

სახლის ამ ნაწილში დამონტაჟებული ფილები უნდა გამოირჩეოდეს ტემპერატურისა და სინათლის ცვლილებებისადმი მდგრადობით. ამიტომ ექსპერტები ამ შემთხვევაში გვირჩევენ ფაიფურის ან კლინკერის ფილების გამოყენებას.

ფილის არჩევამდე უნდა გაითვალისწინოთ მისი ზომა, რადგან დიდი ფილების დამონტაჟება უფრო მარტივია და ქმნის ნაკლებ გადაბმას.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახლის გარე ნაწილში სჯობს მუქი ფერის ფილების დაგება, რადგან ეს თავიდან აგარიდებთ მათი ხშირად და საფუძვლიანად გაწმენდის საჭიროებას.

ამას გარდა, ფილებს აქვთ ტენიანობის შთანთქმის კოეფიციენტიც.  რაც უფრო დაბალია ტენიანობის შთანთქმის კოეფიციენტი, მით უფრო ძლიერია მასალა და ნაკლებად ეშინია ტემპერატურის ცვლილებების.

როგორია კერამიკული ფილების ღირებულება ბაზარზე?

კერამიკული ფილების ფასები უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. ისინი განსხვავდებიან როგორც ტექნიკური მახასიათებლებით, ასევე ფერით, ზომით და სხვა პარამეტრებით. 30×60 ზომის დეკორატიული ფილების ფასები დაახლოებით 20-25 ლარიდან იწყება, გრანიტის ფილები შედარებით ძვირია და მათი ფასები 30 ლარიდან იწყება, ხოლო კლინკერის ფილის შეძენა შეგიძლიათ როგორც 20 ასევე 50 ლარადაც, რადგან ეს ფილები დიზაინისა და ხარისხის მხრივ საკმაოდ დიდ არჩევანს გვთავაზობს. თუმცა, რა თქმა უნდა, ასევე არსებობს ფილებიც, რომელთა ღირებულებაც ხშირად ასობით ლარს აჭარბებს და მათი ზომა მხოლოდ 60×40 სანტიმეტრია.

შეჯამების სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფილების არჩევანში შეზღუდული არავინაა და ბაზარზე მათ მრავალფეროვნებას ვხვდებით, თუმცა ყიდვის პროცესში, ვიზუალური მახასიათებლების გარდა, უამრავი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო.

ფილებს განსხვავებული საჭიროებები აქვთ სახლის იმ ნაწილის მიხედვით, რომელშიც მათ გამოყენებას აპირებთ, ასე რომ, არჩევანის გაკეთებამდე, უმჯობესია, გაესაუბროთ ექსპერტებს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინოთ სასურველი პროდუქტი.

კოტეჯი ჩეხეთში  – Mjölk architekti-ის პროექტი

როგორ დავიცვათ წყლის მილები გაყინვისგან?