in

ბარი განახლებული ვიზუალით და კონცეფციით – Material Editors-ის ნამუშევარი ვერაზე

ვერაზე, ჯანაშიასა და ხორავას ქუჩების კვეთაზე განთავსებული ახალი ბარი თბილისის ურბანულ ქსოვილში განსაკუთრებული ხასიათით ერთვება. სტუდია Material Editors-ის მიერ განხორციელებული ეს პროექტი მოითხოვდა არსებული სივრცის სრულ ტრანსფორმაციას — როგორც არქიტექტურულად, ისე ატმოსფერულად. მიზანი იყო სივრცის განახლება იმ ფორმით, რომ მას შესძლებოდა დღის განმავლობაში ბარის, ხოლო საღამოს დახვეწილი რესტორნის ფუნქციის შეთავსება. დამკვეთის მთავარი მოთხოვნა იყო უნიკალურობის შექმნა ფორმითა და შინაარსით.

ინტერიერის კონცეფცია აშენდა ერთ ფერზე — მუქ ღვინისფერზე, რომელიც არამხოლოდ სივრცის ემოციურ დატვირთვას უზრუნველყოფს, არამედ არქიტექტურულად აერთიანებს ძველ და ახალ მოცულობებს. ფერთა დანარჩენი პალიტრა ნეიტრალურია და ეხმიანება სხვადასხვა მასალას. გლუვი ზედაპირები, მეტალის ელემენტები და ბუნებრივი მასალები — ფანერა, აგური, ქვა — ქმნის ფენოვან, სენსორულ გარემოს, რაც დრამატული ეფექტის მიღწევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

160 კვადრატულ მეტრზე განლაგებული სივრცე მოიცავს რამდენიმე ზონას: ბარის ცენტრალურ სივრცეს, საერთო სასადილო სივრცეს, ნახევრად ინტიმურ ნიშებს, -1 სართულზე განლაგებულ ლაუნჯ ზონას, ნახევრად ღია სამზარეულოსა და სველი წერტილებს. სივრცის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო მრავალდონიანი მოცულობების ფუნქციური და ვიზუალური ინტეგრაცია ისე, რომ არ დარღვეულიყო ატმოსფერული მთლიანობა. ამასთან, პროექტმა მოითხოვა ინჟინრული სისტემების გათვალისწინება ძველ ინტერიერში ისე, რომ სივრცის ახალი იდენტობა ბუნებრივად ჩამოყალიბებულიყო.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბარის ორ ცენტრალურ მოდულს, რომლებიც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მასალით — ფანერითა და აგურით — შეიქმნა. ეს ორი ბარი წარმოადგენს სივრცის კომპოზიციურ ბირთვებს: ისინი განსაზღვრავს მოძრაობის მიმართულებას, ქმნის სიმძიმის, სიმყარისა და ცენტრალიზებული ორგანიზებულობის განცდას.

ავეჯი სპეციალურად შეიქმნა ამ სივრცისთვის და მისი ყველა დეტალი ინტეგრირებულია კედლების არქიტექტურასთან — რაც ორგანულობისა და ლაკონურობის განცდას ქმნის. მხოლოდ სკამებია ძველი, გადამუშავებული და რესტავრირებული, რაც სივრცეს მატებს დამატებით ისტორიულ შტრიხს. დიზაინერებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ტექსტურების კონტრასტზე — რბილი ჩალისფერი ტყავი ერწყმის გლუვ ლითონს და ბრუტალურ კედლებს, რის შედეგადაც მიღებულია ინტერიერი, რომელიც ცოცხალი, მოძრავი და მრავალშრიანია.

განსაკუთრებული შთაბეჭდილების მომტანია -1 სართული — თავდაპირველად გაუმართავი და აუთვისებელი სივრცე, რომელიც გადაიქცა ინტიმურ ლაუნჯ ზონად. განათების, ფერისა და ტექსტურის მეშვეობით, ეს სივრცე ქმნის განცდას, თითქოს სტუმარი დროებით ტოვებს ქალაქის ხმაურს და გადადის სხვა განზომილებაში — უფრო მშვიდსა და დაცულში.

სამუშაო პროცესში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენდა პროექტის პარალელურად განხორციელება და პროცესში კონცეფციის ევოლუცია. საჭირო იყო მოქნილი მიდგომა და ყველა ელემენტის სწრაფი ადაპტაცია საერთო ხედვასთან. სწორედ ამ რთული და ცვალებადი პროცესის შედეგად დადგა ის შედეგი, რასაც დღეს ეს სივრცე წარმოადგენს — დრამატული, მდიდარი, სენსორული გარემო, სადაც მკვეთრი კონტრასტი სინათლესა და სიბნელეს შორის არამხოლოდ ვიზუალური ეფექტია, არამედ ემოციური გამოცდილება.

Material Editors-ის ეს პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინტერიერის დიზაინი მხოლოდ ესთეტიკა კი არა, სივრცის ფსიქოლოგიის ფორმირებაა — იქ, სადაც ვიზუალური, ტაქტილური და ფუნქციური ხასიათი ერთიანდება კულტურულად დამახსოვრებად გამოცდილებად.

პროექტის ავტორი: Material Editors 

ფოტოგრაფი: გრიგორი სოკოლინსკი

რეზიდენცია Villa LOHA მარაქეშში – E-H Atelier d’Architectures-ის ნამუშევარი

თოლია ასტახიშვილის გამოფენა “to love and to devour” ვენეციაში