in ,

ქაოსში დაჭერილი წესრიგი – სტუმრად მაკა კვიციანის სახლში

Banner M2
Banner M2

მაკა კვიციანს ბევრი იცნობს ცხოვრების სხვადასხვა სფეროდან. მას ვიცნობთ როგორც კულინარიული უნარებით, ასევე დიზაინერული ხედვებით – ის ხომ მოდის სახლ Dalood-ის კრეატიული ხელმძღვანელია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არის კიდევ ერთი სფერო, რომელში საქმიანობაც ჩვენს რესპონდენტს საკმაოდ წარმატებით გამოსდის – ჩვენი აზრით, მაკა გამორჩეული დეკორატორია. ამაზე კი მისი საცხოვრებელი სახლის ინტერიერი მეტყველებს.

სახლი ბევრნაირად შეიძლება დავახასიათოთ, თუმცა, ეს კონკრეტული ინტერიერი “მაკა კვიციანის სახლადვე” ხასიათდება – უკეთესად მას ვერ აღვწერთ, რადგანაც ის ფერები და დეტალები, რომლებითაც აქაურობაა გაწყობილი, ზუსტად გამოხატავს მაკას ხასიათსა და მის დახვეწილ გემოვნებას. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სახლის ინტერიერის შექმნაში მას საკუთარი მეგობარი, დიზაინერი ქეთი ასათიანი დაეხმარა.

როგორც მაკა გვიამბობს, თავდაპირველად, როდესაც მან და მისმა მეუღლემ აქ დასახლება გადაწყვიტეს, სახლის პროექტი უკვე არსებობდა და დღევანდელი შენობის ნაწილი უკვე იდგა. რაც შეეხება გეგმარებას, იგი მინიმალურად შეიცვალა. დღეს კი აქ მუქფასადიანი, საკმაოდ დახვეწილი ექსტერიერის და ძალიან საინტერესო ინტერიერის მქონე შენობა დგას.

“ბებიაჩემის სვანეთის სახლში იყო დიდი პანო. კომუნისტების დროს მსგავსი პანოები ძალიან პოპულარული იყო. მასზე გამოსახული იყო შემოდგომის ხეები. სახლის კეთება როცა დავიწყე, ამოვიჩემე, რომ მეც მინდოდა პანო მქონოდა. შემდეგ უკვე მე და ქეთი ასათიანმა ვიპოვეთ ეს ლაკრუას პანო და გავაკარით კედელზე. ყველა მეუბნებოდა, რომ შემაწუხებდა, თუმცა, არ ვთვლი, რომ მე ის მაწუხებს.” 

გარდა პალმების პანოსა, სახლში ბევრ სხვა ადგილზეც გვხვდება მცენარეებით დატვირთული კედლის ქაღალდი. როგორც მაკა გვიამბობს, მსგავსი დეკორი თავიდანვე გათვლილი არ ყოფილა, არამედ მათ შემთხვევით წააწყდა და ასე შეიქმნა ერთგვაროვანი კედლის ქაღალდების ხაზი. სწორედ ამიტომ, ალბათ არც არის გასაკვირი, რომ სახლის ინტერიერის რენდერი დღევანდელი დიზაინისგან სრულიად განსხვავდება.

როდესაც ინტერიერი იქმნება, ყოველთვის გამოწვევასავით დგება სამზარეულოსა და მისაღები ოთახის საკითხი – იყოს თუ არა ისინი ერთიანი. მაკა კვიციანის სახლში ორივე ნაწილი გაერთიანებულია და ამას აქვს ახსნა: “გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მიყვარს კეთება, ძალიან მნიშვნელოვანია, კომუნიკაცია მქონდეს მისაღებში მყოფ ადამიანებთან. თუმცა, ბევრი დამეთანხმება, რომ საკმაოდ რთულია, როცა ამ დროს ყველა გიყურებს და თანაც საკვების მზადების პროცესიც ხომ ხმაურიანია… რაც შეეხება დიზაინს, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სამზარეულოს ავეჯის იერსახე ჰქონოდა და არ ყოფილიყო ძალიან შაბლონური. მგონი ასეც გამოვიდა.”

მაკას სახლში ასევე ვხვდებით ერთ ძალიან ორიგინალურ, თამამი ფერებით გაწყობილ კაბინეტს, რომელიც ერთგვარად ბიბლიოთეკასაც წარმოადგენს.

“ძალიან პატარა ვიყავი, როცა ლონდონში, ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში მსგავსად გადაშლილი წიგნები ვნახე. მომეწონა ეს იდეა, რადგან დიდი წიგნების გადმოღება ყოველთვის ძალიან რთულია ხოლმე. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე კი, სულ მიწევს ქექვა. ამიტომაც, ისინი ამ ფორმით დავალაგე. რაც შეეხება კაბინეტის ფერს, რატომღაც თავიდანვე ვიცოდი, რომ აქაურობა ლურჯი უნდა ყოფილიყო.”

გარდა ინტერიერისა, მაკამ ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა მიანიჭა სახლის ბაღსაც. როგორც თავად გვიამბობს, მას ძალიან მოსწონს ახალ-ახალი სახეობების დამატება და მრავალფეროვანი ბაღი.

“ზოგადად, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ეზოს. ზაფხულში აქაურობა კიდევ უფრო კარგი სანახავია. ბაღის შესაქმნელად “გარდენია შევარდნაძე” დავიხმარე და, საბოლოო ჯამში, ჩემი და გარდენიას კოლაბორაციით შეიქმნა ეს ყველაფერი. ჩემი ბაღი ერთგვარად ჩემი სიამაყეა და სულ ვამბობ, რომ ის ცალკე ადამიანია.”

კითხვაზე, თუ სახლის რომელ ნაწილში უყვარს მაკას ყოფნა, გვპასუხობს, რომ აქ, ნებისმიერ სივრცეში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. საძინებელიც იმგვარადვე უყვარს, როგორც მისაღები და სამზარეულო..

“ჩემი სახლი ჩემი სამყაროა. ზოგჯერ ვამბობ, რომ კოლექციებში ვერ ვახერხებ საკუთარი თავის გამოხატვას ისე, როგორც ეს ჩემს სახლში მოვახერხე. ვინც არ უნდა ნახოს ეს სახლი, ყველა ამბობს, რომ კი, ეს ნამდვილად მაკას სახლია.” 

მაკამ ასევე გაგვანდო, რომ ამჟამად Dalood-ის ახალ ფილიალზე მუშაობს, რომელიც კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება მისთვის, გამოხატოს საკუთარი თავი ისე, როგორც მან ეს საკუთარ სახლში მოახერხა. თუმცა, სანამ ეს პროექტი დასრულდება, მანამდე გირჩევთ, დიდი ყურადღებით დაათვალიეროთ მაკა კვიციანის სახლი და ყველა დეტალს დააკვირდეთ – ის ნამდვილად ბევრი სურპრიზითაა სავსე.

სტატიის ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

მინიმალურად გაფორმებული ძველი სახლი ლონდონში

უძრავი ქონების შეძენა მარტივად და სწრაფად