in ,

პატარა ბინა ულამაზესი ჭერით სოლოლაკში – სოფი კიკოშვილის ინტერიერი

Banner M2
Banner M2

ბინა, რომელზეც დღეს გიამბობთ, სოფი კიკოშვილს ეკუთვნის. სოფი სამართლის სფეროში მოღვაწეობს და საკმაოდ წარმატებულად, თუმცა, როგორც მან აღმოაჩინა, ყველაზე დიდ სიამოვნებას ინტერიერის შექმნის პროცესი ანიჭებს. სწორედ ამიტომ, ეს საქმიანობა მან ძირითად ჰობიდ აქცია. სოფი იმდენად გაიტაცა ინტერიერის დიზაინმა, რომ ეს სივრცე მისთვის უკვე რიგით მესამე პროექტს წარმოადგენს და როგორც ის მიიჩნევს, ყოველი მომდევნო უფრო საინტერესო, ინდივიდუალური და მყუდრო გამოსდის. ამას გარდა, განსხვავებით წინა პროექტებისა, ამჯერად მან მხოლოდ საკუთარი ხედვების გათვალისწინებით შექმნა ინტერიერი და პროფესიონალი დიზაინერის დახმარებით არ უსარგებლია.

მჯერა, რომ ყველა სახლს თავისი აურა და სული აქვს, რომელსაც თავიდანვე შევიგრძნობ და რომლის გადმოცემასაც ვცდილობ მასალის, ფაქტურების, ფერების, განათებისა და სხვა დეტალების გამოყენებით“, – გვიამბობს ჩვენი რესპონდენტი

ახალი საცხოვრებლის შერჩევის პროცესი საკმაოდ მარტივი იყო სოფისთვის. ადგილმდებარეობის კუთხით ის თავიდანვე სოლოლაკს განიხილავდა, ვინაიდან მისთვის ეს განსაკუთრებულად მიმზიდველი და საყვარელი უბანია. სწორედ ამიტომ, საბოლოო ჯამში, მან არჩევანი მაჩაბელის ქუჩაზე მდებარე 52 კვ/მ ფართობის ბინაზე გააკეთა.

ზუსტად ვიცოდი, რომ ამ გარემოში მინდოდა მქონოდა  ჩემი სივრცე და ასე დავიწყე ლოკაციის შერჩევა. დიდხანს ძებნა არ დამჭირვებია, შემოსვლისთანავე შემომანათა ამ ფანჯრებში დილის მზემ, აივანზე გავიხედე, ოთახში მიმოვიხედე და ჩემს ტვინში სახლის ზუსტი დიზაინი უკვე მზად იყო.”

განსაკუთრებულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული სარემონტო სამუშაოები, ვინაიდან შენობა, რომელშიც ბინა მდებარეობს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. შესაბამისად, საჭირო გახდა შესაბამისი ნებართვების მოპოვება, რაც ძალიან ხანგრძლივი და რთული ბიუროკრატიული პროცესი აღმოჩნდა.

ჩემს მიზანს წარმოადგენდა ბინის სიძველისა და ავთენტურობის მაქსიმალური შენარჩუნება. სამწუხაროდ, ჩემამდე ჩატარებული სარემონტო სამუშაოებით ბევრი რამ იყო დაზიანებული: ფანჯრებზე მოხსნილი დამხვდა დარაბები, ჭერზე მიმაგრებული იყო თაბაშირ-მუყაოს ფილები, დაზიანებული იყო ფანჯრის გარე ფასადი, იატაკი არაერთხელ იყო გადაღებილი წითელი საღებავით… თუმცა, მე ღრმად ჩავისუნთქე და მოთმინებით მივყევი პროცესს ეტაპობრივად მანამ, სანამ ზუსტად ის არ მივიღე, რაც წარმომედგინა.”

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ხსენებული გამოწვევების გარდა, ახალ მეპატრონეს სასიამოვნო სიურპრიზებიც დახვდა. პირველ რიგში, სოფის ყურადღება მიიქცია სივრცის მოხერხებულმა გეგმარებამ, რამაც სამზარეულოსა და სველი წერტილის მოწყობის პროცესი ძალიან გაამარტივა. როგორც ჩვენი რესპონდენტი იხსენებს, ბინის შერჩევისას ეს ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო, ვინაიდან ძველი პროექტების გეგმარება საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ამას გარდა, ჭერის სიმაღლე მცირე მონაკვეთზე იძლეოდა სივრცის ორად გაყოფის საშუალებას, სადაც სოფიმ საკუთარი შვილისთვის დამატებითი საძინებელი ზონა მოაწყო.

ცალკე აღნიშვნის ღირსია კიბე, რომელიც საკმაოდ ორიგინალურ სტილშია გადაწყვეტილი. ფართის ეკონომიის მიზნით, სოფიმ სტანდარტული კიბის ნაცვლად თაროები დაამონტაჟა, რომელიც ორივე ფუნქციას იდეალურად ითავსებს.

რაც შეეხება ამ სივრცის მთავარ დეტალს, ეს არის ჭერის ულამაზესი მოხატულობა, რომელიც სოფიმ სარემონტო სამუშაოების დროს აღმოაჩინა. როგორც ის იხსენებს, თავდაპირველად მასზე გადაკრული იყო თეთრად შეღებილი ქაღალდი, რომელსაც თავის მხრივ, ბიაზის ჭერი ფარავდა. ხოლო ამ უკანასკნელზე მოწყობილი იყო თაბაშირ-მუყაოს შეკიდული ჭერი. მხოლოდ ოთახის ცენტრში დარჩენილი პატარა ჭუჭრუტანიდან მოჩანდა იდუმალი ლურჯი ფერი ბზარებს შორის.

ძალიან მადლიერი ვარ  რესტავრატორების, რომელთა დახმარებითაც გადავამოწმე მოხატულობა და იმდენად გამიხარდა მისი აღმოჩენა, რომ აღარც დავფიქრებულვარ, ისე გავრისკე ნახატის სრულად გამოჩენა. ორთვიანი მუშაობის შედეგად, ასევე პირვანდელი სახით აღვადგინეთ და პირვანდელი ფერი დავუბრუნეთ ჭერის გარშემო არსებულ კარნიზს, რომელიც საბედნიეროდ, მცირედ იყო დაზიანებული და რესტავრაციას დაექვემდებარა.

თუმცა, ჭერის აღდგენით გამოწვეული სიხარული მალევე შეიცვალა იმაზე ფიქრით, თუ როგორ მოუხდებოდა ახლად აღმოჩენილი დეტალი მანამდე ჩაფიქრებულ ინტერიერის დიზაინს.

არსებობდა ძალიან დიდი ცდუნება, რომ ყველაფერი ჭერზე მორგებით გადამეწყო. ამას მირჩევდნენ ახლობლებიც, მაგრამ გავჯიუტდი და ჩემს თავს ვუთხარი, რომ ოთახის დიზაინი ჭერის გამოჩენამდე იყო მოფიქრებული და ბოლომდე უნდა შემესხა ფრთები ჩემი ჩანაფიქრისთვის. გადავწყვიტე, რომ თუ არ გაამართლებდა, მერე გადავაკეთებდი. მაგრამ არა, ყველაფერი ზუსტად ისე გამოვიდა, როგორც ჩემს წარმოდგენაში არსებობდა. მადლობელი ვარ ყველა ადამიანის, ვინც ამ პროცესში გვერდით მედგა. ბევრი რამ ჩემი ხელით გავაკეთე მეგობრებთან ერთად და ძალიან ამაყი ვარ მიღებული შედეგით.”

ბინაში გვხვდება განსხვავებული ფორმატის ფანჯრის რაფა, რომელიც სოფიმ სპეციალურად დაამზადებინა არასტანდარტულად ფართო და გამძლე, რათა მასზე მყუდროდ მოკალათება და გარე ხედებითა თუ შიდა სივრცით ტკბობა ყოფილიყო შესაძლებელი.

“ძველის და ახლის საინტერესო შერწყმა გამოვიდა. ეს ბინა ფაქტობრივად, ისტორიულ სამყაროში სამოგზაურო “ხომალდია”. უნაკლო და სრულყოფილი. ასეთია ის ჩემთვის,” – სოფი კიკოშვილი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

ტრადიციული და თანამედროვე სტილის შერწყმა ბეირუთის სახლში

სკანდინავიური მინიმალიზმი გიოტებურგში მდებარე ბინაში