in

ეტლით მოსარგებლე პირზე ადაპტირებული სახლი ინგლისში

Alliance Group
Alliance Group

მსხვილი ქალაქებისგან მოშორებით მდებარე ინგლისურ საგრაფო გემპშირში, პენსიონერი ქალი ჯო რაიტის თანამედროვე სახლი გაჩნდა. რამდენიმე წლის წინ მან ხერხემლის ტრავმა მიიღო და მას შემდეგ ეტლით გადაადგილდება. ასეთი გამოწვევის პირობებში ძველ სახლში ცხოვრება ძალიან რთული გამოდგა, ამიტომ ჯომ და მისმა მეუღლემ არქიტექტურის ბრიტანულ სტუდია „Ayre Chamberlain Gaunt“-ს მიმართეს. დღის წესრიგში ეტლით მოსარგებლე შშმ პირზე მორგებული ახალი სახლის მშენებლობა დადგა.

სახლი ძველ ნაკვეთზე აღმართეს. ის ორი, თითქოს ერთმანეთზე შემოდგმული, გეომეტრიული მოცულობისგან შედგება. პირველი საფასადო აგურითაა მოპირკეთებული, მეორე კი რელიეფური ხის დაფებით, რომელსაც შავი ფერის რითმული ვერტიკალური ნახატი ამშვენებს. დიასახლისის ერთ-ერთი უმთავრესი სურვილი მისი საძინებლის ბავშვების სართულზე განთავსება იყო. ძველ სახლში, რვა წლის განმავლობაში ის მეორე სართულზე მყოფ ბავშვების ოთახს ვერ სტუმრობდა. ახალი სახლის გეგმარება კი ჯოსთვის სახლის ყველა სივრცის მარტივ წვდომას უზრუნველყოფს. შემოსასვლელი, განიერი კორიდორები, მარტივი მისადგომი საწოლთან, მაგიდასთან და აბაზანასთან, ლიფტი და სპეციალიზებული ავეჯი – აქ ყველაფერი მაქსიმალურად გათვლილი და ადაპტირებულია.

ავეჯი იმგვარად დამზადდა, რომ ეტლით მოსარგებლე ჯოსთვისაც და ფეხით მოსიარულეებისთვისაც თანაბრად მარტივი მოსახმარია. მაგალითად, სამზარეულოში ღუმელი და სარეცხი მანქანა ჩვეულებრივზე მაღლაა მოთავსებული, აქ ჯოსთვის მეორე მოსამზადებელი ზედაპირიც კი გაითვალისწინეს. სასადილო მაგიდა სტანდარტულზე დაბალია, შედეგად კი სუფრასთან მიჯდომა პირდაპირ ეტლითაა შესაძლებელი. პროექტის მომზადების დროს დიზაინერებმა ჯოს ერთ-ერთი ეტლის მეშვეობით პირადად, ადგილზე გადაამოწმეს სახლის ყველა ფუნქციური ზონის ეტლის ზომებთან თავსებადობა. როგორც პროექტის ავტორი ამბობს, ამ უჩვეულო, ფასდაუდებელი გამოცდილების მიღების შემდგომ სტუდიამ ინკლუზიურობის საკითხის სხვა პროექტებში შესწავლაც გადაწყვიტა.

ფოტოგრაფი: ჯიმ სტეფენსონი

#სადვიცხოვრო: ელეგანტური ბინა მუქი აქცენტებით მარჯანიშვილის ქუჩაზე

რით შეიძლება ჩავანაცვლოთ კლასიკური პლინტუსი – რამდენიმე საინტერესო ვარიანტი