in

Stairway House – კიბის სკულპტურა ტოკიოში მდებარე საცხოვრებელ სახლში

Stairway House არის იაპონური კომპანიის Nendo-ს 2020 წლის პროექტი, რომლის სახელწოდება “კიბე სახლი” მომდინარეობს უზარმაზარი კიბის მსგავსი სტრუქტურისგან, რომელიც შუაზე კვეთს შენობას და მის სახურავამდე აღწევს სიმაღლით. საცხოვრებელი სახლი მორგებულია ერთ ოჯახში მცხოვრები სამი თაობის წარმომადგენლებზე, რომელთა საცხოვრებელი არეალი სამ სართულზეა გადანაწილებული.

შენობა მდებარეობს ტოკიოს ერთ-ერთი უბნის, შინჯუკუს, რეზიდენციულ ნაწილში, რომელიც განსხვავებით უბნის ხმაურიანი ცენტრისა, გამოირჩევა განსაკუთრებული სიმშვიდით.

კომპანიამ სახლი ნაკვეთის ჩრდილოეთით ააშენა, იმ მიზნით, რომ შეენარჩუნებინათ წინა მეპატრონის მიერ ეზოს სამხრეთ ნაწილში დარგული ხილის ხე.

რეზიდენციის პირველი, მარტივად ხელმისაწვდომი, სართული დაეთმო ოჯახის მოხუცებულ წყვილს და მათ რვა კატას. ზედა ორ სართულზე კი ახალგაზრდა წყვილი და მათი მცირეწლოვანი შვილი დასახლდნენ.

ოჯახის წევრების იზოლირების თავიდან ასაცილებლად, სტუდიამ გადაწყვიტა შენობის არქიტექტურაში კიბის მსგავსი სტრუქტურა გაეჩინა, რომელიც გააერთიანებდა სახლის ყველა დონეს. აღსანიშნავია, რომ კიბისებრი კონსტრუქცია იწყება უკანა ბაღიდან და მიემართება სახლის სახურავამდე. ის ნაწილი კი, რომელიც სახლის შიგნით შედის ფოლადით არის აწყობილი, ხოლო ნაწილი, რომელიც გარეთ გამოდის – ბეტონით.

ნენდო განმარტავს, რომ  კიბე არა მხოლოდ აკავშირებს ინტერიერს ეზოსთან, ან ერთ სართულს მეორესთან, არამედ ეს სტრუქტურა მიზნად ისახავს სივრცის კიდევ უფრო გაფართოებასა და მიმდებარე ტერიტორიასთან  სახლის შერწყმას.

საინტერესოა, რომ ამ უზარმაზარი სტრუქტურის შიგნით იმალება კატების სათამაშო ოთახი, ყველა სართულის სველი წერტილი და რეალური კიბე, რომელითაც  ზედა სართულებზეა შესაძლებელი გადაადგილება. გარეთა დიდი კიბის საფეხურებზე კი ბაღია გაშენებული, რაც სათბურის იმიტაციას ქმნის.

Stairway House– ის დანარჩენი სივრცის დეკორაციისთვის მინიმალისტური მიდგომა გამოიყენეს. ავეჯის უმეტესი ნაწილი, მაგალითად, სამზარეულოს კუნძული და სასწავლო მაგიდა, გადაწყვეტილია შავ ფერში. ასევე, მაღალი შესანახი თაროები თეთრ კედლებშია ინტეგრირებული, რათა მაცხოვრებლებს შეეძლოთ ნივთების სწორად და მარტივად შენახვა. სახლის წინა ფასადიც კი მარტივი იერსახით შეინარჩუნეს – ის მთლიანად უფანჯრებოა.

წყარო: Dezeen.com

ვილა სანტანი – ნუენდორფების მინიმალისტური საკურორტო სახლი

6 მარტივი ხერხი თუ როგორ გავიუმჯობესოთ საცხოვრებელი-სამუშაო სივრცე