in

იატაკი ჭრიალებს — ვინ არის დამნაშავე და როგორ მოვიქცეთ?

იატაკები მხოლოდ ძველ მიტოვებულ სახლებში არ ჭრიალებს. ეს უსიამოვნო ხმა შეიძლება რემონტიდან ერთ თვეშიც კი გაიგოთ. რატომ ხდება ეს და როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას?

ბაზა და ქვეშსაგები

ლამინატი, პარკეტი ან ნებისმიერი, არამყარად დაგებული იატაკი შეიძლება გაიბზაროს. როგორც წესი, პრობლემა არა თავად საფარში, არამედ უფრო ღრმად არის.

თუ თქვენი იატაკი ხმაურობს, დიდი ალბათობით, ის არათანაბარ ბაზაზე ან არასწორად შერჩეულ ქვეშსაგებზეა მოთავსებული.

იატაკმა ჭრიალი შეიძლება დაუყოვნებლივ არ დაიწყოს. როგორც წესი, ეს უფრო მოგვიანებით ხდება. მისგან თავის ასარიდებლად უმჯობესი იქნება თუ სარემონტო პროცესში აქტიურად იქნებით ჩართული და იატაკის მოსწორების ხარისხს თავად გააკონტროლებთ. თანაბრად მოსწორებულ ბაზას შესამჩნევი ამოზნექილი და ჩაღრმავებული ადგილები არ უნდა ჰქონდეს.

ფიცრები, რომლებიც მოსწორებისთვის გამოიყენება, უნდა მოიხსნას, ხოლო მათგან დატოვებული კვალი ხსნარით უნდა დაიფაროს. მცირე დეფექტებს ხარისხიანი ქვეშსაგები გადაფარავს, ბიუჯეტური ვარიანტები კი პრობლემებს გამოიწვევს.

დარწმუნდით, რომ ხარვეზების დასაფარად ხელოსნებმა ზედმეტად სქელი ქვეშსაგები არ გამოიყენონ — უმჯობესია მისი სისქე 3 მილიმეტრს არ აღემატებოდეს. სწორი ქვეშსაგების შესარჩევად ყურადღებით წაიკითხეთ იატაკის ზედაპირის მწარმოებლის მოთხოვნები.

როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც რემონტი უკვე წარსულს ჩაბარდა და იატაკი ჭრიალებს?

ამ შემთხვევაში მოგიწევთ, გამოიკვლიოთ პრობლემური ზონები და იატაკის ზედაპირის დემონტაჟს მიმართოთ. შესაძლოა, იატაკის გატეხილი ნაწილების და/ან ქვეშსაგების შეცვლა გახდეს საჭირო. თუ მოსწორებული ზედაპირი სერიოზულად არათანაბარი არ არის, სიტუაციას სწორი სისქის მაღალი ხარისხის ახალი ქვეშსაგები გამოასწორებს, ხოლო თუ უსწორმასწორობა 3 მილიმეტრს აღემატება, ზედაპირის გასწორება მოგიწევთ.

თუ აღმოაჩენთ, რომ მოსწორებული ბაზა გაბზარულია, დიდი ალბათობით, იატაკი ამის გამო ჭრიალებს. ამიტომ მის ხარისხს თავიდანვე მიაქციეთ ყურადღება.

ხე

ჭრიალი თერმული იზოლაციის კონსტრუქციამაც შეიძლება გამოიწვიოს. ის ლითონის ან რკინაბეტონისგან იშვიათად მზადდება. როგორც წესი, ამისთვის ხე გამოიყენება და ამ შემთხვევაში ჭრიალი თავად მასალის მახასიათებლებით არის პროვოცირებული.

ხე მაღალხარისხიან დამუშავებას საჭიროებს. ხის მორები, რომლებიც სპეციალურად არ დამუშავდა, შეიძლება სოკომ დააზიანოს ან დალპეს.

ასეთი პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდებით, თუ სანდო მწარმოებლებს მიმართავთ.

თუმცა, მაღალი ხარისხის მორებიც შეიძლება დროთა განმავლობაში ჩაიზნიქოს და შედეგად, ხის იატაკის საფუძველი სიმტკიცეს დაკარგავს. ამ შემთხვევაში, საფარის დაშლა და ბაზის მორებთან შემჭიდროება მოგიწევთ.

გარდა ამისა, შესაძლოა, ცივ სეზონზე იატაკმა ჭრიალი ხის გამოშრობის გამო დაიწყოს. ამ სიტუაციაში შეეცადეთ გათბობის ტემპერატურა შეამციროთ და ჰაერის დამატენიანებელი მოწყობილობა გამოიყენეთ.

შუალედების არარსებობა

ხე ტენიანობის დონეზე და ტემპერატურის ცვლილებებზე მკვეთრად რეაგირებს, ამიტომ, შესაძლოა, ჭრიალის მიზეზი საჭირო შუალედების არარსებობა იყოს. ოსტატმა ასეთი შუალედები დამონტაჟების დროს უნდა დაიცვას და ხის გაფართოების თვისება გაითვალისწინოს. საფარი კედლებიდან მინიმუმ 15 მილიმეტრით უნდა იყოს დაშორებული. ასევე, მცირე შუალედები, ე.წ. ნაკერები, როგორც წესი, ოთახებს შორის ზღურბლის მიდამოში რჩება.

შუალედების არარსებობის შემთხვევაში, იატაკის საფარის ელემენტები, როგორც ერთმანეთთან, ისე კედლებთან მიმართებაში დაძაბულობაში იქნება. შესაბამისად, ჭრიალი გარდაუვალია. იგივე ეხება ლამინატსაც.

რომ შევაჯამოთ, ჭრიალა იატაკის პრობლემის თავიდან ასაცილებლად სჯობს ყველაფერზე თავიდანვე, რემონტის პროცესში, იზრუნოთ. მაგრამ თუ მეორად ან ახალაშენებულ გარემონტებულ ბინას შეიძენთ, გარკვეული კვლევის ჩატარება მოგიწევთ. იატაკი საფუძვლიანად შეამოწმეთ — ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ შემაშფოთებელ ბგერებს, არამედ ზედაპირის სტაბილურობას. თუ ის მერყევია, მაშინ ნამდვილად არსებობს უფრო „ღრმა“ პრობლემები.

Guns N’ Roses-ის ყოფილი დრამერის, მეთ სორუმის შესანიშნავი სახლი პალმ სპრინგსში

ჭერის ფანჯარა ინტერიერში: მონტაჟის სპეციფიკა და ღირებულება