in ,

შიგერუ ბანი – “ხალხის არქიტექტორი”

Alliance Group
Alliance Group

მიუხედავად იმისა, რომ შიგერუ ბანმა სახელი ქაღალდის არქიტექტურით გაითქვა, იგი საკუთარ თავს გარემოსდაცვით არქიტექტორად არ თვლის. მის გენიალური ნამუშევრები მოიცავს: the Naked House, რომელიც მდებარეობს კავაგოეში (საიტამის პრეფექტურა, იაპონია); the Nomadic Museum; the Cardboard Cathedral ქრაისთჩერჩში (ახალი ზელანდია) და the Musée d’art Moderne Georges, რომელიც მდებარეობს პომპიდუს ცენტრში (მეცი, საფრანგეთი). ყველას ერთი რამ აქვს საერთო: ქაღალდი. შიგერუმ დააარსა მოხალისე არქიტექტორთა ქსელი (VAN) – არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ლტოლვილთა და ევაკუირებულთათვის სახლების მშენებლობას უწყობს ხელს. საზოგადოებისადმი თავდადებისთვის მას „ხალხის არქიტექტორი” უწოდეს.

The Naked House

რატომ არის შიგერუ ბანი უნიკალური არქიტექტორი?

შიგერუ ბანი ერთადერთი არქიტექტორია, რომელიც სტრუქტურებს ქაღალდების გამოყენებით აშენებს. მან საკუთარი სამშენებლო გენია არა მხოლოდ თვალწარმტაცი ძეგლების შესაქმნელად, არამედ ლტოლვილთა და ევაკუირებულთათვის მყუდრო სახლების ასაშენებლადაც გამოიყენა. არქიტექტორი, რომელიც ოდესღაც არატრადიციული მასალების გამოყენებისთვის გიჟად შერაცხეს, ახლა ცნობილია წოდებით – „ხალხის არქიტექტორი“.

ფილოსოფია – „არა ნარჩენებს!“

ქაღალდის სამშენებლო მასალად გამოყენების იდეა შიგერუს გონებაში 1980-იანი წლების შუა ხანებში ჩამოყალიბდა, ბევრად ადრე, ვიდრე გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარი აქტუალური გახდებოდა. ქაღალდის გამოყენების შესაძლებლობის აღმოჩენისკენ არქიტექტორს ნარჩენების მიმართ ზიზღმა უბიძგა:

„ქაღალდის მილის სტრუქტურების შემუშავება დავიწყე 1986 წელს, როდესაც ხალხი ნარჩენების გადამუშავებაზე, ეკოლოგიასა და მდგრად განვითარებაზე არ საუბრობდა. მაგრამ სიმართლე ის არის, რომ მე უბრალოდ არ მინდოდა მასალის გაფლანგვა – საქმე მარტივადაა. 1990-იან წლებში კი მდგრადი განვითარების ან უბრალოდ „მწვანე“ მოდა გაჩნდა და ამიტომ მომაკერეს „გარემოსადმი კეთილგანწყობილი არქიტექტორის“ იარლიყი, თუმცა ეს ჩემი სტრატეგია არ არის. მე უბრალოდ ნებისმიერი ხელმისაწვდომი მასალის გამოყენება მსურს.“

„ხალხის არქიტექტორი“

შიგერუს აზრით, ომებისა და სტიქიური უბედურებების მსხვერპლებს უკეთესი საცხოვრებელი სჭირდებათ, რათა სწრაფად განაგრძონ ნორმალური ცხოვრება. არქიტექტორმა ამის გაკეთება საკუთარ სამშობლოში – იაპონიაში დაიწყო მას შემდეგ, რაც კობის მიწისძვრამ ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. ვინაიდან ევაკუაციის ცენტრი ხალხისთვის საჭირო პრივატულ სივრცეს ვერ უზრუნველყოფდა, შიგერუმ მუყაოს მილების დაყენება და ფარდების გამოყენებით ტიხრების შექმნა დაიწყო. მან ასევე ააშენა სახლები რუანდელებისთვის, რათა მათ მიერ, საცხოვრებლების ასაშენებლად, ხეების მოჭრა თავიდან აეცილებინა. „ხალხის არქიტექტორმა“ იგივე გააკეთა იტალიაში, ჩინეთსა და თურქეთში.

შიგერუს სწამს, რომ არქიტექტორებს საზოგადოებისთვის დახმარების უნარი გააჩნიათ. იგი თანამემამულე დიზაინერებს მოუწოდებს, კაცობრიობის კეთილდღეობაში წვლილის შესატანად გზები გამონახონ და საკუთარი ნიჭი მხოლოდ მდიდრული სახლებისა და ნაგებობების აშენებისთვის არ გამოიყენონ. შიგერუმ განმარტა, თუ რატომ ეწევა უბედურების მსხვერპლთათვის სახლების აშენების მოხალისეობრივ საქმიანობას:

„თუ შემიძლია ისეთი რამ ავაშენო, რისი აშენების სურვილიც მაქვს და ხალხი ამით კმაყოფილია, ეს ჩემთვის საკმარისია. არ აქვს მნიშვნელობა ამაში ფულს ვიღებ, თუ არა. ამაზე მნიშვნელოვანი საკითხებიც არსებობს.“

შიგერუ ბანის უნიკალურობა მხოლოდ გრანდიოზული სტრუქტურების შესაქმნელად ქაღალდის გამოყენებით არ შემოიფარგლება. „ხალხის არქიტექტორის“ მემკვიდრეობა არის საკუთარი საქმისადმი სიყვარული და თავისი ნიჭის სხვების დასახმარებლად გამოყენების სურვილი.

The Nomadic Museum

The Cardboard Cathedral

The Musée d’art Moderne Georges

 

ღირს თუ არა გარემონტებული ბინის შეძენა ახალაშენებულ კორპუსში?

როგორ გავაუმჯობესოთ სახლში მოწყობილი ოფისი?