in

როგორ შევურჩიოთ ბავშვს სწორი სიმაღლის საწერი მაგიდა და სკამი

სახლში სკოლის მოსწავლისათვის კომფორტული სამუშაო ადგილის მოწყობა უმნიშვნელოვანესი საქმეა. მხოლოდ საკუთარ გემოვნებაზე დაყრდნობა არ ღირს, მომავალი შენაძენის თაობაზე ბავშვსაც გაესაუბრეთ და ამ საქმეში მის ჩართულობაზე იზრუნეთ. 6 წლის ბავშვებსაც კი შეიძლება ჰქონდეს ადვილად რეალიზებადი იდეები, სამაგიეროდ თავიდანვე სწორ ურთიერთობას ჩაუყრით საფუძველს. გონივრულად მოწყობილი სამუშო ადგილი არამხოლოდ დადებითი ემოციებისთვის, არამედ ბავშვის ჯანმრთელობისთვისაც გამოგადგებათ.

ჩვენ შევეცდებით გირჩიოთ, როგორ ჯობია ბავშვისთვის სამუშაო ადგილის მოწყობა. კერძოდ კი როგორ ავირჩიოთ სწორად მაგიდა, სკამი, განათების წყარო და სათავსოები.

საწერი მაგიდა სამუშაო სივრცის მთავარი გმირია. შეძენის დროს პირველი, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, სიმაღლეა. ის უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის სიმაღლეს. თუ ბავშვი 100-115 სმ-ია, მას სჭირდება მაგიდა სიმაღლით 46 სმ, 115-130 სმ სიმაღლის ბავშვს -52 სმ, 130-145 სმ. სიმაღლეზე-58 სმ, 145-160 სმ. სიმაღლეს-64 სმ. მოზარდებისთვის სიმაღლით 160-175 სმ. დაგჭირდებათ 70 სმ. სიმაღლის მაგიდა. გამოდის, რომ პირველი-მეორე კლასის მოსწავლეებისათვის ივარგებს 52 სმ სიმაღლის მაგიდა, სადაც პატარა უჯრები და სათავსოები იქნება ჩაშენებული.

მაგიდის არჩევის დროს არამარტო ბავშვის სიმაღლე, არამედ ანატომიური თავისებურებანიცაა გასათვალისწინებელი. მაგალითად, თუ ზედაპირის დახრის კუთხის რეგულირებად მაგიდას ავირჩევთ, შევძლებთ ბავშვის სწორი აღნაგობის შენარჩუნებას. ნამდვილად ღირს ასევე განვიხილოთ ავეჯი რეგულირებადი საყრდენებით, რომელსაც მოსწავლესთან ერთად სიმაღლის გაზრდის უნარი შესწევს.

 

ავირჩიოთ სკამი საყრდენების სიმაღლეში რეგულირების უნარით. ჩვეულებრივ სამუშაო ადგილებისთვის ირჩევენ კომპიუტერულ სავარძლებს, თუმცა შესაძლებელია ჩვეულებრივი სასკოლო სკამის არჩევა. მისი სიმაღლე ასევე უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის სიმაღლეს. ბავშვებს სიმაღლით 100-115 სმ. უნდა შევუძინოთ სკამი სიმაღლით 26 სმ, 115-130 სმ. სიმაღლეზე უნდა ავიღოთ სკამი სიმაღლით 30 სმ, 130-145 სიმაღლეზე-34 სმ, 145-160 სმ-ზე-38 სმ. მოზარდებს სიმაღლით 160-175 სმ შეესაბამება სკამები სიმაღლით 42 სმ.

ზრდასთან ერთად ყოველ ჯერზე ახალი სკამის შეძენა ხარჯიანია, ამიტომ ღირს სიმაღლის რეგულირებადი მოდელების განხილვა. ყველაზე მარტივი ვარიანტია -სკამი სიმაღლის რეგულირებადი საყრდენებით. ასეთი სკამის არჩევის დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ მწარმოებლის მიერ მითითებულ ასაკობრივ კატეგორიას.

ბავშვების კომპიუტერული სავარძლები

სასურველია, რომ სავარძელს არ ქონდეს მკლავის საყრდენი. თუ საზურგის გარდა სხვა საყრდენიც იქნება, მაშინ ბავშვი დაიწყებს მოხრას და წინ ან გვერდით გადახრას. ეს შეიძლება აისახოს მის აღნაგობაზე და გამოიწვიოს ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები.

არჩევის დროს, დადებით მხარედ შეიძლება ჩავთვალოთ საზურგეს დახრისა და სიმაღლის რეგულირების უნარი. მოხერხებულია, როცა სავარძელს ფეხების დასადები სპეციალური საყრდენი მოყვება და მისი ღეძის ირგვლივ ტრიალებს.

შესანახი ადგილის მომზადება

სანამ ბავშვი პატარაა, ყველა მისი სათამაშო იატაკზე, სპეციალურ კონტეინერში ინახება. მოსწავლისთვის აუცილებელია შენახვის სპეციალური სისტემები, სადაც შესაძლებელია წიგნების, რვეულებისა და საკანცელარიო საგნების ჩალაგება.

რეკომენდებულია ღია თაროების გამოყენება: ისინი ტევადია, ვიზუალურად არ ამძიმებს ინტერიერს, მათზე შესაძლებელია სწავლისთვის აუცილებელი ყველა ნივთის მოთავსება. ყველაზე მნიშვნელოვანი სასკოლო ნივთები უნდა მდებარეობდეს ხელის გაწვდის მანძილზე, ასე ბავშვი ნაკლებად გადაიტანს ყურადღებას სხვა საქმეზე და გაკვეთილებისთვის მეტად კონცენტრირებული იქნება.

განათება

ბუნებრივი შუქი ყველაზე სასურველია მხედველობისათვის, ამიტომ უმჯობესია მაგიდა ფანჯარასთან დავდგათ. სამაგიდე სანათის ყიდვა ნებისმიერ შემთხვევაში მოგიწევთ, დღის შუქი ყოველთვის არ არის საკმარისი, მითუმეტეს, რომ ბავშვებს გაკვეთილების მომზადება უმეტესწილად საღამოს უწევთ.

ჩვენ გირჩევთ სანათების იმ მოდელებს, რომლებსაც შეუძლიათ დანათების კუთხის რეგულირება. ასევე მოხერხებულია სანათები, რომლებიც მაგრდება კედელზე ან მაგიდის კიდეზე. ამით ბავშვის სამეცადინო ადგილს დაზოგავთ.

სანათის შუქი არ უნდა იყოს მეტისმეტად კაშკაშა, გაფანტული შუქი მეტად სასიამოვნოა თვალისთვის, ვიდრე მიმართული. სასურველია შეირჩეს 60-80 ვატიანი ვარვარა ნათურები ან 7-10 ვატიანი დიოდური სანათები.

ბინა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე – Forms Studio

როგორ გახდა Snøhetta მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი არქიტექტურული ოფისი