in

რას ნანობენ ყველაზე ხშირად რემონტის შემდგომ

შეუსაბამო ფერი, არასაკმარისი ჩამრთველი და როზეტები, ხმაურიანი მილები… როგორ გავაკეთოთ რემონტი ისე, რომ შემდგომ ამ ყველაფერზე არ ვინანოთ? გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას:

1. რემონტის სტიქიურობა

გახსოვდეთ, რომ თუ რემონტი წინასწარ გათვლილი გეგმის გარეშე მიმდინარეობს, შედეგიც შესაბამისი იქნება. ამიტომ, გირჩევთ არც კი იფიქროთ შპალერის ჩამოხევასა და ლამინატის ყიდვაზე მანამ, სანამ ყველა სამომავლო დეტალს არ გათვლით. ჩამოყალიბდით ფერთა გამაზე, ავეჯის განლაგებაზე, როზეტების რაოდენობაზე და ა.შ. არ დაგავიწყდეთ, რომ კონკრეტული დიზაინ-პროექტის გარეშე, შედეგი აუცილებლად არადამაკმაყოფილებელი იქნება.

2. არათანაბარი იატაკი

თუ თქვენ ზედაპირების საბოლოო მოპირკეთება დაგეგმეთ, აუცილებლად შეამოწმეთ მათი სისწორე. კედლებზე არსებული უმნიშვნელო უსწორმასწორობები ავეჯის საშუალებით ადვილად ნიველირდება, არათანაბარი იატაკები კი მარტივად ვერ დაიფარება. ამისთვის შესანიშნავი ხელსაწყოა სამშენებლო თარაზო, ის სარემონტო ბრიგადის გაკონტროლებაშიც დაგეხმარებათ.

3. იატაკის ზედმეტად ღია ან მუქი საფარი

ჭუჭყსა და მტვერს ვერ გავექცევით, ხოლო ზედმეტად ნათელ ან მუქ ზედაპირზე ის უფრო შესამჩნევი იქნება. ამიტომ, ამ შემთხვევაში, უფრო ხშირი დალაგება მოგიწევთ.

4. ფურნიტურასა და იატაკის ზედაპირზე დაზოგილი თანხები

ავეჯის ფურნიტურაზე დაზოგვა დიდი შეცდომაა, ვინაიდან სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ, გაწეული ეკონომია თავს აუცილებლად შეგახსენებთ. გადახრილი კარი რომელიც არ იხურება, მწყობრიდან გამოსული სისტემები და სხვა ამგვარი დეტალი დაზოგილ თანხაზე გაცილებით დიდ ემოციას წაგართმევთ.

იაფფასიანი ლინოლეუმის ან ლამინატის დაფენის დროსაც ოდესღაც აუცილებლად ინანებთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა მასიური ხის ან ხარისხიანი პარკეტის მქონე ბინას ესტუმრებით.

5. უადგილო ფერები

უადგილო ფერებს, არჩეული სტილის მიუხედავად,  სივრცის „მოკვლა“ შეუძლიათ. ზედმეტად ნათელი და ერთფეროვანი შენობა მნახველს სტერილურ საოპერაციოს მოაგონებს, ხოლო მონოქრომული ოთახი ზედმეტად არაპრაქტიკული იქნება. “ფერთა აურზაურის” თავიდან ასაცილებლად, სჯობს ბინის გაფორმება პროფესიონალებს მიანდოთ.

6. არასაკმარისი რაოდენობის როზეტები

არასდროს დაზოგოთ როზეტებზე – არც ხარისხზე და არც რაოდენობაზე. თუ თქვენ ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მომავალი მდებარეობა იცით, როზეტების რამდენიმე დამატებითი წყვილი ხელს არ შეგიშლით. ასე სახლში გაჩენილი დამაგრძელებლების აბლაბუდას თავს აარიდებთ.

7. თბილი იატაკის არასწორი მონტაჟი

ჩვენს კლიმატში თბილი იატაკი იდეალური ვარიანტია, რომელიც უფრო კომფორტულიცაა და იაფიც. პირველი წესი, რომელიც ამ შემთხვევაში უნდა დავიცვათ შემდეგია: არ გაიყვანოთ თბილი იატაკი იმ ადგილას, სადაც მაცივარი უნდა განთავსდეს, ასევე ავეჯის ქვეშ (მაგალითად, სამზარეულო). მხოლოდ ის ადგილები უნდა გაათბოთ, სადაც იმოძრავებთ.

8. არასწორად დაყენებული ჩამრთველები

ჩამრთველების თვალების დონეზე დაყენებაზე გაცილებით მოხერხებულია მათი ევრო სტანდარტის მიხედვით განთავსება – იატაკიდან 80-90 სმ სიმაღლეზე. რემონტის შემდეგ მფლობელები ასევე ხშირად ნანობენ იმას, რომ საძინებელში ჩამრთველების დუბლირება არ მოახდინეს. ძალიან მოხერხებულია შუქის კარებთან ჩართვა და დაძინებისას საწოლიდან გამორთვა.

9. გაერთიანებული სააბაზანო

ტუალეტისა და აბაზანის გაერთიანება მაშინ არის კარგი იდეაა, როცა ბინაში მეორე სააბაზანოცაა ან მარტო ცხოვრობთ სახლში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი გაერთიანება მუდმივი დისკომფორტის წყაროა.

რელიეფური ზედაპირის მქონე ფილები სამზარეულოში მომხიბვლელი გადაწყვეტილებაა, მაგრამ სააბაზანოსა და ტუალეტში ისინი გლუვი ზედაპირით უნდა შეირჩეს, რათა მისი მოვლა გაგიმარტივდეთ და თავიდან აიცილოთ მოცურების რისკები.

საკანალიზაციო დგარების ხმის იზოლაცია ფუფუნება კი არა, თქვენი სიმშვიდისა და სიმყუდროვის წინაპირობაა. თუ თქვენი მეზობლების სააბაზანოში ყოველი ვიზიტის სმენა არ გსურთ, გამოყავით თანხები ხარისხიან საიზოლაციო მასალებზე.

10. დაუმთავრებელ ბინაში გადასვლა

რემონტი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მაგრამ თქვენ უკვე დაიღალეთ და მზად ხართ გადახვიდეთ სახლში, სადაც მხოლოდ ნიჟარების დაყენება, სამზარეულო მაგიდის დამზადება და სანათების ყიდვაა დარჩენილი. ეს შეცდომაა. გამოცდილებიდა აჩვენებს, რომ ასეთი დაუსრულებელი დეტალები ბინაში შემდგომ მარადიულად რჩება ამ კონდიციაში. უმჯობესია, მოითმინოთ და რემონტი ბოლომდე დაასრულოთ.

რომ შევაჯამოთ, არასდროს იდარდოთ იმაზე, რისი აცილებაც შესაძლებელია. გახსოვდეთ, რომ გონივრული დაგეგმარება, აზრიანი დაზოგვა და მარტივი წესების შესრულება ნებისმიერი რემონტის წარმატების საწინდარია.

როგორ შემოვიტანოთ შემოდგომის განწყობა სააბაზანოში

ტური ამერიკელი ფეხბურთელის, დენი ამენდოლას სახლში