in ,

#სადვიცხოვრო: ელეგანტური ბინა მუქი აქცენტებით მარჯანიშვილის ქუჩაზე

ეს ბინა მარჯანიშვილის ქუჩაზე, ლეილა მესხის კომპლექსში მდებარეობს. მისი მფლობელი ინტერიერის დიზაინერი და კერამიკული სახელოსნო White Studio-ს თანადამფუძნებელი ნინო ყამბარაშვილია.

Banner M2
Banner M2

ნინოს მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია ინტერიერის დიზაინის სფეროში. მისი ძირითადი ინტერესი კომერციული სივრცეების დიზაინის შექმნაა, ვინაიდან როგორც ის მიიჩნევს, ამ მხრივ მას უფრო მეტი თავისუფლება გააჩნია, ვიდრე საცხოვრებელი სახლების შექმნის შემთხვევაში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ნინოს ბინის შეძენის მიზეზიც სწორედ მისი ერთ-ერთი კომერციული პროექტი გახდა.

საუბარია ლეილა მესხის კომპლექსის საზოგადო სივრცეებზე, რომელთა ინტერიერის დიზაინზე ნინომ რამდენიმე წლის წინ იმუშავა. სწორედ ამ პროექტის განხორციელების პროცესში გააცნობიერა მან, თუ რამდენად სასიამოვნო იქნებოდა მისთვის ამ სივრცეში ცხოვრება.

ლეილა მესხის სპორტულ კომპლექსში პირველი სართულის ინტერიერი დავაპროექტე. აქ განთავსებულია კაფე, სპორტული დარბაზი, სილამაზის სალონი და რეცეფცია, რაც მე ერთ სივრცეში გავაერთიანე. სწორედ მაშინ დავფიქრდი, თუ რა სასიამოვნოა იქ მაცხოვრებელი ადამიანისთვის ზემოთ ჩამოთვლილი კომფორტული პირობებით სარგებლობა, მითუმეტეს თუ შენი წვლილიცაა ამ ყველაფრის შექმნაში“.

ასე შეიძინა ნინომ ამავე კომპლექსში 58 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ბინა, რომელიც სტუდიოს სტილში მოაწყო. ეს არის დახვეწილი ინტერიერი, რომლის მთავარი ხიბლი თეთრისა და შავის გემოვნებიანი კონტრასტია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად სივრცეში გამოყენებული მუქი ტონებისა, ბინა არის გამოკვეთილად ნათელი, ვინაიდან მას გააჩნია უხვი ბუნებრივი განათების წყარო.

საცხოვრებელ სივრცეში მე  მიყვარს მეტი სინათლე, თეთრი ფერი და ბუნებრივი მასალები. ჩემს ბინაშიც იგრძნობა ეს. არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება, სიმყუდროვის გარდა. თან, როცა შენია, უფრო იმარტივებ ცხოვრებას. ვფიქრობ, სხვასთან მეტ ფანტაზიას გამოვიყენებდი“, – გვიამბობს ნინო

საძინებელი გამოყოფილია სამზარეულოსა და მისაღები სივრცისგან მცირე ტიხრით, რომელიც ნახევრად ღიად არის დატოვებული და სივცეს არ ზღუდავს, მაგრამ ამასთანავე საკმაოდ კარგად უზრუნველყოფს პრივატულობას. აქვე გვხვდება საგარდერობე სივრცეც.

ბინაში ბევრი საინტერესო დეტალი გვხვდება, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სამზარეულოს კუნძულის თავზე არსებული ხელნაკეთი ჭაღი, რომლის დიზაინი თავად ნინო ყამბარაშვილს ეკუთვნის. ეს არის ულამაზესი განათების ელემენტი, რომელიც White Studio-ში დამზადებული კერამიკის თეფშებისგან შეიქმნა.

ასევე ცალკე აღნიშვნის ღირსია აბაზანა, სადაც ხელსაბანი დიდი ზომის ფანჯარასთან არის განთავსებული, რაც ამ სივრცეს ნამდვილად გამორჩეულ ხასიათს სძენს.

აღნიშნული ბინის ქირაობა შესაძლებელია Wehost პლატფორმის საშუალებით. დამატებითი დეტალების გაცნობა შესაძლებელია ბმულზე.

რუბრიკა #სადვიცხოვროს წარმდგენია უძრავი ქონების პლატფორმა Area.ge

ფოტოები: Wehost 

როგორ გავაფორმოთ ინტერიერი მაროკოულ სტილში

ეტლით მოსარგებლე პირზე ადაპტირებული სახლი ინგლისში