in

შეაბიჯეთ ლენი კრავიცის არაამქვეყნიურ ბრაზილიურ სამყოფელში

Banner M2
Banner M2

გრემის ჯილდოს მფლობელმა მუსიკოსმა და დიზაინერმა – ლენი კრავიცმა შექმნა უნიკალური ხედვა, რომელიც სხვადასხვა ჟანრებს, პერიოდებს, სტილებსა და გავლენებს აერთიანებს. 54 წლის როკ ვარსკვლავი რჩება პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო არტისტად, რომელიც მუდმივად ამართლებს მოლოდინებს და მხატვრული გამოხატვის ახალ გზებს აყალიბებს.

Kravitz Design-ის დაარსებიდან 16 წლის განმავლობაში ლენიმ შეიმუშავა საჯარო სივრცეებისა და ლუქს ნომრების დიზაინები სასტუმროებისთვის მაიამიში, ლას-ვეგასსა და ტორონტოში. გარდა ამისა, მან Leica-სთვის კამერა, ხოლო Rolex-ისთვის საათი შექმნა. კრავიცის ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი პირადი პროექტი იყო რიო-დე-ჟანეიროს გარეთ მდებარე XVIII საუკუნის ბრაზილიური ყავის პლანტაციის ახალი კონცეფციის შემუშავება.

კრავიცის ბრაზილიური იდილია დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო, როდესაც ის გასტროლებზე იმყოფებოდა. „მთელ ქვეყანაში ვმოგზაურობდი და სულ უფრო მეტად მიზიდავდა ხალხი, კულტურა, მუსიკა და მიწაც. არის რაღაც წარმოუდგენლად ძლიერი და დიდებული ამ ადგილში“ – იხსენებს ლენი. ტურნეს დასასრულს, 24 საათით ადრე, სანამ ის და მისი ჯგუფი მაიამიში გაემგზავრებოდნენ, კრავიცს დაურეკა მეგობარმა, რომელიც ქალაქგარეთ მდებარე სახლში ეპატიჟებოდა. „ყველა მზად იყო შინ დასაბრუნებლად, მაგრამ რაღაც ძალამ ახალი თავგადასავლისკენ მიბიძგა. ასე რომ, იქ ღამით მივედით და მეორე დილით ყველაზე აყვავებული, ლამაზი პეიზაჟის ფონზე გავიღვიძე. ჩვენ ვიყავით ხეობაში, გარშემორტყმულნი მთებით, ჩანჩქერებით, ძროხებით, ცხენებით, მაიმუნებით, ხეხილის ჭალებითა და ბოსტნეულის მინდვრებით – ბუნების მთელი ბრწყინვალებით“.

ერთი დღე კვირად იქცა, კვირა კი – თვედ. „იქ ექვსი თვის განმავლობაში დავრჩი. არაჩვეულებრივი იყო. უბრალოდ დავივიწყე უწინდელი ცხოვრება, კოვბოებისგან ცხენზე ჯირითი ვისწავლე, გავერკვიე მიწათმოქმედებაში და კვლავ დავუკავშირდი ბუნებას“ – ამბობს ის. „არასოდეს მიგრძვნია თავი უფრო მშვიდად და ღმერთთან ასე ახლოს. ეს ჯადოსნური დრო იყო. ვიფიქრე, დროა დამთავრდეს აურზაური, მე ფერმერი გავხდები”.

რეალობას, რა თქმა უნდა, ოცნებებში ჩარევის საშუალება აქვს და კრავიცი საბოლოოდ ძველებურ ცხოვრებას – გასტროლებსა და მუსიკას დაუბრუნდა. თუმცა ბრაზილია კვლავ მის სისხლში იყო და 2 წლის შემდეგ მან კვლავ გაიხსენა ჯადოსნური ადგილი. ამჯერად, მან თითქმის 1,000 ჰექტრის სიდიდის მიწის ნაკვეთი შეიძინა. კრავიცი აღწერს მას, როგორც „ადგილს, სადაც შეგიძლიათ თავიდან დაიწყოთ ცხოვრება და გამოყოთ დრო იმისთვის, რომ ჩუმად იყოთ და საკუთარ თავს რეალურად მოუსმინოთ“.

ეს მასშტაბური საკუთრება მოიცავს XIX საუკუნის პორტუგალიური კოლონიური სტილის ფერმის სახლებს და შენობებს, რომელთაგან ზოგიერთი კრავიცმა სტუმრების დასაბინავებელ სივრცეებად, სპორტ დარბაზად, აუზად და ხმის ჩამწერ სტუდიებად გადააკეთა. მან სარემონტო სამუშაოები არსებული ნაგებობების განათებით დაიწყო. კრავიცის თქმით, მისი პირველი იმპულსი ყველაფრის გაწმენდა, შპალერების ჩამოხევა, გაუთავებელი კარადების გასუფთავება, სანტექნიკისა და ელექტრობის განახლება იყო.

მომდევნო წლების განმავლობაში კრავიცი, რემონტის ზედამხედველობის მიზნით, ხშირად სტუმრობდა თავის ქონებას, ხოლო როდესაც ტურნეებზე ყოფნით იყო დაკავებული, მომუშავე ჯგუფს FaceTime-ის საშუალებით ეკონტაქტებოდა. მან ასევე დაიწყო ავეჯისა და ხელოვნების ნიმუშების განახლებულ ოთახებში განსათავსებლად გაგზავნა. კრავიცის თქმით, ის იმპროვიზაციას მიმართავდა, არჩევდა იმას, რაც მოსწონდა და ამ ნივთებს უბრალოდ კონტეინერით აგზავნიდა.

კერძო სახლი კიკეთში ამერიკულ-სკანდინავიური სტილების სინთეზით

როგორ შევარჩიოთ სამშენებლო კომპანია სწორად?