in

ქართული პროექტები Archdaily-ზე

Archdaily ყველასთვის კარგად ნაცნობი ბლოგია, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით ეხება არქიტექტურასა და დიზაინს. აქ თავს იყრის ცნობილი თუ უცნობი არქიტექტორების, დიზაინერების და მომიჯნავე სფეროებში მოღვაწე ადამიანების გამორჩეული ნამუშევრები. არქიტექტურული პროექტები, სიახლეები, ღონისძიებები, კონკურსები, პროდუქტები და ა.შ – ასეთია Archdaily-ს შინაარსი. სასიამოვნო ფაქტია ის, რომ ამ პლატფორმას არაერთხელ გაუშუქებია ქართული პროექტებიც. გადავწყვიტეთ, ამ სტატიაში სწორედ აღნიშნული პლათფორმის მიერ რჩეულ, ქართულ პროექტებზე გიამბოთ.

სახლი წყნეთში / NOA Studio

ფოტო: ქეთევან ყრუაშვილი

Archdaily-ს ერთ-ერთი რჩეულია NOA Studio-ს მიერ შექმნილი სახლი წყნეთში, რომელიც ამ დასახლებაში ერთგვარ პრეცედენტს წარმოადგენს თავისი ვიზუალით. სახლი მთლიანად ბეტონითაა ნაშენები და, გარკვეულწილად, მიწისქვეშ მდებარეობს.

სახლი ფალიაშვილის 67-ში / T-Architects

ფოტო: ნიკოლოზ მაისურაძე

ვაკის პარკიდან 8-10 წუთის სავალზე, ფალიაშვილის 67-ში მდებარეობს Ocean Vake Residences, რომელიც საცხოვრებელ სახლებს აერთიანებს. ამ შენობაზე არქიტექტურულმა სტუდიამ T-Architects-მა იმუშავა.

მზიურის სკეიტპარკი და პარკურის მოედანი / David Giorgadze Architects + Maxime Machaidze

ფოტო: ნასტია სართანია

განახლებული მზიურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია მზიურის სკეიტპარკი და პარკურის მოედანი, რომელიც არც Archdaily-ს გამორჩენია. მასზე არქიტექტორმა დავით გიორგაძემ მაქსიმე მაჩაიძესთან ერთად იმუშავა.

თბილისის პროკურატურა / Architects of Invention

ფოტო: ნაკანი-მამასახლისი

Archdaily-ს ერთ-ერთი რჩეულია ასევე თბილისის პროკურატურა. ესაა ახალგაზრდა ქართველი პრაქტიკოსების “Architects of Invention” პირველი შენობა თბილისში. შენობა დასრულდა 2012 წლის თებერვალში და ის შეიქმნა 60 თანამშრომლის განსათავსებლად.

მინიატურების პარკი / Laboratory of Architecture #3

ფოტო: ნაკანი-მამასახლისი

შავი ზღვის ერთ-ერთ გამორჩეულ კურორტზე, შეკვეთილში 2016 წელს Laboratory of Architecture #3-ის მიერ მინიატურების პარკი შეიქმნა. პარკში საქართველოს 44 არქიტექტურული ძეგლის მინიატურაა წარმოდგენილი. შესაბამისად, ეს ადგილი მიზნად ისახავს ქვეყნის მდიდარი არქიტექტურული მემკვიდრეობის წარმოჩენას.

რიყის პარკის თეატრალური და სამუსიკო დარბაზი / Studio Fuksas

ფოტო: Dennis Esakov

პლატფორმაზე მოხვდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ე.წ “რიყის დოქებიც”, რომლის ავტორიც Studio Fuksas-ია. შენობა შედგება ორი განსხვავებული გლუვი ნაწილისგან, რომელიც ერთ კედელთან კავშირდება. ორივე ნაწილი ითავსებს მუსიკალური, თეატრალური თუ საგამოფენო დარბაზის ფუნქციას.

Fabrika / MUA

ფოტო: ნაკანი-მამასახლისი

ასევე ჩვენთვის კარგად ნაცნობი “ფაბრიკაც” მოხვდა Archdaily-ზე. ესაა ახალი ტიპის მრავალფუნქციური სივრცე თბილისში. იდეის ავტორები – MUA– ს დამფუძნებლები – მიზნად ისახავდნენ ცარიელი შენობის ურბანულ სივრცედ გადაქცევას, რომელიც გახდებოდა ახალგაზრდა და თავისუფლად მოაზროვნე ხელოვანების პლატფორმა ახალი იდეების შექმნის, გაზიარებისა და განხორციელებისათვის. FABRIKA მდებარეობს ყოფილი სამკერვალო ქარხნის ტერიტორიაზე, რომელიც საბჭოთა პერიოდში მუშაობდა.

თბილისის იუსტიციის სახლი / Studio Fuksas

ფოტო: Moreno Maggi

მტკვრის ნაპირას მდებარე თბილისის იუსტიციის სახლი ნამდვილად გამოირჩევა ორიგინალური ვიზუალით. მასზე Studio Fuksas-მა იმუშავა. შენობა შედგება 7 ნაწილისგან, რომელიც შეიცავს ოფისებს (თითოეული ნაწილი შედგება 4 სართულისგან, რომლებიც მდებარეობს სხვადასხვა დონეზე). ოფისები ერთმანეთთან არის დაკავშირებული შიდა კიბეებით.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრი – ტექნოპარკი / Artstudio Project

ფოტო: სანდრო სულაბერიძე

ტექნოპარკი მდებარეობს მთაწმინდის პარკის მიმდებარედ, თბილისში. პროექტით გათვალისწინებული იყო არსებული შენობის რეკონსტრუქცია. თავად კომპლექსი (ორი ბლოკისგან შედგებოდა, რომლებიც ხიდის საშუალებით უკავშირდებოდა ერთმანეთს) წარმოადგენდა მეფუტკრეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს. დიზაინის კონცეფცია მიზნად ისახავს ხალხის ინფორმირებას უახლესი გაჯეტებისა და ტექნოლოგიების გავლენის შესახებ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში.

The Grove Design Hotel / Laboratory of Architecture #3

ფოტო: ნაკანი-მამასახლისი

Archdaily-ზე მოხვდა ასევე თბილისში მდებარე სასტუმრო The Grove Design Hotel, რომელზე მუშაობაც 2017 წელს Laboratory of Architecture #3-მა დაასრულა. შენობა გამოირჩევა მკვეთრი და ორიგინალური ინტერიერით და არსებულ გარემოში მკაფიო კონტრასტს ქმნის.

მეამას სათავო ოფისი / Khmaladze Architects

ფოტო: გიორგი ხმალაძე

მეამას სათავო ოფისი სრულიად ახალი სიტყვაა თბილისის არქიტექტურაში. Khmaladze Architects-ის მიერ დაპროექტებული შენობა არაერთხელ გამხდარა აღიარების ღირსი. შენობაში განთავსებულია ყავის ბრენდის ოფისი, სადეგუსტაციო სივრცე და მცირე საგამოფენო სივრცეები.

Stamba Hotel / Adjara Arch Group

ფოტო: ნიკა ფანიაშვილი

2018 წელს თბილისში ყველასთვის საყვარელი “სასტუმრო სტამბა” გაიხსნა. პროექტის მიზანი იყო 1930-იან წლებში აშენებული ყოფილი გამომცემლობის შენობის გადაკეთება დახვეწილ, თანამედროვე სასტუმროდ. შეიძლება ითქვას, რომ Adjara Arch Group-ს ეს მართლად ზედმიწევნით გამოუვიდა.

მარანი “ვინერია” და სახლი ართანაში / NS Studio

სახლი ართანაში, ფოტო: ნიკა ფანიაშვილი

კიდევ ერთი ქართული არქიტექტურული სტუდია, რომელიც გვხვდება Archdaily-ზე, არის NS studio. ის აღნიშნულ პლათფორმაზე ორი პროექტით არის წარმოდგენილი: მარანი “ვინერია” და სახლი ართანაში. 

მარანი “ვინერია”, ფოტო: ნიკა ფანიაშვილი

 

გარეკანის ფოტო: ნაკანი-მამასახლისი

თბილისური ბინის ახლებური სიცოცხლე – ანი მაჭავარიანის ნამუშევარი

5 გამორჩეული წიგნი ინტერიერის დიზაინის შესახებ