in

რემონტის შეცდომები — ანანო ქორქიას გამოცდილება

ანანო ქორქიასა და ნიკოლას მასუტის სიმწვანეში ჩაფლულ სახლს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. წყვილი სამშენებლო და სარემონტო პროცესში სრულად იყო ჩართული, დიზაინი კი მათი სურვილების გათვალისწინებით მოეწყო. მეპატრონეები საკუთარი ხელითაც ასრულებდნენ რიგ სამუშაოებს და ყველაფერს თავად უძღვებოდნენ. ანანო შედეგით ძალიან კმაყოფილია და თვლის, რომ ბევრი სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში ის ჩვენს მკითხველს იმ მთავარ შეცდომებს უზიარებს, რასაც რემონტის დროს უნდა ვერიდოთ.

შეცდომა #1: ბუნებრივი განათების სიმცირე

ანანო მიიჩნევს, რომ სახლში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი განათების სიუხვეა, ამიტომ სივრცის დაგეგმარებისას მაქსიმალურად გაითვალისწინა მზის პოზიცია, რის გამოც საუკეთესო შედეგი მიიღო. სწორედ ამიტომ,  მეორე სართულის წინა და მარცხენა მხარეები მთლიანად შუშით არის დაფარული. ეს კი განსაკუთრებით ზამთარში იგრძნობა, რა დროსაც მზე დაბლა იწევს და კიდევ უფრო მეტად ანათებს შიდა სივრცეს.

„ამდენი შუშის ცოტა გვეშინოდა. ხელოსნებიც გვირჩევდნენ, არ გამოგვეყენებინა ამდენი ფანჯარა, რადგან კიკეთში სიცივე იცის და ეს ცოტა სარისკოა. თუმცა, კარგია, რომ არ შევშინდით. სწორედ ამხელა და ამდენი ფანჯრებია ის, რაც სახლში ყველაზე მეტად მიყვარს. წინ სულ მუხის ხეებია და მხოლოდ სიმწვანეს ხედავ, ზამთარში კი თოვლის ყურებით ვერ ძღები. ჩემი რჩევა იქნება, თუ ექსტერიერი ხელს გიწყობთ, რაც შეიძლება მეტი დოზით შემოიტანეთ ის ინტერიერში და ბუნებრივი სინათლე უხვად გამოიყენეთ“, — აღნიშნავს ანანო.

შეცდომა #2: რადიატორების სიმრავლე

იმის გამო, რომ სახლში მზე დიდი რაოდენობით შემოდის და თბოიზოლაცია საფუძვლიანადაა გაკეთებული, ანანოს ყველა რადიატორის გამოყენება აღარ უწევს, რადგან თბილი ტემპერატურა ოთახში ისედაც იგრძნობა.

„იმის გამო, რომ ამდენი ფანჯარა დავამონტაჟეთ, ზამთარში გათბობის პრობლემა არ შეგვქმნია. მეტიც, რადიატორების ნახევარიც არ ჩაგვირთავს. როგორც წესი, თუ ფანჯარა სტანდარტული ზომის არის, მის ქვეშ აყენებენ ხოლმე რადიატორს. ხოლო თუ მთელს სიმაღლეზეა, მასთან ახლოს ათავსებენ. ჩვენ შემთხვევაში გათბობის რადიატორებისთვის კედლები არსად იყო. ორი გამოსავალი გვრჩებოდა: ან მთელ სივრცეზე იატაკქვეშა გათბობა უნდა დაგვემონტაჟებინა, ან სადმე კედელი ამოგვეყვანა, რომელზეც რადიატორს დავამონტაჟებდით. საბოლოოდ, იატაკქვეშა გათბობა მხოლოდ  ფილით დაფარულ სივრცეში გავაკეთეთ და რადიატორისთვის ერთი გამყოფი, დაბალი კედელი ამოვაშენეთ. ამ კუნძულმა მცენარეების სადგამის ფუნქციაც მშვენივრად შეითავსა და ძალიან მოუხდა ოთახს. თუმცა გულახდილი რომ ვიყო, რადიატორები სულ რამდენჯერმე  ჩავრთე, რადგან მზე ოთახს ბუნებრივად ათბობს და მათი საჭიროება აღარაა“.

შეცდომა #3: უხარისხო თბოიზოლაცია

სახლში სასურველი ტემპერატურის შესანარჩუნებლად თბოიზოლაცია უმნიშვნელოვანესია. ანანომ არჩევანი ხარისხიან მასალებზე გააკეთა და კედლები, კოლონები და ტერასები მაღალი ხარისხის თბოიზოლაციით დაამუშავა, რის გამოც სივრცე ეფექტურად თბება და თბილი ჰაერი დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება.

„არსებობს თბოიზოლაციის რამდენიმე ვარიანტი. ჩვენ ე.წ. Xps გამოვიყენეთ. ამ მასალით დაიფარა კედლებისა და კოლონების სრული ზედაპირი გარედან და შეიფუთა ტერასებიც. ზოგი ამბობდა, რომ თბოიზოლაციის მხოლოდ კედელზე გაკვრა საკმარისი იყო, ზოგი კი გვირჩევდა, აივნები სრულად შეგვეფუთა. ბოლოს გადავწყვიტეთ სახლი სრულად დაგვეფარა თბოიზოლაციით. იმდენად კარგად ინარჩუნებს შიდა სივრცე ტემპერატურას, პირველ სართულზე დიდი რადიატორის მოხსნასაც კი ვფიქრობთ“, —  ამბობს ანანო.

შეცდომა #4: სივრცის არასწორი ფუნქციური გადანაწილება

ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ სახლის გეგმარებისას მაცხოვრებელმა თითოეულ დეტალზე წინასწარ უნდა იფიქროს და სივრცე საკუთარი საჭიროებების მიხედვით ფუნქციურად სწორად გადაანაწილოს. ანანოს გაუმართლა, რადგან სამზარეულო და სასადილო ზონა ისე დააპროექტა, რომ ამგვარი გეგმარება სრულად აკმაყოფილებს  მეპატრონეების ცხოვრების სტილსა და მოთხოვნებს.

„ბევრი თვლის, რომ სასადილო სივრცე სამზარეულოსთან უნდა იყოს. თუმცა ჩვენმა არქიტექტორმა შემოგვთავაზა, რომ სასადილო ოთახი მარცხენა მხარეს გაგვეკეთებინა, სამზარეულოს წინ კი  ძირითადი დროის გასატარებელი კუთხე მოგვეწყო. ამგვარად, ვინც სამზარეულოში ტრიალებს, არ არის მოწყვეტილი სტუმრებსა და ოჯახის წევრებს. ყოველდღიურად სამზარეულოს კუნძულთან უფრო ხშირად ვსადილობთ. ხოლო როდესაც ბევრი სტუმარი გვყავს, მაშინ ვიყენებთ სასადილო ზონას. ამიტომ, სხვაგვარად, რომ დაგვეპროექტებინა სახლი, განსხვავებულ სურათს მივიღებდით და შეცდომას დავუშვებდით“.

შეცდომა #5: ელექტრო წერტილებისა და განათების არასწორ გადანაწილება

ანანო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ელექტრო წერტილებისა და განათების სწორ გადანაწილებას და მათ წინასწარ განსაზღვრას, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს დეტალი აუცილებელი პრაქტიკული ელემენტია, რომელიც ცხოვრებას გვიმარტივებს.

„გირჩევდით, თითოეული ელექტრო წერტილის პოზიცია წინასწარ განსაზღვროთ, რადგან ეს ბევრად უფრო კომფორტულს ხდის სახლში ცხოვრებას. მაგალითად, ჩვენ სამზარეულოს კუნძულის ორივე მხარეს დავაყენეთ ჩამრთველები. თითქოს უმნიშვნელო  დეტალია, მაგრამ ყოველდღიურობას ამარტივებს. ასევე, ყურადღება მიაქციეთ განათებასაც, სად, რომელ და რამდენ სანათს დაამონტაჟებთ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს“.

შეცდომა #6: ინფორმაციის სიმწირე და გაურკვევლობა 

ანანო მიიჩნევს, რომ უმჯობესია მაცხოვრებელი თავად გაერკვეს სარემონტო საქმეში და ინტერნეტის დახმარებით თავად შეისწავლოს გარკვეული საკითხები, რაც ამ პროცესის სწორად და ეფექტურად წარმართვაში დაეხმარება.

„უმჯობესია, შეეცადოთ, თავად გაერკვეთ გარკვეულ საკითხებში. ინტერნეტში უამრავი მასალაა ნებისმიერ თემაზე. მახსოვს, სამზარეულოს დაგეგმვისას ჩემი მეუღლე როგორი მონდომებით კითხულობდა ყველა რეკომენდაციას, თუ როგორ გადაენაწილებინა ე.წ “სამკუთხედის პრინციპით” ზონები — მაცივარი, ღუმელი და ონკანი. რაიმეს შეკვეთისას, ფაქტობრივად, ნახაზები წინასწარ გვქონდა მზად და ცვლილებებისთვის მცირე ადგილს ვიტოვებდით. ბუნებრივია, სხვების რჩევას ვითვალისწინებდით, თუმცა ჯიუტად გვქონდა გადაწყვეტილი ყველა დეტალი და კარგია, რომ არაფერი დავთმეთ“, — ანანო ქორქია.

შეცდომა #7: ბრტყელი გადახურვა

ანანო თვლის, რომ ბრტყელი სახურავი ზამთრის პირობებში, შესაძლოა, არც ისე პრაქტიკული და მოსახერხებელი იყოს, რადგან მისი თოვლისგან გაწმენდა მარტივი ნამდვილად არ არის  — „ორი წლის წინ ძალიან დიდი თოვლი მოვიდა და მაშინ დავფიქრდი ბრტყელი გადახურვის არაეფექტურობაში. არ იყო მარტივი ამხელა სახურავის და ტერასების თოვლისგან გაწმენდა“.

ავტორი: მეკო მეტრეველი

მსოფლიოს 4 ყველაზე ძვირადღირებული სახლი

სკანდინავიური შიკი – ბინა კოპენჰაგენში