in

მოყვარული დიზაინერობიდან ჰოსტინგის ბიზნესამდე – ინტერვიუ ხათუნა სალუქვაძესთან

Banner M2
Banner M2

ხათუნა სალუქვაძე პროფესიით ეკონომისტია, თუმცა მას ყოველთვის იზიდავდა არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი. ის ხშირად ოცნებობდა იმაზე, თუ როგორ სახლს ააშენებდა, როგორ დააგეგმარებდა მასში სივრცეებს და როგორ მოაწყობდა ოთახებს. თავდაპირველად ეს ყველაფერი მხოლოდ ბავშვურ გატაცებას – „სახლობანას” თამაშის მსგავს ფანტაზიად მიაჩნდა. თუმცა, დაახლოებით ოცდახუთი წლის წინ მის ცხოვრებაში პირველად დადგა მომენტი, როდესაც იმ ბინის გარემონტების საშუალება მიეცა, სადაც იგი მაშინ ცხოვრობდა.

“საგულდაგულოდ დავგეგმე მოსალოდნელი რენოვაცია და მზად ვიყავი მოქმედება დამეწყო, მაგრამ ჩემს გეგმებს განხორციელება არ ეწერა, რადგან გარკვეული ყოფითი მიზეზების გამო, ბინა გაიყიდა. ახალ მეპატრონეს გავუზიარე ჩემი გეგმები და მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ მას ძალიან მოეწონა ეს იდეები. ბევრი მათგანი მან მოგვიანებით ჩემგან დამოუკიდებლად განახორციელა,” – იხსენებს ხათუნა

“ამის შემდეგ საცხოვრებლად წყნეთში გადავედი და ამჯერად კერძო სახლის რემონტს შევუდექი. ამ ეტაპზე აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ კარგი იდეები არ არის საკმარისი, არამედ საჭიროა იდეებისა და ხელთ არსებული ფინანსური რესურსის ოპტიმიზაცია. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ცუდი არ გამომივიდა. ყოველ შემთხვევაში, მნახველებს მოსწონდათ. აქედან მოყოლებული თხუთმეტამდე სახლის აშენებასა და ბინების სარემონტო სამუშაოებში მივიღე მონაწილეობა. ეს იყო მეგობრებისა და ნათესავების საცხოვრებელი სივრცეები და რა თქმა უნდა, სრულიად უსასყიდლოდ ვეხმარებოდი მათ.

ბევრს ვკითხულობდი, ვეცნობოდი ქართველი და უცხოელი დიზაინერების ნამუშევრებს, ვითვისებდი სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამებს. განსაკუთრებით კარგად გამომდიოდა ფართების ოპტიმალური განაწილება. ამასთან, ჩემ გარშემო შემოიკრიბა ხელოსანთა და მშენებელთა არაჩვეულებრივი პროფესიონალების გუნდი, რომლებიც დიდ დახმარებას მიწევდნენ, მაძლევდნენ პრაქტიკულ რჩევებს და ჩემთან ერთად ითვისებდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს.

2018 წლიდან გადავწყვიტე ძალები მეცადა ჰოსტინგის ბიზნესში. იდეა მარტივი იყო: თბილისის ისტორიულ უბანში დიდი, ძველი და მოუწესრიგებელი ბინის შეძენა, მისი დაყოფა პატარა ბინებად, გარემონტება და ტურისტებზე გაქირავება. ამ გეგმის განსახორციელებლად მივმართე ერთ-ერთ ბანკს, რომელმაც გამომიყო შესაბამისი დაფინანსება. ასე შევიძინე 102 კვ/მ ბინა სოლოლაკის ერთ ძალიან ლამაზ ეზოში, გერონტი ქიქოძის ქუჩაზე და შევუდექი ჩემი გეგმის განხორციელებას.

ამოცანა საკმაოდ რთული იყო – ერთი მხრივ, უნდა შემენარჩუნებინა ძველი თბილისის არქიტექტურისთვის დამახასიათებელი აურა და ისტორიული ელემენტები, ხოლო მეორე მხრივ, შემექმნა თანამედროვე კომფორტული ბინები სტუმრების მისაღებად. დემონტაჟი გავუკეთე მოგვიანებით “მიშენებულ” ნაგებობას და მის ადგილას შევქმენი ღია ვერანდა. ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იმაში მდგომარეობდა, რომ ოპტიმალურად უნდა დამეგეგმა დარჩენილი სივრცე. გადავწყვიტე, ფართი ორად გამეყო და ორი დამოუკიდებელი ბინა მივიღე. რაც შეეხება ინტერიერს, არჩევანი გავაკეთე ანტრესოლებით აღჭურვილ „ლოფტის” ტიპის დიზაინზე, რადგან ამის საშუალებას ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი მაღალი ჭერი მაძლევდა.

აღსანიშნავია, რომ ეზოში, სადაც ეს ბინა მდებარეობს, ძირძველი და კოლორიტული თბილისელები ცხოვრობენ. თავდაპირველად ყველა გაოცებული იყო, ვინაიდან უკვირდათ, თუ “რამ მაყიდინა ეს ბინა” და “რა უნდა გამოსულიყო ამისგან?!” შესაბამისად, მეზობლები აქტიურად იყვნენ ჩართულები პროცესში, რემონტის ყველა ეტაპზე შემოდიოდნენ და ნახულობდნენ თუ რა გაკეთდა. ხშირად მეკამათებოდნენ “აქ ეს არ გამოვა, აქ ეს არ დაეტევაო”, ასევე მაძლევდნენ რჩევებს თუ სად რისი გაკეთება ჯობდა. საბოლოო ჯამში, შედეგით ყველა აღტაცებული დარჩა. იმდენად, რომ მათ მოჰყავდათ საკუთარი ახლობლები, რათა ეჩვენებინათ თუ როგორ შეიძლება ერთი შეხედვით ძველ და “უპერსპექტივო” სახლს ახალი სიცოცხლე შესძინო. მეც კმაყოფილი ვიყავი, საბოლოოდ გამიმყარდა აზრი, რომ მოყვარული დიზაინერის პირობაზე, არც ისე ცუდი შედეგები მქონდა და ეს საქმე ძალიან დიდ სიამოვნებას მგვრიდა.

 

თუმცა ამის შემდეგ, თავი ახალმა პრობლემამ იჩინა. ერთია, გაარემონტო მოაწყო, აღჭურვო საცხოვრებელი ფართი და მეორეა, გააქირაო, მოუარო, მიიღო სტუმრები და უზრუნველყო მათი კომფორტული ცხოვრება. ეს სულ სხვა ბიზნესია, რომელიც მოითხოვს დროს, ცოდნასა და გარკვეულ უნარებს. ასე აღმოვაჩინე სრულიად მოულოდნელად კომპანია „Wehost“, რომელმაც შეუფასებელი დახმარება გამიწია ამ საქმეში. ბინები ამ კომპანიას გადავეცი სამართავად. მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა (რუსული ემბარგო), ბიზნესი ძალიან წარმატებული გამოდგა და მეც მალევე დავიწყე ფიქრი ახალ პროექტებზე.

ისევ მივმართე ბანკს და ამჯერად შევიძინე 97 კვ/მ ფართის მქონე ძველი ბინა პავლე ინგოროყვას ქუჩაზე. სირთულეები არანაკლები ჩანდა, ვიდრე პირველი პროექტის შემთხვევაში, მაგრამ ეს მხოლოდ ინტერესს და აზარტს აღვივებდა ჩემში. უნდა შემენარჩუნებინა სახლის ისეთი ავთენტური დეტალები, როგორიცაა დარაბები, კარები, ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი კედლის კარადები და ეს ყველაფერი შემერწყა თანამედროვე დიზაინთან. სწორედ ამ მოცემულობამ მიკარნახა, რომ ინტერიერი კლასიკური მოდერნის სტილში გადამეწყვიტა. საბოლოო ჯამში, სივრცე ორად გავყავი და მივიღე საერთო ვერანდის მქონე ორი პატარა ბინა. ერთი მათგანი 52 კვ/მ ფართობის მქონეა, ხოლო მეორე – სულ რაღაც 31კვ/მ სივრცეს მოიცავს.

ალბათ არსებობს რაღაც უხილავი ძაფები, რომლებიც ამ ქალაქში მაცხოვრებელ ადამიანებს გვაერთიანებს, მე ამას “ჭეშმარიტ თბილისურ სულს “ვუწოდებდი. როგორც წინა შემთხვევაში, ბინის შეძენისთანავე შემოიკრიბა კრიტიკულად და სკეპტიკურად განწყობილი მეზობლების ჯგუფი, მაგრამ რემონტის დაწყებიდან სულ რამდენიმე დღეში ეს “კრიტიკულ-სკეპტიკური” განწყობა შეიცვალა რჩევების მოცემის, პრაქტიკული დახმარებისა და გულშემატკივრობის ჟინით. ადამიანებს გულწრფელად უხაროდათ ჩემი წარმატება და თავადაც იმედი ეძლეოდათ, რომ ბინები, რომლებშიც ათწლეულებია ცხოვრობენ, კრეატიული, ინოვაციური, საინტერესო იდეებისა და სარფიანი შემოსავლის წყარო შეიძლებოდა გამხდარიყო.

რემონტი 2020 წლის თებერვლის მეორე ნახევარში დასრულდა. მაშინ მე გადავწყვიტე, რამდენიმე დღე არ გადამეცა ეს ბინები “Wehost“-თვის მართვაში და თავად დავმტკბარიყავი ჩემი ქმნილებით. თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, ეს “ტკბობა” გაცილებით დიდხანს გაგრძელდა – კოვიდ პანდემიის გამო, ტურიზმი შეწყდა და ჰოსტინგიც გაჩერდა.

მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ამ პაუზისა, ფართები არ “გამიცდენია”. ამ პერიოდში ჩემი ვაჟი და მისი ერთი მეგობარი დაქორწინდნენ და ბინები დროებით ახალდაქორწინებულ წყვილებს დავუთმე. შემდგომ უკვე 2021 წლის გაზაფხულიდან ბიზნესი ისევ გამოცოცხლდა და მიუხედავად პანდემიის პერიოდში მიღებული ზარალისა, მეც იმედი მომეცა. ასე რომ, წინ კიდევ დიდი გეგმებია”, – ხათუნა სალუქვაძე

სახლი, როგორც ხელოვნების ნიმუში – ყოფილი სასახლე იტალიაში

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ერგონომიული სკამი – ნატა ხოტელაშვილის გიდი