in

ბინის ინტერიერით დაწყებული საყვარელი საქმე — ინტერვიუ „Wohnung-Architects”-ის დამფუძნებლებთან

დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ არქიტექტურისა და დიზაინის სტუდია  „Wohnung-Architects”-ის დამფუძნებლებს —  სალომე სიხარულიძესა და ეკატერინე ჩხეიძეს, რომელთა შემოქმედებაში მთავარ როლს ფუნქციური, მინიმალისტური, სადა და დახვეწილი სივრცეები ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ სტუდიას არც ისე დიდი ხნის ისტორია აქვს, ის საკმაოდ წარმატებით და აქტიურად ფუნქციონირებს დიზაინის მიმართულებით. როგორც ჩვენი რესპონდენტები აღნიშნავენ, არქიტექტურით ბავშვობიდან დაინტერესებულები იყვნენ და მცირე ასაკიდან ცდილობდნენ სხვადასხვა ტიპის სივრცეების მოწყობას წარმოსახვით თუ რეალურად. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, დამოუკიდებელი გამოცდილებების მიღებასთან ერთად, სალომემ და ეკატერინემ  საერთო საქმიანობის დაწყება და სტუდია „Wohnung-Architects“-ის დაარსება გადაწყვიტეს, რომლის ისტორიასაც დღეს ჩვენს მკითხველს უზიარებენ.

როდის დაინტერესდით არქიტექტურით? რამდენად იმოქმედა თქვენს პროფესიულ არჩევანზე გარემომ, რომელშიც გაიზარდეთ? 

ეკატერინე ჩხეიძე — არქიტექტურასთან ბავშვობიდან ვარ დაკავშირებული. ბაბუაც და მამაც არქიტექტორები იყვნენ. ამიტომ ეს გარემო ჩემთვის უცხო არასდროს ყოფილა. პირიქით, ჩემი ყოველდღიურობა არქიტექტურას უშუალოდ უკავშირდებოდა. მამას ძალიან კარგი წიგნების კოლექცია ჰქონდა, როგორც არქიტექტურაზე, ასევე ზოგადად, ხელოვნებაზე. მახსოვს, პეტრე ოცხელის ესკიზები განსაკუთრებით მომწონდა. მოგვიანებით ხატვამ გამიტაცა. ამიტომ თავიდან თეატრის მხატვრობა მინდოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, არქიტექტურამ მეტად დამაინტერესა და საბოლოოდ, ამ პროფესიაზე შევაჩერე არჩევანი.

სალომე სიხარულიძე — ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა სახლები. თითქმის ყველა სახლში, სადაც კი მოვხვდებოდი, სივრცეებს ვაკვირდებოდი და წარმოსახვით ვალაგებდი გეგმარებას. მიყვარდა “შტაბებისა” თუ თოჯინების სახლების მოწყობა. ხის სათამაშო ავეჯი მქონდა, რომლის დახმარებითაც კარადებსა და უჯრებში  სხვადასხვა ტიპის სივრცეებს ვაწყობდი. იმ წიგნებშიც კი, რომლებსაც ვკითხულობდი, ინტერიერის ან ქალაქის არქიტექტურულ აღწერებს ვაკვირდებოდი და მათ დეტალურად წარმოვიდგენდი. ალბათ ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემი პროფესიული არჩევანიც. თუმცა, მახსოვს, უნივერსიტეტში ჩაბარებისას დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი დიზაინის რომელი განხრა ამერჩია. სწორედ ამ დროს, არქიტექტორმა დეიდამ მირჩია, არქიტექტურა მესწავლა, რადგან  ეს სფერო ყველაფერს მოიცავსო. ახლანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე ძვირფასი და სასარგებლო რჩევა იყო, რაც კი მიმიღია.

შემდეგ როგორ წარმართა თქვენი პროფესიული გზა?

ეკატერინე ჩხეიძე — განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მივიღე. გამიმართლა და ძალიან კარგ ჯგუფში აღმოვჩნდი, ბევრი მეგობარი შევიძინე, რომლებთანაც დღემდე ახლო ურთიერთობა მაქვს. რაც მთავარია, მათი უმეტესობა არქიტექტურას გაჰყვა და დღესაც ძალიან აქტიურად საქმიანობენ ამ სფეროში. მესამე კურსზე, მეგობრებთან ერთად (სალომე სიხარულიძე, ნინო მშველიძე, ირაკლი ჩოჩია, ოთო ნემსაძე, ირაკლი აბაშიძე) სახელოსნო გავაკეთე, სადაც საკურსო მაკეტებსა და პროექტებზე ვმუშაობდით. ბევრი შრომის მიუხედავად, ყველას ძალიან გვიყვარდა სახელოსნოში მისვლა და საქმის კეთება. ხშირად, საკურსო პროექტების ხაზვაში ღამეებსაც ვათენებდით (ყოველთვის ერთი დღე  გვაკლდებოდა საკურსოს ჩასაბარებლად და გათენება გვიწევდა. ამიტომ ამბობენ ხუმრობით, არქიტექტორს ყოველთვის ერთი ღამე აკლდება პროექტის დასრულებამდეო). სტუდენტობის პერიოდი განსაკუთრებით კარგად მახსენდება და ჩემთვის დღემდე საუკეთესო ეპიზოდად რჩება.

სალომე სიხარულიძე — ეკას მსგავსად, მეც ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე, სადაც ფანტასტიკური სტუდენტური წლები გავატარე. სწავლის პერიოდში ჯერ კიდევ ენერგოკრიზისი იყო ქვეყანაში და ცივ აუდიტორიებში გვიწევდა სიარული, ინტერნეტიც “ახალი ხილი” გახლდათ და ინფორმაციის მოპოვება გვიჭირდა. არც უცხოურ წიგნებთან გვქონდა წვდომა. მახსოვს, ბიბლიოთეკაში მხოლოდ ერთი წიგნი მოიპოვებოდა თანამედროვე არქიტექტურის შესახებ, რომელიც გამოცდისთვის გვჭირდებოდა. გაგვიმართლა და ჩვენს მეგობარს, დიმიტრი შაფაქიძეს ეს წიგნი აღმოაჩნდა, რამაც ფაქტობრივად, გადაგვარჩინა. ასევე ეკას მამას, ალექსანდრე ჩხეიძეს, თანამედროვე წიგნების ძალიან კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდა. უმეტესობა უცხო ენებზე იყო და მათ იმ პერიოდში რთულად თუ მოიპოვებდი საქართველოში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვთვლი, რომ გამიმართლა და სხვადასხვა გზებით არქიტექტურაზე ცოდნას ვიღრმავებდი. პროფესიაში მთავარია, შენს თავზე მუდმივად იმუშაო და ეცადო, რაც შეიძლება მეტი მიიღო ყველაფრიდან. მნიშვნელოვანია, რამდენად გაინტერესებს და გიზიდავს შენი სფერო, რამდენად ღრმად ჩაეფლობი მასში. ამის გარეშე რამის მიღწევა წარმოუდგენელია. მუდმივად უნდა ისწავლო და იმუშაო საკუთარ თავზე, იმოგზაურო, იბოდიალო, ნახო ბევრი ფილმი, წაიკითხო ბევრი წიგნი, მოუსმინო მუსიკას, გაიცნო საინტერესო ადამიანები… ყველა შთაბეჭდილება და გამოცდილება კი გონებაში ილექება და შემდეგ საქმის კეთებაში გეხმარება.

გაიხსენეთ კარიერაში ის ეტაპები, რომლებმაც თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა განსაზღვრა

ეკატერინე ჩხეიძე — 2005 წლიდან, სალომესთან ერთად, სტაჟირებას გავდიოდი ერთ-ერთ არქიტექტურულ კომპანიაში. 2006 წლიდან კი უკვე აქტიურად დავიწყე მუშაობა. წლების განმავლობაში არაერთ კომპანიასთან მითანამშრომლია, მაგრამ გამოვარჩევდი „არქიტექტურის ლაბორატორია #3-ს“ (LOA). არამარტო იმიტომ, რომ ჩემი მეგობრების დაფუძნებულია, არამედ იმიტომაც, რომ განსაკუთრებით საინტერესო პროექტებზე მომიწია მუშაობა. გარკვეული პერიოდი გერმანიაში ვცხოვრობდი და დაბრუნების შემდეგაც მე და სალომემ ერთ-ერთ კომპანიაში დავსაქმდით. ყოველთვის გვინდოდა საქმის ერთად კეთება და პირველად სწორედ მაშინ დავიწყეთ ინტენსიური ფიქრი იმაზე, რომ დამოუკიდებელი კომპანია შეგვექმნა.

სალომე სიხარულიძე ­— სწავლის დამთავრების შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან  საოცარ გარემოში, ძალიან საინტერესო და პროფესიონალი ხალხის ხელში – ლევან მუშკუდიანის და გაგა კიკნაძის სახელოსნოში მოვხვდი, სადაც შევისწავლე ყველაფერი და დიდი პრაქტიკული გამოცდილება დავაგროვე. სწორედ ამ გარემოში ჩამომიყალიბდა ხედვები, პროფესიული პრინციპები, გუნდური მუშაობის უნარები. ლევან მუშკუდიანისა და გაგა კიკნაძის სახელოსნო ჩემთვის გახდა სტანდარტი, მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს საპროექტო კომპანია. აქ გავიცანი ბევრი საინტერესო პროფესიონალი და ადამიანი, რომლების ძალიან მადლიერი ვარ ცოდნის გაზიარებისთვის და დღემდე ჩემს მეორე ოჯახად მივიჩნევ.

ვისაუბროთ „Wohnung-Architects”-ის შექმნის ისტორიაზე, საიდან გაჩნდა ეს სახელი?

სალომე სიხარულიძე — სულ გვინდოდა ჩვენი სტუდია შეგვექმნა. მიუხედავად სხვადასხვა სამსახურისა, მაინც ვახერხებდით, რომ მცირე საერთო პროექტებიც გვქონოდა. წლების შემდეგ მივხვდით, რომ დრო იყო, მხოლოდ საკუთარი საქმე ვგეკეთებინა. ნამდვილად არ არის მარტივი კომფორტის ზონიდან გამოსვლა და  დამოუკიდებლად კარიერის დაწყება, მაგრამ სხვაგვარად არ გამოდის, ეს აუცილებელია.

ეკატერინე ჩხეიძე — კომპანიის სახელზე ბევრი ვიფიქრეთ, ბოლოს “Wohnung-Architects” („ვონუნგ“) დავარქვით, რადგან ჩვენი პირველი პროექტი ბინის ინტერიერი იყო, „Wohnung“ კი გერმანულად ბინას ნიშნავს. როგორც ჩანს, ჩემმა გერმანულმა გამოცდილებამ იქონია გავლენა სახელის მოფიქრებაზე. თავად გერმანული ენაც ძალიან მომწონს. თან სტანდარტული სახელწოდებაც არ გვინდოდა. საქართველოში ხომ, როგორც წესი, კომპანიის სახელები არქიტექტურული ტერმინებით შემოიფარგლება ხოლმე. ამიტომ, ჩემი აზრით, ჩვენს სტუდიას საინტერესო სახელი აქვს. ამასთანავე, პროექტების უმეტესობა ბინის ინტერიერებს მოიცავს და სტუდიის სახელწოდება  საქმიანობაშიც ვლინდება.

როგორი იყო თქვენი კომპანიის პირველი ნაბიჯები, რა სირთულეები შეგხვდათ ამ პროცესში?

პირველი ნაბიჯები რთული იყო. ახლაც ვთვლით, რომ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვართ. საქმე პანდემიის დროს წამოვიწყეთ. ზუსტად მაშინ, როდესაც სრული პანიკა იყო მსოფლიოში და თბილისში. გავაკეთეთ პროექტი იმ დროს, როცა ყველაზე რთული იყო მასალების მოძიება და ობიექტზე სიარული, რადგან ყველაფერი ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, შედეგი ძალიან კარგი მივიღეთ. სირთულეები მუდმივად ახლავს თან ამ საქმეს, ყოველთვის გიწევს ახალ გამოწვევებთან გამკლავება, მთავარია არ დანებდე და წინსვლა განაგრძო.

გვიამბეთ თქვენი მუშაობის ფილოსოფიაზე, რა მიდგომებს იყენებთ შემოქმედებით პროცესში, რა არის ყველაზე მთავარი ამ დროს? 

„ფუნქცია ქმნის ფორმას“ – ალბათ ეს სიტყვები ჩვენი ხედვის ფილოსოფიას ყველაზე კარგად ასახავს. ინტერიერი არქიტექტურიდან მომდინარეობს, რადგან მისი ნაწილია. კარგი დიზაინის განმსაზღვრელი კი სწორი გეგმარება და განათებაა. მუშაობისას ვამჯობინებთ, საწყის ეტაპზე სივრცეში ტიხრები არ იყოს და ყველაფერს ნულიდან ვიწყებთ. მთავარი გამოწვევა დავალების სწორად შესრულება და ისეთი შედეგის მიღებაა, როგორიც კონკრეტულ დამკვეთს სურს. ამოცანის სირთულე უფრო საინტერესოს ხდის მიზნისკენ მიმავალ გზას. რაც უფრო რთულია ამოცანა, მით მეტია საინტერესო შედეგის მიღების შანსი.

უპირატესობას თეთრ სივრცეს ვანიჭებთ, ფერების შემოტანას კი ნივთებითა და ავეჯით ვცდილობთ, კონტრასტულ ჩანართებს ხშირად მივმართავთ. ვფიქრობთ, უკეთესია სივრცე ნეიტრალური იყოს, რადგან სამომავლოდ, ცვლილების საშუალება მოგვცეს. ამიტომ ფერად კედლებს და მკვეთრ ლაქებს ვერიდებით.

მუშაობის პროცესში შთაგონება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი რამიდან შეიძლება მივიღოთ, თუნდაც შვილთან თამაშისას. რაც მეტ ინფორმაციას იღებ გარემოდან, მით მეტი შთაგონება ჩნდება. შესაბამისად, განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თავად სფერო სწრაფად ვითარდება, საჭიროა მუდმივად ფეხი აუწყო მას. ამიტომ ვცდილობთ, მუდმივად გავეცნოთ სიახლეებს, ახალ მასალებს, ტექნოლოგიებს, რადგან ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფორმა და დიზაინი. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი მუშაობისას.

როგორ დაახასიათებდით თქვენს ხელწერას და ნამუშევრებს?

ჩვენი გვაქვს მინიმალისტური ხედვა, გვიყვარს ნათელი და ღია სივრცეები. ყველაფერი უნდა იყოს მხოლოდ ფუნქციური და პრაქტიკული. არ ვართ ე. წ. „ტენდენციების“ მომხრე, რადგან ამგვარი მიდგომა მდგრად დიზაინს არ ქმნის. პროექტზე მუშაობის დროს ჯერ სივრცეს ვაკვირდებით, კარგად ვსწავლობთ მის მდებარეობას, განათების მდგომარეობას. მუშაობის პროცესში ჩნდება იდეები და კეთდება პირველადი მონახაზები. ამ დროს ვცდილობთ, არაფრის გავლენის ქვეშ არ მოვექცეთ და მხოლოდ დამკვეთის სურვილებსა და მოლოდინებზე ვკონცენტრირდეთ. ჩანახატების შემდეგ, რომელსაც მუდმივად ვამუშავებთ, პროექტი მეორე ეტაპზე გადადის, რა დროსაც დამკვეთთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რაც ყველაზე რთული მისიაა.

ვთვლით, რომ კრეატიულობის გარდა, პროექტის განხორციელებისას მნიშვნელოვანია მუდმივი მობილიზება და ყურადღება, რადგან ყოველ წუთს შეიძლება რთული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოს. მზად უნდა იყო ტექნიკური პრობლემების გადასაჭრელად ნებისმიერ დროს. სწორედ ეს მიდგომები განაპირობებს ჩვენს ხელწერას და სასურველ შედეგს, როგორც დამკვეთისთვის, ასევე ჩვენთვის.

თქვენს რომელ ნამუშევრებს გამოარჩევთ?

გამოვარჩევდით კლინიკას, რომელიც საინტერესო გამოცდილება იყო ჩვენთვის. ასევე  ბინას ანჯაფარიძის ქუჩაზე, რაც ასევე ძალიან საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა, რადგან მუშაობის პროცესში, თაბაშირ-მუყაოს მოხსნის დროს, შემთხვევით ძველი მოხატული ჭერები აღმოვაჩინეთ, რამაც პირველადი კონცეფცია შეგვაცვლევინა და განსხვავებული მიმართულებით წარმართა პროექტი.

ბინა ანჯაფარიძის ქუჩაზე

ვისაუბროთ არქიტექტურასა და დიზაინზე ზოგად კონტექსტში, როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ემსახურება ის თანამედროვე სამყაროში?

დღეს მსოფლიოში დამკვიდრდა საერთაშორისო სტილის არქიტექტურა, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ტიპის შენობა ნებისმიერ ადგილას შეიძლება განთავსდეს. აღარ არსებობს რომელიმე ქვეყნისთვის დამახასიათებელი კონკრეტული სტილი. იგივე ხდება ჩვენთანაც, ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ძველის და ავთენტურის შენარჩუნება. ცხადია, ეს არ გულისხმობს ახლის უარყოფას, აუცილებელია ქალაქი განვითარდეს, მაგრამ არა მისი ისტორიის ნგრევის ხარჯზე. ნელ-ნელა ქრება პატარა სახლები, რომელთა არსებობაც ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის ისტორიისთვის. არქიტექტურა ხომ ისტორიაა, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა პერიოდებს, პოლიტიკურ წყობას თუ ეკონომიკურ მდგომარეობას ასახავს. ამიტომ, არქიტექტურის როლი უმნიშვნელოვანესია, ინტერიერი კი უფრო კამერული, კონკრეტულ ადამიანზე მორგებული კომფორტის საკითხია, რომელსაც თავად დამკვეთი ირჩევს ინტერიერის დიზაინერთან ერთად. მისი მისია, არქიტექტურასთან შედარებით, მცირე პასუხისმგებლობითაა დატვირთული.

განვავრცოთ ეს თემა და ვილაპარაკოთ იმ ძირითად გამოწვევებზე, რაც დღეს ქართულ არქიტექტურულ თუ დიზაინ სივრცეში არსებობს

მნიშვნელოვანი გამოწვევა გვგონია შეხედულება, რომ ეს პროფესია მარტივი და სახალისოა. ამის გამო გვხვდება არაერთი სამთვიანი კურსი, რაც ცოტა საშიშია, რადგან მცირე დროში პროფესიის სრულად დაუფლებას გვპირდება. რეალურად, არქიტექტორისა და დიზაინერის საქმე ბევრად მეტ ცოდნას მოითხოვს და საკმაოდ რთულია, რადგან დიდ სიფრთხილეს საჭიროებს.

დღეს საქართველოში ბევრი პროფესიონალია, თუმცა დიზაინერის ყოლა ერთგვარი ფუფუნებაცაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, დამკვეთს სწორად ჰქონდეს გააზრებული რისთვის ირჩევს დიზაინერს, რაც ხშირად არ ხდება. მიდგომა, რომ ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, როგორც დამკვეთს სურს, არასწორია. თუ გყავს დიზაინერი, უნდა იცოდე, რომ პირველ რიგში, შემოქმედებით პროცესთან გაქვს საქმე და მას საშუალება უნდა მისცე, რაიმე უნიკალური შექმნას (მეპატრონის მოთხოვნების გათვალისწინებასთან ერთად). შესაბამისად, მნიშვნელოვანია პროფესიონალი კადრი არ შეზღუდო და თავისუფალი სამუშაო პირობები შეუქმნა.

ამასთანავე, ვფიქრობთ, რომ კიდევ ერთი გამოწვევა ინვესტორების მიზნებს უკავშირდება, რომელთა ინტერესები, ხშირ შემთხვევაში, ესთეტიკურ მხარეზე მაღლა დგას. დღეს არქიტექტურა უფრო კომერციული საქმე გახდა, ვიდრე შემოქმედებითი, რის გამოც ქალაქის სახე ნელ-ნელა ქრება.

როგორ ფიქრობთ, რამდენად ხარისხიან პროდუქტს სთავაზობენ დღეს დიზაინერები ქართველ მომხმარებლებს, რამდენად შეესაბამება ის მსოფლიო სტანდარტებს? 

დღეს იმდენი ინფორმაციის წყარო არსებობს, რომ თუ თვალს ადევნებ მსოფლიო მოვლენებს, რთულია არ იცნობდე მიმდინარე ტენდენციებს. ჩვენ ირგვლივ ყველა პროფესიონალი მომხმარებელს მაღალი სტანდარტის შესაბამის პროდუქტს ნამდვილად სთავაზობს, რაც ხარისხიანი შესრულებით მიიღწევა, რადგან მოგეხსენებათ, „ღმერთი დეტალებშია” და უფრო მეტი მუშაობა, განვითარება, ახალი ტექნოლოგიების, მასალების გაცნობაა საჭირო, რათა ყოველი მომდევნო პროექტი ბევრად უფრო საინტერესო და ხარისხიანი გამოვიდეს.

დაბოლოს, რას გვეტყვით მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე?

საქართველოში არსებობს სტერეოტიპი, რომ არქიტექტურა კაცის საქმეა, ინტერიერის დიზაინი კი ქალის. ეს, ცხადია არასწორია. ამიტომ ვისურვებდით მეტ არქიტექტურულ პროექტს. საერთოდ, მუშაობისას ყველაფერი ხდება, არის შემთხვევები, როდესაც დამკვეთი ვერ გვიგებს, ან ჩვენ ვერ ვეწყობით მას და ზოგჯერ პროექტი პროექტად რჩება, მაგრამ ეს ბუნებრივი პროცესია. დღესდღეობით ვმუშაობთ საცხოვრებელი სახლების ინტერიერზე, საზოგადო სივრცეებზე და ვთვლით, რომ მთავარი პროექტები ჯერ კიდევ წინ არის.

ავტორი: მეკო მეტრეველი

იატაკის საფარი სამზარეულოში – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის

პოლ ჰენინგსენი – განათების დიზაინერი და საკულტო “PH 5” სანათის შემქმნელი