in

როგორ გავაკეთოთ არჩევანი პარკეტსა და ლამინატს შორის?

პარკეტი და ლამინატი იატაკის სახეობებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი ერთმანეთს ბევრი დეტალით ჰგვანან, ყველაზე მეტად კი გარეგნული მახასიათებლებით, რადგან მათი ერთმანეთისგან გარჩევა საკმაოდ რთულია, ვინაიდან ლამინატს ხშირად ძვირადღირებული ხის იატაკის გარეგნობა აქვს. თუმცა არსებობს რამდენიმე ძირითადი თვისება, რომელთა დახმარებითაც ამ ორს პროდუქტს შორის განსხვავებას მარტივად დაინახავთ.

პარკეტი იატაკის ის სახეობაა, რომელიც ნამდვილი ხისგან მზადდება. მისი ყველა ფენა ბუნებრივი მასალისგანაა შექმნილი და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის.

ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რის გამოც მომხმარებლები ხშირად ლამინატზე აკეთებენ არჩევანს ის არის, რომ ლამინატის მოვლა ბევრად უფრო მარტივია. პარკეტის იატაკი დაახლოებით ორ წელიწადში ერთხელ, სპეციალური ზეთის დახმარებით იწმინდება, ხოლო ლამინატის გასუფთავება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც საკმაოდ მარტივად, სველი ქსოვილის საშუალებით ხდება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლამინატი უფრო კარგად ატარებს სითბოს და მათთვის, ვისაც სახლში იატაკქვეშა გათბობის სისტემა აქვს, ლამინატის გამოყენება უფრო ეფექტურია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი იატაკის საფარი ერთმანეთს ძალიან ჰგავს, პარკეტს უფრო მეტი ყურადღება და გაფრთხილება სჭირდება. მზის სხივებმა შეიძლება გამოიწვიოს მისი დაზიანება, ფერის დაკარგვა ან გამუქება, რის შედეგადაც იატაკის მთლიანად გამოცვლა დაგჭირდებათ. პარკეტისგან განსხვავებით, ლამინატი ნებისმიერი სახის სინათლეს ერთნაირად უმკლავდება და სპეციალური გარემო-პირობები არ სჭირდება.

ფასი ის გადამწყვეტი საკითხია, რის გამოც ადამიანები ლამინატზე აკეთებენ არჩევანს. პარკეტი არა მხოლოდ უფრო ძვირი ღირს, არამედ მისი დაზიანების შემთხვევაში, შეცვლა ან გაწმენდაც საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ. რაც შეეხება ლამინატს, მას საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასი აქვს და ნებისმიერი ბიუჯეტის მქონე მომხმარებელზეა გათვლილი.

თანამედროვე სამყაროში ლამინატის უამრავი დიზაინი, ფერი და ხარისხი არსებობს. მომხმარებელს სასურველი იატაკის საფარის შეძენა სახლის ინტერიერის, ადგილმდებარეობისა და სხვა თვისებების მიხედვით შეუძლია. თანამედროვე ლამინატს 1930-იანი წლების მასალასთან საერთო აღარაფერი აქვს.

არსებობს ლამინატის ისეთი სახეობებიც, რომლებიც წლის მიმართ განსაკუთრებული გამძლეობით გამოირჩევიან და ასეთი ლამინატის დაგება აბაზანაშიც კი შესაძლებელია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ლამინატის იატაკის საფარის გამოყენება უფრო მეტად კომფორტულია, ვიდრე პარკეტის.

მაგრამ მათთვის, ვისთვისაც ბიუჯეტი გადამწყვეტ ფაქტორს არ წარმოადგენს, პარკეტი უკეთესი არჩევანია. სახლში ბუნებრივი ხის იატაკი დახვეწილობისა და სიმდიდრის ეფექტს ქმნის და რაც ყველაზე მთავარია, ის ეკოლოგიურად სუფთა მასალაა. ამას გარდა, ცენტრალური გათბობის არ ქონის შემთხვევაში, პარკეტი სახლში სითბოს უკეთ იჭერს, ვიდრე ლამინატი.

პარკეტი უკეთესი არჩევანია მათთვისაც, ვისაც რაიმე სახის ალერგია აწუხებს, რადგან იატაკის საფარის ზოგიერთი სახეობა ალერგიული მასალისაგან მზადდება, პარკეტი კი სრულიად ანტი ალერგიული მასალით მზადდება.

შეჯამების სახით, მანამ სანამ ამ ორ იატაკის საფარს შორის არჩევანს გააკეთებდეთ, განსაზღვრეთ რა არის თქვენთვის პრიორიტეტული, გაითვალისწინეთ სახლში არსებული გათბობის სისტემა, მდებარეობა, ბიუჯეტი და სხვა ფაქტორები, რაც არჩევანის გაკეთებას გაგიადვილებთ.

რა უნდა გაითვალისწინოთ თუ სახლში გაზის გამათბობელი გვაქვს? – 6 პრაქტიკული რჩევა

სახლი მიწის ქვეშ – WillemsenU-ს არქიტექტურული ნამუშევარი