in

როგორ შევქმნათ მდიდრული ინტერიერი მცირე ზომის ბინაში? – რამდენიმე სასარგებლო რჩევა

სახლის ფართობს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ნებისმიერი ზომის საცხოვრებელს შეიძლება აბსოლუტურად გამორჩეული და მრავალფეროვანი ინტერიერი ჰქონდეს. იმისთვის, რომ ასეთ შედეგს მივაღწიოთ, უამრავი თანამედროვე ტენდენცია და რჩევა არსებობს, რომელსაც ინტერიერის დიზაინერები ყოველდღიურად გვიზიარებენ.

პატარა სახლი ხშირად უფრო მარტივი მოსაწყობიც კი არის, რადგან ავეჯის სივრცეში ინტელექტუალურად განაწილებისა და ფუნქციური დეტალების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. სივრცის ვიზუალურად გასაზრდელად კი უამრავი საშუალება არსებობს, მაგალითად, ერთი ნიმუშის იატაკის საფარი, ნათელი კედლები, მინიმალისტური ავეჯი და სხვა.

როდესაც საქმე პატარა ოთახებს ეხება, მნიშვნელოვანია მთავარი წერტილების პოვნა და გალამაზება, ვინტაჟური კუთხეების შექმნა, მარმარილოს ელემენტების დამატება ან ბუნებრივი მასალის გამოყენება.

დღევანდელ სტატიაში რამდენიმე სასარგებლო რჩევას გაგიზიარებთ იმისთვის, რომ თქვენი მცირე ზომის სახლი მდიდრულ და ელეგანტურ სივრცედ აქციოთ.

გამოიყენეთ ძვირადღირებული მასალა

მხოლოდ იმის გამო, რომ სახლში შედარებით ნაკლები სივრცე გაქვთ, აქცენტი მასობრივი წარმოების ავეჯსა და მინიმალისტურ დეკორაციებზე არ უნდა გააკეთოთ. ზომას მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერი ოთახი შეიძლება მდიდრულად გამოიყურებოდეს თუ იგი შესაბამისად არის გაფორმებული.

მაღალი ხარისხის მასალის გამოყენება შესანიშნავი ამოსავალი წერტილია ელეგანტური ინტერიერის მოსაწყობად. გამოიყენეთ ხავერდი, ბამბა, აბრეშუმი და მსგავსი ტექსტურა იმისთვის, რომ სივრცე სითბოთი შეივსოს. ამას გარდა, ნუ იტყვით უარს ხალიჩებზე.

შეიძინეთ ხელნაკეთი ნივთები

თამამი და ძვირადღირებული ქსოვილებისა და ნივთების გამოყენებით სივრცეში მდიდრულ განწყობას მარტივად შექმნით. აირჩიეთ ხელნაკეთი დეკორაციები, არ მოერიდოთ თამამ გადაწყვეტილებებსა და ექსპერიმენტებს.

ასეთი ნივთები სივრცეში გაბედული განაცხადია, სახლს კი უფრო თბილსა და მყუდროს ხდის. მსგავსი აქცენტები შეიძლება შეიქმნას ყველაფრით – დიდი ზომის ხელოვნების ნიმუშებიდან დაწყებული, ნაქსოვი ხალიჩებით დამთავრებული.

ჩართეთ არქიტექტურული დეტალები

ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ ისეთი დეტალები, როგორებიცაა პანელები, მოლდინგები და სხვა, მხოლოდ დიდი აგარაკების ან სახლების ასაშენებლად გამოიყენება, თუმცა ეს ასე არ არის მათი დამატება შესანიშნავი საშუალებაა ინტერიერის გასამდიდრებლად.

კედლის პანელი პრაქტიკული და დეკორატიული აქცენტია, რომელიც სახლში დახვეწილ შეგრძნებას აღძრავს, პატარა სივრცეში ვერტიკალური პანელები კედლებს უფრო მაღალს აჩენს, ნეიტრალური ფერის პანელები კი კლასიკურ და ელეგანტურ განწყობას ქმნის.

მცირე ზომის სახლში დიზაინერები გვირჩევენ ღია ყვითელი და მარჯნისფერი ელფერების გამოყენებასაც. ასეთი ტონალობები განსაკუთრებით უხდება მისაღებს, სასადილო ოთახსა და საძინებელს.

გახსოვდეთ, რომ აუცილებელი არაა ფერები მხოლოდ კედლებს დაუმატოთ. ფერის გადატანა ჭერზე მყისიერად აამაღლებს და გაზრდის სივრცეს და დამატებით, დეკორაციისა და ავეჯის შესანიშნავ ფონს შექმნის.

გამოიყენეთ მუქი ფერები

ისეთი ფერები, როგორიცაა შავი, მწვანე, ლურჯი და სხვა, პატარა სახლს ეხმარება, რომ ის უფრო ელეგანტურად და მდიდრულად გამოიყურებოდეს. ასეთ ტონალობებს განსაკუთრებით უხდება ხელოვნების ნიმუშები და დეკორაციები.

ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ, რომ მუქი ტონები დავამატოთ სამზარეულოში ზედაპირების სახით ან საძინებელში, სითბოსა და სიმყუდროვის შესაქმნელად.

მუქი ფერის გამოყენება არ ნიშნავს, რომ სივრცე ჰაეროვანი და მსუბუქი აღარ იქნება. კონტრასტული ფერების დაბალანსებით, სარკეებითა და ამრეკლავი ზედაპირებით მარტივად შეძლებთ საინტერესო და მყუდრო ინტერიერის მოწყობას.

დაამატეთ სანათები და ჭაღები

გრანდიოზული, მრავალფეროვანი და დიზაინზე ორიენტირებული სანათი ან ჭაღი მარტივად გარდაქმნის პატარა სივრცეს და მას უფრო დახვეწილს გახდის. იქნება ეს სანათი, გამორჩეული ფორმის ნათურა თუ შუა საუკუნის სკულპტურული ნამუშევარი, განათება იდეალური საშუალებაა სივრცის გასამდიდრებლად.

შეიძინეთ დიდი ზომის ხელოვნების ნიმუშები

დახვეწილი კედლის ნახატი ყოველთვის გამოარჩევს ნებისმიერ სივრცეს, იქნება ის დიდი თუ შედარებით მცირე ზომის. ნუ შეგეშინდებათ თამამი აქცენტების გაკეთების, შეიძინეთ დიდი და ფერადი ნახატები და კედლის დეკორაციები.

დიზაინერების რჩევით, ნამუშევარი აღქმული უნდა იყოს არა როგორც დამატებითი დეკორაცია, არამედ როგორც ინტელექტუალური ჩანართი, შესაბამისად ის დიზაინის ერთ-ერთ მთავარ აქცენტს უნდა წარმოადგენდეს.

რუბრიკის წარმდგენია დეველოპერული კომპანია ბლოქსი 

ბინა სხვენში სკანდინავიური ესთეტიკით

ბრტყელი გადახურვა – ყველაფერი, რაც ამ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ