in

„სახლი საკუთარი თავისთვის“ ტაბიძის ქუჩაზე — „Studio2AM“-ის ნამუშევარი

დღეს ინტერიერის დიზაინის სტუდიის „Studio2AM“-ის მიერ განხორციელებულ პროექტს გაგაცნობთ, სახელწოდებით „სახლი საკუთარი თავისთვის“, რომელიც მდებრეობს ვაკეში, ტიციან ტაბიძის ქუჩაზე. პროექტის ავტორების თანახმად, სივრცე, რომლის ფართობი სულ რაღაც 45 კვადრატულ მეტრს შეადგენს, მთლიანად მორგებულია ბინადრის საჭიროებებსა და განწყობაზე. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ სახლი მეპატრონის პიროვნების ანარეკლია.

გეგმარებითი ნახაზი

დიზაინერების თქმით, ბინის ელემენტები, კედლები, ჭერი და იატაკი მარტივ ფონს ქმნის ავეჯისთვის. სივრცეში, რომელსაც ფერებითა და ტექსტურებით გამოქვაბულის მსგავსი ესთეტიკა აქვს, მთავარი აქცენტი ავეჯსა და დიზაინობიექტებზეა გაკეთებული. სწორედ ამგვარ გადაწყვეტას დაეყრდნო ინტერიერის კონცეფცია, რომელიც გულისხმობს იმ დეტალების მაქსიმალურად წარმოჩენას, რომლებიც სივრცეს განსაზღვრავს.

მონოქრომული კედლები და მიკროცემენტით დაფარული იატაკი ერთიან, გლუვ ზედაპირს ქმნის, რაც ვიზუალურად ზრდის ფართობს. სამზარეულო მინიმალისტური, სადა და დახვეწილი ინტერიერით ხასიათდება, რომლის მთავარ განწყობას ელეგანტურ ავეჯთან ერთად, ორიგინალური და მიმზიდველი განათება განაპირობებს.

ამ ზონაში გვხვდება მცირე, ოვალური ფორმის სასადილო მაგიდაც, რომელიც იდეალურად ერწყმის ოთახის ესთეტიკას. სამზარეულო კუთხე სრულად აღჭურვილია ისეთი ტექნიკით, როგორიცაა ტანსაცმლისა და ჭურჭლის სარეცხი მანქანა, სრული ზომის მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი, ტრანსფორმირებადი საუთოო მაგიდა. თუმცა არსებული მოწყობილობები დაფარულია, რათა სივრცის გადატვირთვა არ მოხდეს და ერთიანი იერსახე შენარჩუნდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ კედელში ჩამალულია მიკროცემენტით დაფარული სააბაზანოს კარიც, რაც სახლის ერთიანობას უსვამს ხაზს. სააბაზანოში მსუბუქი, მინიმალისტური სტილია შენარჩუნებული, რომელსაც, დიდწილად, მონოქრომული კედლები განსაზღვრავს.

საძინებელში ელეგანტური და ამავდროულად, მდიდრული იერი ავეჯითა და დიზაინობიექტებით მიიღწევა. დახვეწილი დივანი და მაგიდა ჰარმონიულად ერწყმის საწოლის დიზაინსაც და ესთეტიკურად მიმზიდველ სურათს განაპირობებს. ოთახს განსაკუთრებით ამშვენებს ერთ-ერთ კედელზე არსებული ხის კონსტრუქციაც, რომელსაც სკანდინავიური სტილისთვის დამახასიათებელი განწყობა შემოაქვს სივრცეში.

როგორც ჩვენი რესპონდენტები აღნიშნავენ, ფუნქციური საცხოვრებლის აუცილებლობა განსაკუთრებით საჭირო და აშკარა პანდემიის დროს გახდა, რადგან თუნდაც პატარა სივრცეში, პრაქტიკული გეგმის არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, ეს იდეა ნათლად გამოიხატა  ახალ პროექტშიც. ამიტომ, მოცემულ სივრცეში არსებული ავეჯის თითოეული ნივთი ემსახურება მკაფიო, ფუნქციურ მიზანს. ამ მხრივ გამორჩეული ელემენტია გარდერობი, რომელიც მოქმედებს როგორც ტიხარი შესასვლელ ჰოლსა და საძინებელს შორის. ის, თავის მხრივ, იყოფა ორ ნაწილად, რის შედეგადაც, თითოეული ნაწილი შესაბამის სივრცეში იხსნება.

„Studio2AM“-ის გუნდის გადაწყვეტილებით და ბინადრის სხვადასხვა განწყობის შესაბამისი ატმოსფეროს შექმნის მიზნით, ბინაში გვხვდება არაერთი განათების სისტემა, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია ექსტრავერტული, განათებული სივრცის ინტროვერტულ, მყუდრო გარემოდ გარდაქმნა.

ამგვარად, სტუდიოს ტიპის გეგმარება მრავალფუნქციურ სივრცეს ქმნის, სადაც პრაქტიკულადაა გადანაწილებულია სასადილო, დასასვენებელი, სამუშაო და საძილე ზონები. კომფორტული, მყუდრო, ფუნქციური და მომხიბვლელი დიზაინის მქონე სახლი, შეიძლება ითქვას, რომ სრულად აკმაყოფილებს მობინადრის სურვილებს და  მოხერხებულ, საინტერესო საცხოვრებელ  სივრცეს უზრუნველყოფს.

ინტერიერის დიზაინის სტუდია: „Studio2AM

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: მეგი დავითიძე

როგორ გამოვთვალო რამდენი ფილა მჭირდება იატაკის ან კედლის მოსაპირკეთებლად?

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაზღვევის ახალი პოლისი „შინ“ — რას სთავაზობს მომხმარებელს და რატომაა უნიკალური პროდუქტი ქართულ ბაზარზე