in

რა არის ვინილის იატაკის საფარი და როგორია მისი ღირებულება ქართულ ბაზარზე?

ვინილი გამძლე და წყალგაუმტარი, მრავალფენიანი იატაკის საფარია. ამ ტიპის იატაკს სხვანაირად ვინილის ლამინატს ან კვარც-ვინილის იატაკსაც უწოდებენ. თანამედროვე ფორმით ის შედარებით ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, თუმცა აქტიურად იკავებს ადგილს საცხოვრებელ და საზოგადოებრივ სივრცეებში.

დღევანდელ სტატიაში გიამბობთ მრავალფენიანი ვინილის იატაკის შესახებ, რომელსაც სახლის ინტერიერში იყენებენ, თუმცა არსებობს ისეთი ვინილის საფარიც, რომელიც რულონების სახით იჭრება და აქვს ერთგვაროვანი სტრუქტურა. ამ ტიპის მასალას დიდი ობიექტებისთვის იყენებენ. მას ხშირად კომერციულ ვინილსაც უწოდებენ.

როგორია ვინილის იატაკის სტრუქტურა?

სტრუქტურაში ფენების რაოდენობა შეიძლება მწარმოებლების მიხედვით განსხვავდებოდეს, თუმცა რამდენიმე კომპონენტი თითქმის ყველა ვინილს ახასიათებს:

PVC-ის ბაზა, რომელიც შეიძლება გაძლიერდეს და გამყარდეს მინის ან კვარცის ქვიშის დამატებით და პასუხისმგებელია იატაკის საფარის სიმტკიცეზე.

დეკორატიული ფენა, რომელიც პასუხისმგებელია გარეგნულ მახასიათებლებზე.

დამცავი ფენა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ვინილი არ გაიცვითოს და შეინარჩუნოს ფერი.

როგორ გამოიყურება ვინილის იატაკი?

ამ ტიპის იატაკის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი მრავალფეროვანი დიზაინია. ვინილი შეიძლება ჰგავდეს ხეს, მაგალითად მუხას ან ფიჭვს, ან გამოიყურებოდეს ისე, როგორც პარკეტი. ასევე არსებობს კერამიკული ფილების, ბეტონის, ტექსტილის და სხვა მსგავსი სახის ვინილის იატაკის საფარიც. იატაკის საფარი შეიძლება იყოს გლუვი, ტექსტურირებული ან შედარებით უხეში.

ვინილი ასევე განსხვავდება სიპრიალის ხარისხით: სრულიად მქრქალიდან პრიალამდე. იგი მარტივად იჭრება და გაძლევთ შესაძლებლობას, თქვენი ინდივიდუალური სურვილების რეალიზაცია სწრაფად და მაქსიმალური სიზუსტით მოახდინოთ.

ვინილის იატაკის საფარის ფორმები

რულონები მოსახერხებელია დიდი სივრცეებისთვის, მათი ზომა არის დაახლოებით 2×25მ და მონტაჟი ხდება წებოს გამოყენებით.

ფიცარი ძირითადად გამოიყენება ხის იმიტაციის შესაქმნელად. ამ სახის ვინილს ხშირად ვინილის ლამინატს უწოდებენ. ზომები განსხვავდება, თუმცა სიგანე დაახლოებით 150-190მმ-ია, ხოლო სიგრძე 900-1300მმ.

ფილები გვხვდება ძირითადად კვადრატული ან მართკუთხა. დიზაინერების კოლექციებში ისინი სხვადასხვა პოლიგონების სახითაა წარმოდგენილი, რომლებიც შეგიძლიათ ცალ-ცალკე შეარჩიოთ და საკუთარი დიზაინი შექმნათ. ამ სახის ფილები ზომით განსხვავდება, შეიძლება შევხვდეთ როგორც 450×450მმ, ასევე 1300×320მმ ზომის ფილებს.

მიზნის მიხედვით, ვინილი კლასიფიცირდება დანიშნულებიდან გამომდინარე

საყოფაცხოვრებო – ვარგისია დაბალი დატვირთვის მქონე საცხოვრებელ შენობებში დასამონტაჟებლად.

კომერციული – განკუთვნილია მაღალი დატვირთვის მქონე საჯარო სივრცეებისთვის (რესტორნები, კაფეები, ოფისები, სასტუმროები, შოურუმები, მაღაზიები და ა.შ.).

სამრეწველო – შესაფერისია კომერციული და სამრეწველო ფართებისთვის, სადაც იატაკის საფარის დატვირთვა ძალიან დიდია.

ვინილის იატაკის საფარის უპირატესობები

ვინილის გარეგნულ მახასიათებლებზე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა მას კიდევ მრავალი უპირატესობაც აქვს.

მდგრადია ტენიანობის მიმართ – მისი მოთავსება შესაძლებელია როგორც აბაზანაში, ასევე სამზარეულოშიც.

გამძლე და ელასტიკურია – მასზე სიარული საკმაოდ სასიამოვნოა და მარტივად არ ემჩნევა სიარულის კვალი.

არ ახასიათებს ხმაური – ვინილი არ არის ისეთი მყარი, როგორც ლამინატი ან ფილა, ამიტომ ის მაქსიმალურად შთანთქავს ხმაურს, ეს კი ქმნის აკუსტიკურ კომფორტს როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი მეზობლებისთვის.

თბილია – ის არ უშვებს სითბოს ოთახის გარეთ და მასზე ფეხსაცმლის გარეშე სიარულიც საკმაოდ კომფორტულია.

მდგრადია ტემპერატურის ცვლილებების მიმართ – ამის ხარჯზე შესაფერისია იატაკქვეშა გათბობისთვისაც.

ადვილი მოსავლელია – სისუფთავის შესანარჩუნებლად საკმარისია რეგულარული სველი წმენდა. ვინილი არ იზიდავს მტვერს და გაწმენდა შესაძლებელია ნებისმიერი ნეიტრალური სარეცხი საშუალებით.

უსაფრთხოა – სანდო მწარმოებლების მაღალი ხარისხის ვინილის იატაკის საფარი უსაფრთხოა როგორც ადამიანებისთვის, ასევე გარემოსთვის. ისინი შედგება გადამუშავებადი ნედლეულისგან და არ შეიცავს/არ გამოყოფს მავნე ნაერთებს.

ამ ტიპის იატაკის საფარს ბევრი უარყოფითი მხარე არ აქვს, თუმცა ვინაიდან ვინილის იატაკის საფარი საკმაოდ თხელია (2-5მმ), ბაზა უნდა იყოს იდეალურ დონეზე გასწორებული, ზოგჯერ ამის მიღწევა საკმაოდ რთულია და დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

როგორია ვინილის იატაკის საფარის ღირებულება

საქართველოში ვინილის ნაჭრები ფორმის, ზომის და დიზაინის მიხედვით განსხვავდება და სტანდარტული ზომის (1200×180მმ) მქონე ნაჭრის ფასი დაახლოებით 45 ლარიდან იწყება, ხოლო მისი დაგება (1 კვადრატული მეტრის გათვალისწინებით), დაახლოებით, 25 ლარი ჯდება.

7 ფერი ექსტერიერში, რომელთა გამოყენებასაც დიზაინერები ყველაზე ხშირად გვირჩევენ

სახლი ამსტერდამში მაღალი ჭერითა და მრავალფეროვანი ბაღით