პარიზის მე-11 ოლქის შუაგულში ძველი სახელოსნო ოსტატურად გადაკეთდა მშვიდ და თანამედროვე რეზიდენციად, რომელიც აერთიანებს ინდუსტრიულ მემკვიდრეობასა და თანამედროვე ელეგანტურობას. სახლის U ფორმის სტრუქტურა მოიცავს ცენტრალურ ოაზისს, სადაც ხარობს სხვადასხვა სახის მცენარე.
სახლის პირველ სართულზე შექმნილია ორმაგი სიმაღლის სივრცეები, რაც აძლიერებს ღიაობისა და ჰაეროვნების განცდას. მაღალჭერიანი ინტერიერი ბუნებრივი განათებით არის გაჯერებული, რასაც ხელს უწყობს დიდი ზომის მინის ფანჯრები და კარები, რომლებიც ეზოს გამწვანებულ ოაზისთან პირდაპირ კავშირს ქმნის. ინტერიერში განთავსებული თეთრი კედლები სისუფთავისა და სიმარტივის განცდას აძლიერებს, ხოლო ხის დეტალები ოთახს სითბოსა და ბუნებრივ ელეგანტურობას სძენს. სივრცე თანამედროვე დიზაინისა და ორგანული მასალების ჰარმონიულ კომბინაციას წარმოადგენს.
მისაღები ოთახი სამ ნაწილად არის დაყოფილი – სასადილო სივრცე, რომელიც განკუთვნილია ოჯახური თუ მეგობრული შეკრებებისთვის. მეორე და მესამე ზონები კი ქმნის ორ კომფორტულ დასასვენებელ ადგილს, სადაც მოთავსებულია ნაცრისფერი და თეთრი დივანი ყავის მაგიდებით. აქვე გვხვდება დახვეწილი ხის ბიბლიოთეკა, რომელიც ოთახის ინტერიერს შინაარსობრივად ავსებს და ქმნის მყუდრო გარემოს. ამგვარი კომპოზიცია საშუალებას აძლევს სივრცეს, იყოს მრავალფუნქციური და მოერგოს როგორც ყოველდღიურ ცხოვრებას, ისე განსაკუთრებულ ღონისძიებებს.
მისაღები ოთახის გვერდით, იმავე სართულზე, განთავსებულია დაბალჭერიანი სამზარეულო, რომელიც მისი გონივრული დიზაინის წყალობით, ცალკე სივრცედ აღიქმება. აქ ხის მასალა მთავარი ელემენტია და მთლიან ინტერიერს სითბოსა და ბუნებრივ იერს სძენს. ხის მასალას ჰარმონიულად ერწყმის მარმარილოს ზედაპირი, რაც სამზარეულოს ელეგანტურობას უსვამს ხაზს. სისუფთავე და ორგანიზებულობა თვალშისაცემია. ინვენტარი და ნივთები ღია სივრცეში არ ჩანს – ყველაფერი მოთავსებულია უჯრებსა და კარადებში, რაც სამზარეულოს კიდევ უფრო მოწესრიგებულსა და მსუბუქს ხდის.
ამ სახლის ეზო ნამდვილი მწვანე ოაზისია, სადაც სხვადასხვა სახის მცენარე ბუნებრივ ჰარმონიას ქმნის. გამწვანებული გარემო სიმშვიდისა და განტვირთვის შესანიშნავ ადგილს წარმოადგენს, რაც თანამედროვე ურბანულ ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეზოში, მყუდრო კუთხეში ხის მაგიდა და სკამებია განთავსებული. ეს უბრალო, მაგრამ ფუნქციური ავეჯი იდეალურია როგორც მშვიდი დილის ყავისთვის, ისე ოჯახური ან მეგობრული სადილების გასამართად ღია ცის ქვეშ.
რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”