in

ფანკოილი თუ კონვექტორი – როგორ ავირჩიო?

თანამედროვე ინოვაციური გათბობის სისტემებიდან ბაზარზე ფანკოილსა და იატაკის კონვექტორს გამოყოფენ, რომლებიც გათბობასთან ერთად, გაგრილების სისტემასაც უზრუნველყოფს. ამ სისტემების განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა სეზონზე ორივე მათგანი ეფექტური და გამოსადეგია, რადგან ერთდროულად შეუძლია სივრცის გათბობა და გაგრილება. ამასთანავე, ისეთ ადგილებში, სადაც ფართი დიდია, თბოდანაკარგი კი მაღალი, უმჯობესია ფანკოილისა და კონვექტორის  დამონტაჟება, რადგან ტრადიციულ გამათბობელ სისტემებთან შედარებით, ეს მოწყობილობები გაცილებით მძლავრი და სწრაფი საშუალებაა სასურველი ტემპერატურის მისაღებად.

იატაკის კონვექტორი იატაკში თავსდება. ის იატაკის გათბობასთან შედარებით, რომელიც მთელს ზედაპირზე იატაკის საფარის ქვეშ ეწყობა, გაცილებით მარტივი  დასამონტაჟებელია და მხოლოდ მცირე ადგილს იკავებს. კონვექტორი გათბობის ქვაბს უერთდება, რადიატორთან შედარებით კი ბევრად ეფექტურად ათბობს სივრცეს, რადგან ის უშუალოდ იატაკიდან გამოყოფს თბილ ჰაერს, რომელიც მთელ სივრცეში თანაბრად ნაწილდება. რადიატორის შემთხვევაში კი ზედაპირიდან 30-40 სანტიმეტრის სიმაღლიდან იწყება სითბოს გამოყოფა, რაც ჯერ ჭერს ათბობს, შემდეგ კი დარჩენილ ნაწილს, ამიტომ  სახლი ნელა თბება. ამასთანავე, იატაკის გათბობასთან შედარებით, კონვექტორი ბევრად სწრაფად აღწევს მაღალ ტემპერატურას და შესაბამისად, ქვაბსაც ნაკლები დატვირთვით უწევს მუშაობა, რაც საბოლოო ჯამში, კომუნალურ ხარჯებს ამცირებს.

ფანკოილი —  უმეტესად კედელსა და ჭერში მონტაჟდება. ისიც კონვექტორის მსგავსად, გამათბობელ ქვაბს უერთდება და წყალზე მომუშავე სისტემაა. მისი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტური ვიტრაჟული ტიპის ბინებში და დიდი ზომის ფართებშია, სადაც სასურველი ტემპერატურის მიღება რადიატორით ვერ ხერხდება. ამასთანავე, ის საკმაოდ მძლავრი პროდუქტია და გათბობის სხვა სისტემებთან შედარებით, გაცილებით სწრაფად მუშაობს. ფანკოილი ორი სახის შეიძლება იყოს — პირველ შემთხვევაში მოწყობილობა ბოლომდე კედელშია დამონტაჟებულ და მხოლოდ ცხაური ჩანს. მეორე კი ნახევრადაა კედელში დამალული და ნაწილობრივ არის შესამჩნევი. პირველს კედელზე, დაახლოებით, 20 სმ. სიგრძის სიღრმე სჭირდება, მეორეს კი 7-8 სანტიმეტრი. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჭერში ფანკოილის გამოყენების დროს, ოთახის ჭერი  30-40 სმ.-ით დაბლა დაიწევს.

ექსპერტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფანკოილი და კონვექტორი ერთი და იგივე პრინციპით მუშაობს (ორივეში რადიატორის მსგავსი მოწყობილობაა ჩაშენებული, რომელშიც ჰაერის კონვექცია იძულებითი გზით ხდება), კონვექტორი შედარებით პატარა ზომისაა და ნაკლები სიმძლავრით მუშაობს, ვიდრე ფანკოილი. ფანკოილის მინიმალური სიმძლავრე 2 კილოვატიდან იწყება, ეს კი, დაახლოებით, 1 მეტრიანი რადიატორის ექვივალენტის სიმძლავრეს უდრის. პროფესიონალების თანახმად, თუ სივრცეში ერთი და იგივე ზომის ფანკოილსა და კონვექტორს დავამონტაჟებთ, ფანკოილის სიმძლავრე, შესაძლოა, ხუთჯერ აღემატებოდეს კონვექტორისას. შესაბამისად, გაცილებით ეფექტურად და სწრაფად გაათბობს ოთახს, რაც თავისთავად ცხადია, გათბობის ქვაბის ნაკლებ დატვირთვას გამოიწვევს და ხარჯებსაც შეამცირებს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფანკოილის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ მისი მოვლა გაცილებით მარტივია. კონვექტორი, იმის გამო, რომ იატაკზეა დამონტაჟებული, დიდი რაოდენობით ჭუჭყით  და მტვრით ივსება, ამიტომ საჭირო ხდება მისი ხშირი წმენდა — ცხაურის მოხსნა და ზოგჯერ მოწყობილობის დაშლა. ფანკოილში კი ნაკლები მტვერი გროვდება და მისი მოვლა უფრო მარტივია.  ასევე, თუ შევადარებთ მოწყობილობის ღირებულებას, ფანკოილი გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე კონვექტორი. თუ კონვექტორის საშუალო ფასი 1000 ლარიდან იწყება, ფანკოილის შემთხვევაში, მისი ღირებულება 300 ლარიდან ივარაუდება. რაც შეეხება მონტაჟის სირთულეს, ორივე აპარატს მსგავსი  სპეციფიკა აქვს და აუცილებლად მოითხოვს სპეციალისტის ჩარევას, რათა ინსტალაციისას გარკვეული სირთულეები არ წარმოიქმნას.

ავტორი: მეკო მეტრეველი

სახლი ინგლისში ორიგინალური აქცენტებით

2024 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები ქართული ინტერიერებიდან