in

პარიზული ბრუტალიზმის ესთეტიკა – ტური არქიტექტორ შადი აბუ ჟოდის სახლში

Banner M2
Banner M2

საფრანგეთის დედაქალაქში მდებარე ეს ტრიპლექსი არქიტექტორ შადი აბუ ჟოდს (Chadi Abou Jaoude) ეკუთვნის. ცემენტის კედლებისა და ჭერის, ავეჯის გამაკვირვებელი ზავითა და ამ ყველაფერთან განათებების იდეალური შერწყმით პარიზის მეოცე რაიონში მომხიბლავი ნაგებობა შეიქმნა, რომელიც ბრუტალიზმთან ერთად პარიზული ესთეტიკითაც ხასიათდება.

ბინის სილამაზის და ენერგიის აღსაქმელად საჭიროა მისი ლოკაციაც ვიქონიოთ მხედველობაში – ის პარიზის მეოცე რაიონში მდებარეობს, რომელიც ეკლექტუი, ახალგაზრდული და დინამიური ატმოსფეროთი გამოირჩევა. მის დასახასიათებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ფრანგული სიტყვა „bobo“ – ბურჟუაზიულისა და ბოჰემურის შერწყმით მიღებული ტერმინი. სწორედ რაიონის მზარდმა პოპულარობამ და სახასიათო შტრიხებმა მიიზიდეს აქ საცხოვრებლად  47 წლის არქიტექტორი და მისი პარტნიორი.

 

ტრიპლექსი, რომელიც 1980-იანებშია აგებული, ექსტერიერით დიდად არ გამოირჩევა, თუმცა თავის პოტენციალს ინტერიერში სრულად ავლენს. წყვილის თქმით, გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც მათ ეს სახლი შეაძენინა, მისი 20 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ტერასა იყო – პარიზში ხომ ძალიან იშვიათია ისეთი სახლის შეძენა, რომელიც ქალაქურიცაა და საკუთარი ბაღის გაშენების საშუალებასაც იძლევა.

სამსართულიანი ბინა სულ რაღაც 75 კვადრატულ მეტრს მოიცავს. შესასვლელიდან პირდაპირ სასტუმრო ოთახში გავდივართ, რომელიც იატაკიდან ჭერამდე გადაჭიმული ფანჯრების საშუალებით სრულადაა განათებული. მეორე სართულზე ორი საძინებელი ოთახი მდებარეობს  სააბაზანოსა და დამოუკიდებელი ტუალეტის ჩათვლით, მესამე სართული კი ვერანდას მოიცავს, სადაც ღია სამზარეულო და სასადილო ოთახია განთავსებული. მესამე სართულზევე გვხვდება ტერასა.

სახლის რენოვაციის პროექტი სრულიად აბუ ჟოდს ეკუთვნის. როგორც არქიტექტორი იხსენებს, რემონტის დაწყებისას აღმოაჩინა ხელშეუხებელი ბეტონის ჭერი და კედლები, რომლებიც კარგ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისი თქმით, ეს მასალა სახლს სახასიათო, გამორჩეულ შტრიხს ანიჭებს და ბრუტალისტურ, თანამედროვე ხიბლს მატებს.

ბინის პროექტზე მუშაობისას წყვილმა გადაწყვიტა, რომ მასში ბუნებრივი ბალანსი შეენარჩუნებინათ, ამიტომ სახლის იატაკისთვის ღია ფერის მუხა შეარჩიეს. დიზაინის ძირითადი ნაწილი თეთრ, იისფერ და კრემისფერ ფერებშია გადაწყვეტილი. აქა-იქ შავი ფერის შემჩნევაცაა შესაძლებელი – აქსესუარებში, სანათებსა და კიბეზე.

ფოტოგრაფი: Sebastian Erras.

ტური სამხრეთ იტალიის მინიმალისტურ აგარაკში

სამზარეულოს დაპროექტებისას დაშვებული 8 ძირითადი შეცდომა